10 ოქტომბერს საქართველოში მეტყევის პროფესიული დღე აღინიშნება. ტყე- სიცოცხლის წყაროა, დედამიწის სამშვენისი, მისი დიდებული და გასაოცარი სამოსი. ყველა დროს ადამიანები ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ იგი მომავალი თაობებისთვის. ჯერ კიდევ უძველეს დროში გაჩნდა მცნება ტყის მცველები, რომელიც მეტად საპასუხისმგებლო და ურთულესი პროფესია გახლდათ. თანამედროვე ეპოქაში ტყის შენარჩუნების, მოვლისა და დაცვის მთელი სირთულეები მეტყევემ იტვირთა საკუთარ მხრებზე, ამიტომ მეტყევის საქმიანობა მეტად მნიშვნელოვანი და დასაფასებელია.
მეტყევის პროფესიის პოპულარიზაციის და დარგის მნიშვნელობის ხაზგასასმელად, საქართველოში მეტყევის პროფესიული დღე 1999 წლიდან აღინიშნება. მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა მეტყევის დღისადმი მიძღვნილი თემატური სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების წევრები: განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, განყოფილების სტიპენდიატი - სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი, ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის დირექტორის მ/შ, სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე, ამავე ინსტიტუტის ტყის დაცვის განყოფილების მთავარი მეცნიერ-მუშაკი, ბიოლოგიის დოქტორი მედეა ბურჯანაძე და მეცნიერ-თანამშრომელი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ნატალია ხარაბაძე, აკადემიის წამყვანი სპეციალისტი ქეთევან ჭიპაშვილი, აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს წევრი ვასილ მეტრეველი.
სხდომა გახსნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ, რომელმაც მოკლე მისალმების შემდეგ, დამსწრე საზოგადოებას მიულოცა მეტყევის დღე. შემდგომ, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ მოხსენებისათვის „წაბლის ქერქის კიბოს წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის დანერგვა საქართველოში“ სიტყვა გადასცა აგრარული უნივერსიტეტის ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის ტყის დაცვის განყოფილების მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, ბიოლოგიის დოქტორს მედეა ბურჯანაძეს.
მედეა ბურჯანაძემ დაწვრილებით მიმოიხილა წაბლის ქერქის კიბოს წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდი, შემუშავებული რეკომენდაციები. აღინიშნა, რომ ჩვეულებრივი წაბლი - Castanea sativa საქართველოში ძირითადად გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - ძირითადად კახეთში გვხვდება. წაბლს ქვეყნისთვის გააჩნია როგორც სოციალ-ეკონომიკური ასევე გარემოსდაცვითი მნიშვნელობა.
დღეისათვის წაბლის ერთერთი მნიშველოვანი პრობლემა, არის სოკოვანი დაავადება წაბლის ქერქის კიბო - Cryphonectria parasitica, რომელიც ამერიკის (Castanea dentata) და ევროპის (Castanea sativa) წაბლის ხეების გამანადგურებელი დაავადებაა. იგი ინფიცირებულ ხეებზე იწვევს ნეკროზულ დაზიანებებს ჭრილობის სახით. ევროპაში ეპიდემიები შედარებით მსუბუქად ვლინდება, ვიდრე აშშ-ში, რადგან იგი შედარებით ნაკლებად მგრძნობიარეა პათოგენის მიმართ ე.წ. ჰიპოვირულენტობის გამო.
2010-2013 და 2014 - 2018 წლებში, ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის ტყის დაცვის განყოფილებასა და შვეიცარიის ტყის, თოვლისა და ლანდშაფტის კვლევის ფედერალური ინსტიტუტის (WSL), მიერ განხორციელდა ერთობლივი პროექტები (SCOPES გრანტი - შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ). შვეიცარიელ, მაკედონელ და ხორვატ კოლეგებთან თანამშრომლობით, საქართველოში ჩატარდა წაბლნარების პათოლოგიური გამოკვლევები, რომლის მიზანი იყო, როგორც წაბლის კიბოს დაავადების გავრცელების დადგენა, ასევე სოკოს ჰიპოვირულენტური შტამების გამოვლენა. ჰიპოვირულენტობა ეს არის დაავადების გამომწვევი სოკოს C. parazitica შტამების შემცირებულ ვირულენტობა რომელიც გამოწვეულია მიკოვირუსის - Cryphonectria hypovirus 1, CHV-1, სპონტანური ინფექციით. იგი თრგუნავს სოკოს განვითარებას და ამცირებს დაავადების განვითარებას. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში არსებობს C. parasitica-ს კავკასიური პოპულაციების მაღალი გენეტიკური მრავალფეროვნება. კერძოდ, სამი ძირითადი მულტილოკუსური ჰაპლოტიპის სიხშირე: CpGeo20, CpGeo75, CpGeo97, რომელთაგან ორი მათგანი CpGeo20 და CpGeo75 ეკუთვნოდა ქართულ კლასტერს. ასევე გამოვლენილი იყო უნიკალური CHV-1 ქვეტიპი C. parasitica ქართულ პოპულაციაში, რომელიც მიეკუთვნება უფრო მძიმე ჰიპოვირუსებს, რადგან ძლიერად ამცირებს პარაზიტული სოკოს C. parasitica-ს ზრდას. მიუხედავად იმისა, რომ ამ CHV-1 ქვეტიპს მთლიანობაში აქვს ძლიერი ფენოტიპური ეფექტი C. parasitica-ზე, როგორც ჩანს, უფრო ადაპტირებულია ქართულთან, ვიდრე C. parasitica-ს ევროპულ გენოფონდთან.
მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. მსმენელთა მხრიდან დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელზეც დოქტორმა მ. ბურჯანაძემ ამომწურავი პასუხები გასცა.
სხდომა შეაჯამა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა მომხსენებელს და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს საქართველოს ტყეებში წაბლის ქერქის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდის დანერგვის პოპულარიზაციას.