ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას, ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაციას, ცენტრალური აზიისა და კავკასიის სოფლად საკონსულტაციო სერვისების ფორუმს, სოფლის საკონსულტაციო სერვისების გლობალურ ფორუმსა და შვეიცარიის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ასოციაციას შორის
მიმდინარე წლის 26 აპრილს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას, ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაციას, ცენტრალური აზიისა და კავკასიის სოფლად საკონსულტაციო სერვისების ფორუმს, სოფლის საკონსულტაციო სერვისების გლობალურ ფორუმსა და შვეიცარიის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ასოციაციას შორის.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, დოქტორი თინათინ ეპიტაშვილი, GFRAS-ის გენერალური მდივანი, დოქტორი კარლ ერიკ ლარსენი, AFRD-ის პრეზიდენტი, დოქტორი კახა ნადირაძე, GFRAS-ის პროგრამის მენეჯერი, დოქტორი ჯოეპ სლაატსი, CAC-FRAS-ის თავმჯდომარე, დოქტორი ბოდირ დოსოვი, GFRAS-ის კომუნიკაციების კოორდინატორი ქალბატონი ინგრიდ ოლივიერა, ინოვაციური განათლების ფონდის დირექტორი, ბატონი მერაბ ლაბაძე.
თანამშრომლობის საგანს წარმოადგენს: სოფლის საკონსულტაციო და გაფართოებული სერვისების განვითარება, სოფლის მეურნეობის მეცნიერებებისა და განათლების ციფრული ტრანსფორმაცია ისეთ სფეროებზე, როგორიცაა: აგროეკოლოგიური და აგრობიზნესის კოლეჯების განვითარება საქართველოში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, საოჯახო ფერმების, აგრეთვე სხვადასხვა მიმართულების ფერმებისა და ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერა.