საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნა
მიმდინარე წლის 5 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა თემატური სხდომა: „საქართველოში ბოლო პერიოდში გავრცელებული მცენარეთა საშიში ინვაზიური მავნებელ-დაავადებები”, რომელიც მიეძღვნა გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს.
სხდომას ესწრებოდნენ: აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის სტიპენდიატები: სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე და სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: ბიოლოგიის დოქტორი არჩილ სუპატაშვილი და ეკონომიკის დოქტორი გოჩა ცოფურაშვილი.
აუდიტორიის წინაშე ზემოაღნიშნული მოხსენებით „საქართველოში ბოლო პერიოდში გავრცელებული მცენარეთა საშიში ინვაზიური მავნებელ-დაავადებები” წარსდგა დოქტორი არჩილ სუპატაშვილი, რომელმაც მსმენელებს მოუთხრო ისეთი ინვაზიური მავნებელ-დაავადებების შესახებ, როგორებიცაა: ბზის ალურა, წაბლის კიბო, კვიპაროსის კიბო, ფაროსანა, ჭადრის ბაღლინჯო, ამერიკული თეთრი პეპელა, მუხის ბუსუსებიანი მეკაკლურა, წაბლის მენაღმე ჩრჩილი. მომხსენებელმა დაწვრილებით აღწერა ამ მავნებელთა ბიოლოგიური თავისებურებები, სასიცოცხლო ციკლი, მცენარეებზე მათ მიერ მიყენებული ზიანი. ბატონმა არჩილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ამ მავნებლების წინაღმდეგ გამოყენებულ ქიმიურ და ბიოლოგიურ საშუალებებზე. აღინიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ისეთი მცენარეების დაცვაზე, როგორებიცაა: კოლხური ბზა, წაბლი, ქართული მუხა, სოსნოვსკის ფიჭვი და სხვა რომლებიც ძვირფას მერქნიან ხე-მცენარეებს მიეკუთვნებიან.
თემატური სხდომის ბოლოს გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს, აკადემიკოსებმა: ა. დიდებულიძემ, ლ. დოლიძემ, დოქტორებმა: ზ. ტიგინაშვილმა, გ ქავთარაძემ, მ. ბარვენაშვილმა, გ. ცოფურაშვილმა. თემის ირგვლივ დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელზეც დოქტორმა ა. სუპატაშვილმა ამომწურავი პასუხები გასცა.
სხდომა შეაჯამა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ლ. დოლიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა დოქტორ ა. სუპატაშვილს საინტერესო მოხსენებისათვის, ხოლო დამსწრე საზოგადოებას თემატური სხდომის მუშობაში აქტიური მონაწილეობის მიღებისათვის.