ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2024
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და გამოფენების ცენტრი „ექსპოჯორჯიას“ ორგანიზებით 2024 წლის 7 ივნისს გაიხსნა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2024, რომელშიც მსოფლიოს 8 ქვეყნის 200-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა დიდმა და საშუალო კომპანიებმა, მცირე მარნებმა, წარმოდგენილი იყო შესაფუთი მასალები, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სანერგეები, მინა, აქსესუარები, სერვისები და სხვ. გამოფენა გახსნეს: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მონსტრის მოადგილემ, ბატონმა იური ნოზაძემ, გამოფენების ცენტრი „ექსპოჯორჯიას“ დირექტორმა რესან ქიქავამ და ბრიტანელმა ღვინის მაგისტრმა ტიკ ატკინმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა იური ნოზაძემ თავის მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ მსგავსი გამოფენები და ღონისძიებები საუკეთესო პლატფორმას წარმოადგენს ღვინის პოპულარიზაციისთვის, სადაც დაინტერესებულ კომპანიებს, იმპორტიორებსა და მეწარმეებს აქვთ საქმიანი კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოში ღვინის ინდუსტრიის სწრაფ განვითარებაზე, ღვინის მწარმოებელი ახალი კომპანიებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე. ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაუმჯობესდა ღვინის ხარისხი, შედეგად ყოველწლიურად იზრდება ქართული ღვინის ექსპორტიც. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება მომავალშიც.
გამოფენაზე აღინიშნა ისიც, რომ WinExpo Georgia 2024 ფარგლებში, გაიმართება რიგით მე-14 საერთაშორისო ღვინის კონკურსი Georgia International Wine Award, სადაც ღვინის საერთაშორისო ექსპერტები 220-მდე ღვინოს შეაფასებენ. გამარჯვებულები გამოვლინდებიან 7 კატეგორიაში. გაიცემა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები. კონკურსის ჟიურის თავმჯდომარეობას გაუწევს ღვინის მაგისტრი, მეღვინეობაზე ნარკვევების ავტორი ტიმ ატკინი (დიდი ბრიტანეთი).
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენის WinExpo Georgia 2024 გახსნას დაესწრნენ, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე.