საინფორმაციო შეხვედრა სასოფლო - სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემის (AKIS) შესახებ
2024 წლის 16 ოქტომბერს, ქ. თბილისში, სასტუმრო ჰოლიდეი ინში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სასოფლო - სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემის (AKIS) შესახებ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სოფლის მეურნეობაში აგრარული ცოდნისა და ინოვაციების განვითარების მხარდაჭერა, აგრეთვე ეროვნულ და მიკრო AKIS - ში ჩართულ ინსტიტუციებს შორის კოორდინაცია.
შეხვედრა გაიმართა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამა UNDP-ის მხარდაჭერით, მიმდინარე პროექტის - „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ტრეინინგების (VET) სისტემების მოდერნიზება“ ფარგლებში.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მთავარი აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, ბერნის უნივერსიტეტის გამოყენებითი მეცნიერების/სასოფლო - სამეურნეო სკოლის, ტყისა და სურსათის მეცნიერებების ექსპერტი - რობერტ ლემანი, ბერნის უნივერსიტეტის გამოყენებითი მეცნიერების/სასოფლო - სამეურნეო სკოლის, ტყისა და სურსათის მეცნიერებების პროფესორი, დეკანი - როლანდ სტალი, მოწვეული კონსულტანტი - მამუკა მათიაშვილი, ასევე არასამთავრობო და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა სოლომონ პავლიაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ AKIS - ის მანდატი დაფუძნებულია და მჭიდროდ უკავშირდება ევროკავშირის რეგულაციას (EU) N 2021/2115*, ევროპის საერთო აგრარული პოლიტიკის (CAP) დოკუმენტს. „AKIS-ი სოფლის მეურნეობის მართვის მოდელია, რომელიც ცოდნაზე, ინოვაციებსა და განათლებაზეა დაფუძნებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვისწავლოთ, როგორ მოვახდინოთ მეცნიერული ინოვაციების დანერგვა სოფლის მეურნეობაში. არსებობს ბევრი კვლევითი ნაშრომი, რომელიც პრაქტიკაში არ არის გამოყენებული. საქართველოში ამ პროექტის დანერგვით მოხდება ევროკავშირის დირექტივის შესრულება და ევროკავშირის მართვის მოდელთან ადაპტირება“ - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: სხდომის მოდერატორმა - სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ეკონომიკური პროგრამების კოორდინატორმა - ბექა თაგაურმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მთავარმა აკადემიკოს - მდივანმა, აკადემიკოსმა ალექსანდრე დიდებულიძემ.
შემდგომ, გაიმართა დისკუსია კითხვა - პასუხის ფორმატში, რომლის დროსაც შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ საქართველოში სასაოფლო - სამეურნეო ცოდნისა და ინფორმაციის თანამედროვე სისტემა რამდენადმე ფრაგმენტულია და მის გაძლიერებას სჭირდება ახალი სისტემური ხედვის ფორმირება.
შეხვედრა შეაჯამა სხდომის მოდერატორმა - სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს აქტიური და ნაყოფიერი დისკუსიის წარმართვისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ასეთი შეხვედრები ხელს შეუწყობს საქართველოს სოფლის მეურნეობაში აგრარული ცოდნისა და ინოვაციების შემდგომ განვითარებას.