მრგვალი მაგიდა - გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მიმართულებების კოორდინატორებთან
მიმდინარე წლის 16 მაისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილებაში შედგა შეხვედრა გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მიმართულებების კოორდინატორებთან. სხდომას ესწრებოდნენ: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის სტიპენდიატები: სატყეო მიმართულების კოორდინატორი, დოქტორი გიორგი ქავთარაძე და გარემოს დაცვის მიმართულების კოორდინატორი, დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი, აკადემიის წამყვანი სპეციალისტები: ლარისა ჩაიკა და ქეთევან ჭიპაშვილი, ასევე გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მიმართულების კოორდინატორთა ჯგუფის წევრები: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოზე მიყენებული ზიანის გამოსწორების ღონისძიებების დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების სამმართველოს უფროსი, დოქტორი ხათუნა წიკლაური, გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე არსენ ჩინჩალაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ტყის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი შალვა ნოზაძე.
მრგვალი მაგიდა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ. მან აუდიტორიას კიდევ ერთხელ შეახსენა დარგის კოორდინატორთა საქმიანობის მნიშვნელობა, ისაუბრა ქვეყანაში გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მიმართულებით საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტის საქმეში მათ მიერ შეტანილ წვლილზე. შემდეგ აკადემიკოსმა ლ. დოლიძემ სიტყვა გადასცა აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს გივი ჯაფარიძეს. აკადემიის პრეზიდენტმა გ. ჯაფარიძემ მოკლედ მიმოიხილა ქვეყნაში სატყეო მიმართულებით არსებული მდგომარეობა, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტყეებთან დაკავშირებულ პრობლემატურ საკითხებზე, მეტყევე-სპეციალისტების ღვაწლზე ქვეყანაში გარემოს დაცვასა და ტყეების დაცვის საქმეში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიომრავალფეროვნების სამმართველოს უფროსმა, ქალბატონმა ხათუნა წიკლაურმა აღნიშნა, რომ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება მეტად მნიშვნელოვანი საკითხია არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში. სამწუხაროდ ჩვენთან ამის გამოცდილება ნაკლებად გვაქვს. ამიტომ ქართველი სპეციალისტები მუდმივ კომუნიკაციაში არიან უცხოელ კოლეგებთან, რათა გაეცნონ მათ მიდგომებს, შეისწავლონ და საუკეთესო მეთოდები ჩვენთანაც დანერგონ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილემ არსენ ჩინჩალაძემ დამსწრე საზოგადოების ყურადღება შეაჩერა ტყის კოდექსის ახალ რეგულაციებზე, რომლის თანახმად დაცულ ტერიტორიებზე დაიგეგმა ხე-ტყის დამზადებასთან დაკავშირებული საქმიანობა (მოვლითი, სანიტარული ჭრები). ამასთან დაკავშირებით, ბატონი არსენის მიერ შედგენილი იქნა ინსტრუქცია, სადაც დეტალურად იქნა გაწერილი ჭრებთან დაკავშირებული ყველა წესი, მონიშვნა იქნება ეს, ჭრა, დამზადება, გატანა თუ სხვა.
რაც შეეხება სატყეო დეპარტამენტის ტყის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტს შალვა ნოზაძეს, მან ისაუბრა ტყის პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სადაც ძირითადი აქცენტი ტყის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზეა გადატანილი.
მრგვალი მაგიდის ბოლოს გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც განხილული იქნა დარგში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემები და დაისახა მათი გადაწყვეტის გზები.
მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ. მან მადლობა გადაუხადა აუდიტორიას მობრძანებისათვის და პრობლემატური საკითხების განხილვისას აქტიური ჩართულობისათვის.