გამოჩენილი მეცნიერ-აგრარიკოსი
გურამ ალექსიძე - 85
მიმდინარე წლის 30 ივლისს, დაბადებიდან 85 და სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 60 წელი შეუსრულდა გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს - გურამ ალექსიძეს.
გურამ ალექსიძე დაიბადა 1939 წელს ქ. თელავში ცნობილი მეცნიერ-აგრარიკოსის პროფესორ ნიკოლოზ ალექსიძის ოჯახში, 1957 წელს დაამთავრა თბილისის 31-ე საშუალო სკოლა და სწავლა გააგრძელა საქართველოს სასოფლო – სამეურნეო ინსტიტუტში, აგრონომიულ ფაკულტეტზე, მცენარეთა დაცვის განხრით, რომელიც 1962 წელს წარჩინებით დაამთავრა. ამავე წელს, სწავლა გააგრძელა მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1966 წელს მან წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1976 წელს - სადოქტორო დისერტაცია საკავშირო მცენარეთა დაცვის ინსტიტუტში (ქ. ლენინგრადი) და მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1989 წელს საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ მას მიანიჭა პროფესორის წოდება, 1992 წელს არჩეული იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად, ხოლო 2018 წელს კი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემის აკადემიკოსად.
13 წლის განმავლობაში ბატონი გურამი მუშაობდა მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის კვლევით ინსტიტუტში, 1973 წლიდან გადაყვანილი იქნა მცენარეთა დაცვის ინსტიტუტში, ჯერ ლაბორატორიის ხელმძღვანელად, ხოლო 1974 წლიდან დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში. ბატონი გურამი აქტიურად მონაწილეობდა დამოუკიდებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ჩამოყალიბებაში და მის შემდგომ განვითარებაში, ჯერ როგორც აკადემიის წევრი და მემცენარეობის განყოფილების აკადემიკოს - მდივანი. შემდეგ კი 1995 წლიდან 2004 წლამდე იყო აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, 2004 წლიდან ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 2013 წლიდან 2023 წლამდე აკადემიის პრეზიდენტი. 2023 წელს იგი კვლავ არჩეულია ამავე აკადემიის ვიცე-პრეზიდენტად.
ბატონი გურამი 1983-1987 წლებში ექსპერტის პოზიციაზე მუშაობდა ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონი, საბჭოთა კავშირის სავაჭრო წარმომადგენლობაში, უზრუნველყოფდა კავშირებს სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის, ვაჭრობის, ჯანმრთელობის დაცვის (სურსათის უვნებლობის საკითხებში) სამინისტროებთან, აგრეთვე რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რისთვისაც მას მიღებული აქვს ელჩის ოფიციალური მადლობები.
აკადემიკოს გურამ ალექსიძის შრომებში ნათლადაა ასახული ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო კულტურებში ფართოდ გავრცელებული მავნებლების და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შესწავლის თანამედროვე მდგომარეობა და მისი განვითარების პრესპექტივები. საქართველოსა და საზღვარგარეთ ავტორის მიერ 240-ზე მეტ გამოქვეყნებულ ნაშრომში, მათ შორის 17 წიგნსა, მრავალ ბროშურასა და სტატიაში, განხილულია სასოფლო-სამეურნეო კულტურების ინტეგრირებული დაცვის სისტემების დამუშავება და ამ სისტემებში მავნე ორგანიზმების გამრავლება-გავრცელების პროგნოზირების ფენოლოგიური და მათემატიკური მეთოდების გამოყენება, დასაბუთებულია მცენარეთა დაცვის განვითარების თანამედროვე და სამომავლო გზები და ეს დაფუძნებულია ეკოლოგიურად უსაფრთხო საშუალებების ძიება – გამოყენებაზე.
მავნე ორგანიზმებთან ბრძოლის მეთოდების შერჩევისას მეცნიერი უპირატესობას აძლევს ბიოსისტემების მათემატიკური მოდელირების თეორიულ პრინციპებს, რომელთა დამუშავებისთვის გამოყენებულია კომპიუტერული სისტემები. მათი გამოყენებით დადგენილი და გაანალიზებული აქვს მავნე და სასარგებლო მწერებს შორის ოპტიმალური ფარდობები ხეხილის და ტყის ბიოცენოზებში, რომელთა პრაქტიკულ გამოყენებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ბრძოლის ინტეგრირებული მეთოდის თვალსაზრისით, რაც თავისთავად გარემოს დაცვის გლობალური პრობლემების გადაწყვეტის მნიშვნელოვანი გზაა.
ბატონმა გურამმა როგორც მეცნიერმა თავისი პირველივე ნაშრომებიდან ყურადღება გაამახვილა პესტიციდების ღრმად გააზრებულ, გონივრულ გამოყენებაზე. მან განსაზღვრა პესტიციდების შედარებითი ტოქსიკურობა ხეხილის, ვაზის, სუბტროპიკული კულტურების, ბოსტნეული და მარცვლოვანი კულტურების და სხვათა მიმართ. ამავე დროს, შეისწავლა ამ სახეობების ძირითადი მარეგურირებელი ფაქტორები (ენტომოფაგები) და დაადგინა მათზე პესტიციდების უარყოფითი მოქმედება. შეარჩია გარემოსათვის ნაკლებად ტოქსიკური პრეპარატები და მათი კონცენტრაციები, რომლებიც წარმატებით იქნა გამოყენებული ბრძოლის ინტეგრირებულ ღონისძიებებში. მის მიერ პირველად იქნა დამუშავებული პესტიციდების შეფასება სელექციურობის კოეფიციენტების შერჩევის მეთოდით, რაც საშუალებას იძლევა შევარჩიოთ ბიოცენოზისათვის ნაკლებად საშიში პრეპარატები.
მისი შრომების მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება მავნე ორგანიზმების ფენოპროგნოზირების საკითხებს, რომელიც ძირითადი საფუძველია მავნე მწერების წინააღმდეგ ბრძოლის წარმართვის საქმეში. ფენოპროგნოზირება მან სწორად დაუკავშირა არა მარტო მავნე მწერების, არამედ მათი ბუნებრივი მტრების აგროცენოზში გამოჩენის ოპტიმალურ პერიოდებს, რითაც მინიმუმამდე დაიყვანება მათი უარყოფითი მოქმედება სასარგებლო ფაუნაზე.
განსაკუთრებით ხაზი უნდა გაესვას ავტორის პროფესიონალურ მიდგომას ორიგინალური ბიოლოგიური, ბიოტექნიკური და ტოქსიკოლოგიური კვლევების მეთოდების გამოყენებაში და მათ წარმართვას ერთი მიზნისკენ - მავნე სახეობების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელებაში, მათი გარემოზე ნაკლებად უარყოფითი მოქმედების გათვალისწინებით.
პრიორიტეტულია მეცნიერის კვლევა, რომელიც შეისწავლის მცენარეთა დაცვაში მათემატიკური მეთოდების გამოყენების საკითხებს. მავნებლებისა და მისი ბუნებრივი მტრების ურთიერთდამოკიდებულების შესწავლას მათემატიკური მოდელირების გზით და მათ შორის ოპტიმალური ფარდობების დადგენის, ფიტოპლაზმური დაავადებების გადამტანი ჭიჭინობელას პროგნოზირების სტატისტიკურ მეთოდებს, რითაც დადასტურდა მისი გავრცელების შესაძლებლობა აღმოსავლეთ საქართველოში, დაავადების გადამტანის სტერილიზაციის საკითხებს მავნებლების ფენოპროგნოზირებას აგროცენოზებში და მათ დროში განაწილებას, სუბტროპიკული კულტურების მავნებლების და მათი ენტომოფაგების შესწავლას და ა.შ. განსაკუთრებით აღსანიშნავია საკარანტინო სახეობების წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული ღონისძიებების დამუშავება და უცხოეთიდან შემოყვანილი სასარგებლო მწერების აკლიმატიზაცია ჩვენს პირობებში.
გ. ალექსიძის მეცნიერული კვლევები საფუძვლად დაედო მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული ღონისძიებების დამუშავებას, რომლებიც ფართოდაა რეკომენდებული ჩვენი ქვეყნის ხეხილის, სუბტროპიკული კულტურების ბაღებში, ვენახებში და სხვა სასოფლო - სამეურნეო კულტურებში, რაც ითვალისწინებს მანამდე ფართოდ გამოყენებულ მაღალტოქსიკური პესტიციდების მნიშვნელოვან შემცირებას, ადგილობრივი და ინტროდუცირებული ბიოლოგიური საშუალებების ხვედრითი წილის გაზრდას საერთო ფიტოსანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ეკოლოგიური ეფექტის მომცემია.
მეცნიერის ათამდე ნაშრომი ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებში მცენარეთა დაცვის არსებულ მდგომარეობის შესწავლას, მათი გამოყენების შესაძლებლობას ჩვენს ქვეყანაში. ეს სამუშაოები მისი აშშ-ში მივლინების პერიოდში იქნა შესრულებული. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ ამ ქვეყნიდან რამოდენიმეჯერ ინტროდუცირებული კოლორადოს ხოჭოს ბუნებრივი მტრები; ციტრუსოვანი კულტურების სანერგეების ბაქტერიული დაავადების სუფთა კულტურის შემოტანა ჩვენს ქვეყანაში კვლევითი ღონისძიებების ჩასატარებლად; მარცვლეული კულტურების მავნებლების წინააღმდეგ გემით ტრანსპორტირების პერიოდში ფოსფინის ტიპის ფუმიგანტების დანერგვა, იმპორტირებული მარცვლეულის ფიტოსანიტარული და კარანტინული უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებების გატარება და სხვა, რისთვისაც მან სამჯერ დაიმსახურა ელჩის ოფიციალური პირადი მადლობა.
აკად. გ. ალექსიძის მეცნიერული მოღვაწეობის ძირითადი მიმართულება ეხება გამოყენებითი ბიოლოგიის მნიშვნელოვან სფეროს – მავნე ორგანიზმებისაგან სასოფლო – სამეურნეო კულტურათა ინტეგრირებულ დაცვას, რომელიც შეისწავლის მავნე სახეობების ბიოეკოლოგიას, მათ მავნეობას აგრობიოცენოზებში, მავნე და სასარგებლო მწერების ურთიერთდამოკიდებულებას მათემატიკური მოდელირების გამოყენებით; მავნე სახეობების პროგნოზირებას; მათ წინააღმდეგ ბრძოლის ოპტიმალური ღონისძიებების დამუშავებას, რაც მჭიდროდაა დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის აქტუალურ პრობლემებთან და გარემოს დაცვის გლობალური საკითხების გადაწყვეტასთან. ეს შრომები გამოქვეყნებულია ადგილობრივ და საზღვარგარეთის სამეცნიერო ჟურნალებში, ისინი ამ დარგის სპეციალისტებისათვის კარგადაა ცნობილი და საყოველთაო აღიარებით სარგებლობენ.
ბატონი გურამი არის სასოფლო - სამეურნეო კულტურების მავნებელ - დაავადებებთან ინტეგრირებულ დაცვის ერთ - ერთი ფუძემდებელი საქართველოში, მისი ხელმძღვანელობით და ავტორობით დღესაც მიმდინარეობს მუშაობა აგროცენოზებში გავრცელებული ბიოსისტემების შესწავლაზე.
აკადემიკოსი გ. ალექსიძე არჩეულია ლატვიის სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის აკადემიის უცხოელ წევრად (2022 წლიდან), წლების განმავლობაში იყო ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის (UEAA) ჯერ ვიცე - პრეზიდენტი (2018-2020 წწ), შემდეგ პრეზიდენტი (2020-2022 წწ), ფაო-ს ტროპიკული სოფლის მეურნეობის პროგრამის (TAP) სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (2015-2016 წწ); აგრარული კვლევების საერთაშორისო კონსორციუმის (CGIAR) სამეთვალყურეო საბჭოს და ფონდის საბჭოს წევრი (2015-2016 წწ). 2015 წლიდან არის ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაციების ასოციაციის (CACAARI) თავმჯდომარე, 2008 წლიდანაა „ქართული ენციკლოპედიის“ აგრარული კომისიის თავმჯდომარე, 2013 წლიდან არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკოლოგიური კომისიის წევრი და „სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის“ კომისიის თავმჯდომარე; არის ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ეროვნული კოორდინატორი საქართველოში (2003-2012 წწ) და ამ პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; ამერიკის ენტომოლიგიური და ფიტოპათოლოგიური საზოგადოების წევრი (1983-1987 წწ) და სხვა.
აკადემიკოსი გ.ალექსიძე დაჯილდოებულია „ღირსების“ ორდენით, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციის „მშრალ რეგიონების სოფლის მეურნეობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის“ (ICARDA) „ვერცხლის დიდი მედლით“ (2005, 2008 წლებში) საერთაშორისო კვლევებში შეტანილი წვლილისათვის და სხვ.
ბატონი გურამი დიდ ყურადღებას უთმობს ახალგაზრდა თაობის მეცნიერთა და სპეციალისტთა აღზრდას, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორი კითხულობს ლექციებს მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის საკითხებზე. ბატონ გურამის ხელმძღვანელობით დაცულია 20-ზე მეტი სადოქტორო დისერტაცია, მათ შორის იყვნენ უცხოელი სპეციალისტებიც.
აკადემიკოსი გ.ალექსიძე ტრადიციული ქართული ოჯახის მამაა, ჰყავს მეუღლე - შვილი, შვილიშვილები და შვილთაშვილი.
გამოვხტავთ რა განსაკუთრებულ სიყვარულსა და პატივისცემას ბატონი გურამის მიმართ, გულითადად ვულოცავთ მას, როგორც ღირსეულ მოქალაქესა და გამოჩენილ მეცნიერს, დაბადების - 85, სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის - 60 წლისთავს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს და ნაყოფიერ მოღვაწეობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია