საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სამეცნიერო ფესტივალი ,,ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისათვის“

 4fe2e5f2 9f03 49e8 a652 506545444444449ea6df99d            მიმდინარე წლის 16 სექტემბერს ქ. ზუგდიდში ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჩატარდა სამეცნიერო ფესტივალი ,,ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისათვის“. ფესტივალზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: კორნელი კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის, საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სხვა სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებების მეცნიერ-თანამშრომლები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან ფესტივალის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა თენგიზ ყურაშვილმა, აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილების სტიპენდიატმა, დოქტორმა ნატო ჯაბნიძემ და აკადემიის წამყვანმა სპეციალისტმა ქეთევან ჭიპაშვილმა.

           ფესტივალი გახსნა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ქალბატონმა თეონა ხუფენიამ, რის შემდეგ მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო უნივერსიტეტის სტრუქტურა, ისაუბრა უახლოეს გეგმებზე, უნივერსიტეტის მიღწევებზე. აღინიშნა, რომ უნივერსიტეტის მთავარი მიზანია: შრომის ბაზრის ცვალებადი მოთხოვნილების გათვალისწინებით შექმნას სწავლისა და კვლევის ინტეგრირებაზე ორიენტირებული ისეთი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც მაქსიმალურად დააკმაყოფილებენ დღევანდელ მოთხოვნებს; მოამზადოს პროფესიული განათლების მქონე კონკურენტუნარიანი მაღალკვალიფიციური კადრები და სხვ. თავის გამოსვლაში ქალბატონმა თეონამ ყურადღება გაამახვილა ასევე უნივერსიტეტში მოქმედ უახლესი ტექნიკით აღჭურვილ ბიბლიოთეკაზე, ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრზე, სტუდენტებისათვის განკუთვნილ კეთილმოწყობილ საერთო საცხოვრებელზე, რომლებიც საუკეთესო გარემოს ქმნიან, იმისათვის რომ სტუდენტებს ხელი შეეწყოთ ხარისხიანი განათლების მიღებაში. თავისი გამოსვლის ბოლოს ქალბატონმა თეონამ მადლობა გადაუხადა ყველა იმ უწყებას და ორგანიზაციას, რომლებიც ღირსეულად უდგანან გვერდში უნივერსიტეტს და გარკვეული წვლილი მიუძღვით მის წარმატებებში.  dac5059e 82be 47f5dd 93fb 470853520905

            ფესტივალზე მისასალმებელი სიტყვით ასევე გამოვიდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსის ფუნქციების შემსრულებელი მინდია ოკუჯავა, ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კანკავა, „ჰორიზონტი ევროპას“ ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი ლევან ხეცურიანი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პროფესორი თინათინ ბოლქვაძე, რომლებმაც ხაზი გაუსვეს მსგავსი ფესტივალების ჩატარების მნიშვნელობას ახალგაზრდა თაობის მეცნიერების სხვადასხვა დარგისადმი დაინტერესების გაჩენის თვალსაზრისით, დამსწრე საზოგადოებას გააცნეს საკუთარი ხედვები ახალგაზრდების სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ჩართულობასთან დაკავშირებით და სხვ.

         12d371sss56 ac22 493f bf71 eeae1d0ebe36   ფესტივალზე ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის საპატიო წოდება მიენიჭათ ქართველ და უცხოელ მეცნიერებს. გაიმართა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გაცილების ცერემონიალი, რასაც მიეძღვნა საზეიმო კონცერტი.

            აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა   აკადემიის მეცხოველეობის და  ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა თენგიზ ყურაშვილმა და აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილების სტიპენდიატმა, დოქტორმა ნატო ჯაბნიძემ ფესტივალში მონაწილე ახალგაზრდებს და ასევე დაინტერესებულ პირებს გააცნეს აკადემიის საქმიანობა, ესაუბრეს ვეტერინარიასა და აგრარულ ეკონომიკაში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.

           მეორე დღეს სტუმრები ეწვივნენ უნივერსიტეტს, დაათვალიერეს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო-მეთოდური კაბინეტები, ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი, სპორტული კომპლექსი და სხვ.

          

  ფესტივალის დასასრულს სტუმრებმა დიდი მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტის ხელმძვანელობას გულთბილი დახვედრისა და მასპინძლობისათვის, უსურვეს წინსვლა და წარმატებები შემდგომ საქმიანობაში.

 

 

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com