საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მილოცვა

წარმატებული მკვლევარი, ინოვაციური ინჟინერი

 

26da77a5 16eb 4c90 b4e7 fb70e21621d1 აგრარული დარგის მეცნიერთა თაობათა აღმზრდელს, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, აკადემიის მთავარ აკადემიკოს-მდივანსა და ამავე აკადემიის აგრარული ინოვაციების კომისიის თავმჯდომარეს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტს ალექსანდრე დიდებულიძეს დაბადებიდან 80 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 60 წელი შეუსრულდა.

ალექსანდრე დიდებულიძე დაიბადა 1944 წლის 30 სექტემბერს ქალაქ თბილისში. საშუალო სკოლის 1961 წელს დამთავრების შემდეგ, მისაღები გამოცდები ჩააბარა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის ელექტრული მანქანებისა და აპარატების სპეციალობაზე. სწავლის პარალელურად 1961-1963 წლებში მუშაობდა ამწყობ ზეინკლად თბილისის ქარხანაელექტროძრავა“-ში. სტუდენტობის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებში, იყო სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე. 1966 წელს, ინჟინრის დიპლომის მიღების შემდეგ, დატოვებული იქნა ინსტიტუტის ელექტრული მანქანებისა და აპარატების კათედრის ასისტენტად. 1968-1972 წლებში სწავლობდა კონსტანტინე ამირეჯიბის სახელობის საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში, სადაც 1974 წლამდე მუშაობა განაგრძო უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1974 წელს აკადემიკოს ვალერიან მეტრეველის სამეცნიერო ხელმძღვანელობით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1991 წელს - სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „სპეციალური ელექტრიფიცირებული სატრანსპორტო-ტექნოლოგიური სისტემები სოფლის მეურნეობისათვის".

1974 წელს არჩეული იქნა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში (ამჟამად აგრარული უნივერსიტეტი) უფროს მასწავლებლად, შემდეგ მუშაობდა იქვე ელექტროტექნიკისა და ელექტროამძრავის კათედრაზე დოცენტად, პროფესორად, 1989 წლიდან გახლდათ კათედრის გამგე, ხელმძღვანელობდა ლაბორატორიას სამთო სოფლის მეურნეობის ინსტიტუტში. 2008-2012 წლებში ბატონი ალექსანდრე იყო აგრარული უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციის დეპარტამენტის სრული პროფესორი, სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო 2012-2022 წლებში - საკონტრაქტო პროფესორი. 2013-2023 წლებში აღმასრულებელ მდივნად მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ჯერ კომისიაში, ხოლო შემდეგ ცენტრში, რომლის ჩარჩოებში 120-მდე მეცნიერს მიეცა საშუალება ფართო საზოგადოებისთვის გაეცნოთ თავისი მიღწევები. 2023 წლის ივლისში არჩეული იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მთავარ აკადემიკოს-მდივნად, და იქვე მუშაობს დღემდე. 2019 წლიდან იგი ასევე ხელმძღვანელობს აკადემიის აგრარული ინოვაციების კომისიას.

ალექსანდრე დიდებულიძე ეწევა აქტიურ სამეცნიერო-საორგანიზაციო მუშაობას. 1970-1975 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა რესპუბლიკური საბჭოს წევრი და თავმჯდომარის მოადგილე, მონაწილეობდა ახალგაზრდა მეცნიერთა ბაკურიანის სემინარებისა და თბილისში ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ორგანიზებაში; 1978-1988 წლებში იყო რეგიონთაშორისი სპეციალიზებული სადოქტორო საბჭოს სწავლული მდივანი. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩაერთო ახლადშექმნილი სტრუქტურების მუშაობაში, 2002 წლამდე იყო იუნესკოსა და ევროპის საბჭოს უმაღლესი განათლების საინფორმაციო ქსელის წარმომადგენელი საქართველოში, 1995-1997 წლებში - საქართველოს ბიბლიოთეკების განვითარების ფონდის დამფუძნებელი და დირექტორი, რომლის ძალისხმევით ამერიკის შეერთებულ შტატებიდან ქვეყნის წამყვანი ბიბლიოთეკებისათვის ჩამოტანილი იქნა მეგობრების მიერ შეგროვილი 40 ათასზე მეტი უახლესი ინგლისურენოვანი სამეცნიერო წიგნი და ჟურნალი. 1997-2002 წლებში ა. დიდებულიძე იყო საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს წევრი და თავმჯდომარის მოადგილე, სანოსტრიფიკაციო კომისიის თავმჯდომარე; ამ დროს სხვადასხვა ქვეყანასთან დაიდო სამეცნიერო ხარისხების ურთიერთაღიარების შესახებ ათამდე ხელშეკრულება. 2004 წლის მარტიდან 2008 წლის თებერვლამდე მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ და საპარლამენტო მდივნად, კურირებდა საერთაშორისო კავშირებსა და საკანონმდებლო აქტების დამუშავებას. იმ პერიოდში მომზადდა საქართველოს კანონები: „უმაღლესი განათლების შესახებ“, „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებდა სხვ.

ალექსანდრე დიდებულიძეს გამოქვეყნებული აქვს 266 სამეცნიერო ნაშრომი, რომელთა შორის 11 მონოგრაფია და 9 სახელმძღვანელოა; მისი სამეცნიერო მოღვაწეობა 1995 წლამდე ძირითადად ეძღვნებოდა სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციის და ელექტრომექანიკის საკითხებს, მიღებული აქვს 16 ქვეყნის: საქართველოს, აშშ-, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ინდოეთის, იტალიის, ბრაზილიის, ავსტრალიის, კანადის და სხვ. 43 პატენტი ან საავტორო მოწმობა გამოგონებებზე, რომელთაგან აღსანიშნავია მის მიერ პროფესორ რობიზონ ქსოვრელთან ერთად დამუშავებული კუთხით რხევითი ელექტრომაგნიტური ვიბრატორის რამდენიმე კონსტრუქცია; ამ ვიბრატორების დამზადება მოხდა ცხინვალის ქარხანაელექტროვიბრომანქანაში“. ალექსანდრე დიდებულიძე მონაწილეობდა ერთდროულად ელექტრომაგნიტური და მექანიკური რეზონანსების რეჟიმებში მომუშავე ენერგოეფექტიანი უქუქცევით-წინსვლითი ელექტრომაგნიტური ვიბრატორების დამუშავებაში. ის იყო ხიდური მიწათმოქმედების საკავშირო კომისიის მდივანი, ხოლო ელექტრიფიცირებული ხიდური აგრეგატი, რომლის ელექტრული ლილვის პრინციპზე მომუშავე ამძრავის შექმნას იგი ხელმძღვანელობდა, 1989-1991 წლებში ექსპლუატაციაში იმყოფებოდა მცხეთის სოფელ ქანდის მეურნეობაში.

აკად. ა. დიდებულიძე მონაწილეობდა ლაიპციგისა (ორჯერ), ბუდაპეშტის, ხოშიმინისა და ბუქარესტის საერთაშორისო ბაზრობებში, სადაც მიმდინარეობდა მისი მონაწილეობით შექმნილი მანქანა-დანადგარების დემონსტრირება.

1995 წლიდან ალექსანდრე დიდებულიძე პარალელურად გადაერთო საქართველოს სოფლის მდგრადი განვითარების პრობლემების კვლევებზე, დარგის განვითარების პერსპექტივების განსაზღვრასა და სტრატეგიული დოკუმენტების დამუშავებაზე. 1997 წელს ქართულ და ინგლისურ ენაზე გამოიცა მისი წიგნი: „სოფლის მეურნეობის განვითარება საქართველოში: პრობლემები და პერსპექტივები“, რომელმაც დიდი დახმარება გაუწია უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორებს. იგი ასევე აქტიურად იყო ჩართული ეკორეგიონული კონსერვაციის გეგმების შედგენაში, სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის სამუშაოებში, საქართველოს მუნიციპალიტეტებისა და კონკრეტული სოფლების სივრცით-ტერიტორიული განვითარების ხედვების დადგენასა და საჭირო ღონისძიებების დაგეგმვაში, ზემოაღნიშნულის გარდა იგი იკვლევდა აგრობიოტექნოლოგიების კომერციალიზაციის მიმართულებებს, მთიანი რეგიონების განვითარების პრობლემებს და სხვ.

აკადემიკოსი ა. დიდებულიძე 1995 წლიდან არის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ხოლო 1997 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. იგი თანამშრომლობმრავალ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, როგორებიცაა მსოფლიო ბანკი (WB), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და მისი კოდექს ალიმენტარიუსის კომისია (CAC), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს მეცნიერების, კულტურის და განათლების ორგანიზაცია (UNESCO), აშშ-ს ბიოლოგიური საფრთხეების შემცირების პროგრამა (USA BTRP) და საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), NATO- პროგრამა მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“ დ ..

ბატონი ალექსანდრე მონაწილეობდა 30-მდე საგრანტო პროექტის და პროგრამის დამუშავებაში, რომელთა შორის აღსანიშნავია ევროპის საბჭოს პროექტი: ”ევროპის მთები 2002: პირინეები - ალპები - კავკასია: მთიანი ზონის განვითარება”, რომელიც პირველად ჩატარდა აზერბაიჯანისა და სომხეთის კოლეგებთან ერთად და USAID-ის პროექტი: “საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რესტრუქტურიზაცია და სტრატეგია- (2001-2004 წლები), მან მოამზადა საექსპერტო დასკვნა თემაზე: ”საქართველოს მეღვინეობის სექტორის მნიშვნელობის შეფასება”, რის შედეგად გერმანიის მთავრობამ დააფინანსა საქართველოში ღვინის ლაბორატორიის შექმნა.

აკად. ა. დიდებულიძე სალექციო კურსებს ატარებდა გერმანიის გისენის და ლუნებურგის უნივერსიტეტებში. იგი არის მეცნიერებათა დოქტორის და აკადემიური დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად დაცული ათამდე დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი.

1999 წელს მიღებული აქვს ღირსების ორდენი, საპატიო სიგელები, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიგელი ქართველი ერის წინაშე გაწეული დიდი ღვაწლისთვის.

ბატონო ალექსანდრე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად გილოცავთ ღირსეულ მამულიშვილს, აღიარებულ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსსა და აკადემიის მთავარ აკადემიკოს-მდივანს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტს დაბადების მე-80, სამეცნიერო,   პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის მე-60 წლისთავს. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს, ნაყოფიერ სამეცნიერო-პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

 

 

 

 

აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი -  85

 

გგგგ23be7896 674e 46a8 abc6 1b3d7f3c3a48     ფართო ერუდიციისა და კვლევის განსაკუთრებული უნარის  მქონე შემოქმედმა,  ეროვნული მეცნიერებისა და ახალი თაობის  აღზრდისადმი უანგარო მსახურმა, სამშობლოს ღრმა მოსიყვარულემ, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გოგოლა მარგველაშვილმა, თავისი სამეცნიერო-კვლევითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 60 წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ფურცელი ჩაწერა თავის შემოქმედებით აღსავსე ცხოვრებაში.

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გოგოლა  მარგველაშვილი დაიბადა 1939 წლის 22 სექტემბერს  ქუთაისში. 1957 ელს წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის მე-4 საშუალო სკოლა - ოქროს მედალზე, ხოლო 1962 წელს - საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი და მიენიჭა სწავლული აგრონომის კვალიფიკაცია.

სამეცნიერო მოღვაწეობა ოგოლა მარგველაშვილმა 1963 ელს დაიწყო ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა საკავშირო ამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის იმერეთის საყრდენ პუნქტში. 1966-1969 წლებში სწავლობდა ამავე ინსტიტუტის ასპირანტურაში ,,აგროქიმიისსპეციალობით. 1970 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:  ,,იმერეთის გაეწრებული ყვითელმიწა ნიადაგების ფოსფატური რეჟიმი და ფოსფორიანი სასუქების ეფექტურობა ჩაის პლანტაციებში”, 1989 წელს კი მოსკოვში, კ. . ტიმირიაზევის სახელობის სოფლის მეურნეობის აკადემიაში -  სადოქტორო დისერტაცია თემაზე:  ,,აღმოსავლეთ საქართველოს ძირითადი ტიპის ნიადაგების ფოსფატური რეჟიმი და ფოსფორიანი სასუქების ეფექტურობა ერთწლოვანი კულტურებისათვის”.

            1971 წლიდან ქალბატონი ოგოლა მარგველაშვილი აგროქიმიური მომსახურების ცენტრალური ინსტიტუტის თბილისის ფილიალში ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიის გამგეა. 1978 წლიდან იხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის / ინსტიტუტში მინერალური სასუქების განყოფილების გამგე, 1993-2005 წლებში დირექტორის მოადგილე, ხოლო 2005-2006 წლებში დირექტორი. 1990 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება; 1995 წელს არჩეულ იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. 2010 წლიდან აღნიშნული აკადემიის პრეზიდიუმის წევრი და აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანია.      

            2013 წლიდან აკადემიკოსი ოგოლა მარგველაშვილი საქართველოში ნიადაგმცოდნეობისა და აგროქიმიის დარგში ეროვნული კოორდინატორი და ექსპერტია.

ქალბატონმა ოგოლა მარგველაშვილმა არაერთხელ მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო კონგრესების და კონფერენციების მუშაობაში. იგი იყო მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი და შემსრულებელი.

2003-2007 წლებში ის თანამშრომლობდა მშრალი რეგიონების სასოფლო-სამეურნეო კვლევის საერთაშორისო ცენტრ ICARDA-თან, რომელიც ახორციელებდა პროექტს - ,,ნიადაგისა და წყლის რესურსების მართვა  წარმოების პირობებში, მდგრადი სასოფლო - სამეურნეო სისტემის შექმნისათვის შუა აზიასა და სამხრეთ კავკასიაში”.                 

პროფესორმა გოგოლა მარგველაშვილმა მონაწილეობა მიიღო: ,,ნიადაგის დაცვის შესახებკანონის მომზადებაში და შემდეგში, აღნიშნულ კანონში შესატანი ცვლილებების და დამატებების მომზადების პროცესში და ,,ნიადაგების კონსერვაციისა ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებკანონის მომზადებაში, მონაწილეობდა საქართველოში გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის სამთავრობო კომისიის მუშაობაში და საქართველოს გაუდაბნოებასთან ბრძოლის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის შემუშავებაში.

            ქალბატონი გოგოლა მარგველაშვილი პირველი ქართველი ქალია, რომელმაც დაიცვა სადოქტორო დისერტაცია აგროქიმიის სპეციალობით და მიენიჭა პროფესორის წოდება.

მისმა სამეცნიერო ღვაწლმა აგროქიმიის ფუნდამენტური დებულებების  განვითარებაში ასახვა ჰპოვა წიგნში -  „აგროქიმიის ისტორია და მდგომარეობა 21- საუკუნის მიჯნაზე“ .

            ქალბატონი გოგოლა მარგველაშვილი ითვლება აღმოსავლეთ საქართველოს ძირითადი ტიპის ნიადაგებში ფოსფორიანი სასუქების ეფექტური გამოყენების თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების დამუშავების ქართული სამეცნიერო სკოლის ხელმძღვანელად. სწორედ ფოსფორის  რეჟიმი, ფოსფორის თერმოდინამიკა, კინეტიკა და ბიოქიმია, შეტანილი ფოსფორიანი სასუქების გავლენა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობასა და ხარისხზე, ნიადაგის ნაყოფიერებაზე, გარემო არეზე, ნიადაგში არსებული ფოსფატატების დინამიკაზე, მიგრაციაზე, ტრანსფორმაციაზე, ფიქსაციაზე, ბალანსზე და სხვა იყო მისი  კვლევის ძირითადი მიმართულებები. გ. მარგველაშვილის მიერ შესწავლილია პოლიფოსფატების აგროქიმიური თავისებურებანი, დადგენილია პოლიფოსფორმჟავაზე დამზადებული  სასუქების უპირატესობა მარტივი სასუქების ნარევთან შედარებით, შემუშავებულია მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციები აზოტის, ფოსფორისა და კალიუმის ბალანსის გასაუმჯობესებლად საქართველოს მიწათმოქმედებაში.

            ქალბატონ გოგოლა მარგველაშვილის კვლევის შედეგები ასახულია 160 - მდე მეცნიერულ ნაშრომში. რომელთაგან აღსანიშნავია მის მიერ გამოქვეყნებული  წიგნი  ,,აგროქიმიის პრაქტიკუმი“. იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან სასწავლო სახელმძღვანელოს საქართველოს უნივერსიტეტებში არსებული აგრარული ფაკულტეტების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა)  სტუდენტებისთვის.

საქართველოს სოფლის  მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ სახელმძღვანელო წიგნი ,,აგროქიმიის პრაქტიკუმი“ აღიარა აგრარულ სფეროში 2023 წლის საუკეთესო ნაშრომად და მისი ავტორი პროფესორი გოგოლა მარგველაშვილი დააჯილდოვა დიპლომითა და პრემიით.

პროფესორი გოგოლა მარგველაშვილი დიდ მზრუნველობას იჩენს ახალგაზრდა მეცნიერთა კადრებისადმი. მისი ხელმძღვანელობით დაცულია  17 საკანდიდატო  და 4 სადოქტორო დისერტაცია.  

            წლების მანძილზე (1978 - 1986) იყო იხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტთან არსებული საკანდიდატო დისერტაციების დაცვის სპეციალიზებული საბჭოს წევრი და სწავლული მდივანი, 1993-2007 წლებში კი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სპეციალიზებული სადისერტაციო საბჭოს წევრი.

ამჟამად თანამშრომლობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ ფაკულტეტთან.  ხშირად   არის  სადისერტაციო  ნაშრომების შემფასებელი და რეცენზენტი. აღსანიშნავია მისი თანამშრომლობა ,,საქართველოს ენციკლოპედიის” სარედაქციო კოლეგიასთან. 

მთავრობა, საქართველოს ინტელიგენცია, მისი მოწაფეები ღირსეულად აფასებენ პროფესორ გოგოლა მარგველაშვილის ღვაწლს. იგი დაჯილდოებულია მედლით ,,შრომითი მამაცობისათვის“ (1976), საპატიო ნიშნის ორდენით (1989), საქართველოს ღირსების ორდენით“(2002);  იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ  გოგოლა მარგველაშვილი  აგროქიმიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის საპატიო სიგელებით დააჯილდოეს (2019).

2005 წლის 6 მაისს, წმინდა გიორგის დღესასწაულის დღეს, მშობლიურმა სკოლამ და საზოგადოება ,,ქუთაისელ“-მა, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს გოგოლა მარგველაშვილს დაუვიწყარი შეხვედრა მოუწყო. საღამოს ესწრებოდნენ ამ დარგის თვალსაჩინო სპეციალისტებიც, რომელთა მისასალმებელ სიტყვებში გამოსჭვიოდა უდიდესი პატივისცემა ღვაწლმოსილი მეცნიერის მიმართ.

            გამოვხატავთ რა ღრმა პატივისცემასა და გულითად სიყვარულს,  ვულოცავთ ღირსეულ მამულიშვილს, აღიარებულ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანს, სსმმ  აკადემიის აკადემიკოსს, პროფესორ გოგოლა მარგველაშვილს 85 წლის საიუბილეო თარიღს და სამეცნიერო-კვლევითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 60 წლისთავს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ნაყოფიერ  შემოქმედებით სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com