სამუშაო შეხვედრა ბიუჯეტის კლიმატის ცვლილებასთან კავშირის დადგენის თაობაზე
მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს სასტუმრო ქორთიართ მარიოტში საქართველოში მსოფლიო ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის ინიციატივით შედგა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც განხილული იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში შემავალ უწყებებში ბიუჯეტის პროგრამებისა და ქვეპროგრამების კლიმატის ცვლილებასთან კავშირის დადგენის მეთოდი. შეხვედრას ესწრებოდნენ: ივ. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის, სსიპ გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის, სსიპ საქართველოს ე. ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის, ინფრასტრუქტურის განვითარების, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების ინფრასტრუქტურების განვითარების წარმომადგენლები. ასევე სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები და ტერიტორიული ორგანოების ინფრასტრუქტურის განვითარების წარმომადგენლები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი და აკადემიის მთავარი ბუღალტერი ნინო სოზიაშვილი.
შეხვედრა გახსნა საქართველოში მსოფლიო ბანკის ოფისში გარემოსდაცვითი მიმართულების უფროსმა სპეციალისტმა, ქალბატონმა დარეჯან კაპანაძემ. მოკლე მისალმების შემდეგ ქალბატონმა დარეჯანმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო შეხვედრის დღის წესრიგი, რომელიც სამი საკითხისგან შედგებოდა: 1. კლიმატის ცვლილების სფეროს პრიორიტეტები; 2. ბიუჯეტში კლიმატის ცვლილების მონიშვნა, მეთოდოლოგიური მიმოხილვა, ტაქსონომია; 3. სამინისტროს ბიუჯეტის და ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების მიმოხილვა, პროგრამები და ქვეპროგრამები.
პირველი საკითხის ირგვლივ ისაუბრა დ. კაპანაძემ. მან აუდიტორიას აუწყა თუ რაოდენ დიდ მასშტაბებს მოიცავს კლიმატის ცვლილება წარმოების სხვადასხვა სფეროში, რა გავლენას ახდენს იგი გლობალურად ქვეყნების ეკონომიკაზე, ადამიანთა შრომით საქმიანობაზე და სხვ. მეორე საკითხთან დაკავშირებით მოხსენება გააკეთა კახა მდივანმა, რომელიც გახლავთ საქართველოში მსოფლიო ბანკის ოფისში კონსულტანტი კლიმატის ცვლილების მიმართულებით. ბატონმა კახამ საკითხის მიმოხილვა მთავრობის 2022 წლის 22 აგვისტოს № 431, 2023 წლის 28 თებერვლის №90 და 2024 წლის №62 დადგენილებების გაცნობით დაიწყო. აღნიშნული დადგენილებიდან გამომდინარე ...„საქართველოს სამინისტროებმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, უზრუნველყონ მათ მიერ განსახორციელებელი პროგრამების/ქვეპროგრამების კლიმატის ცვლილებასთან კავშირების იდენტიფიცირება“... შედეგ მომხსენებელმა აუდიტორიას დაწვრილებით გააცნო, თუ როგორ ხდება უწყებების სამოქმედო გეგმების მომზადების პროცესში მათ მიერ განსახორციელებელი პროგრამების/ქვეპროგრამების კლიმატის პოლიტიკის კლასიფიკატორებთან დაკავშირება. ყურადღება გამახვილდა იმაზეც თუ როგორ ხდება კლიმატის ცვლილებასთან „გამკლავება“, სამუშაოებიდან გამომდინარე მიმდინარეობს „შერბილება“ თუ „ადაპტაცია“ და ა. შ.
დღის წესრიგის მე-3 საკითხთან დაკავშირებით მოეწყო კონკრეტული მაგალითების განხილვა, რომელიც კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა. მასში აქტიურად იყვნენ ჩართულები, როგორც მომხსენებლები, ასევე დამსწრე საზოგადოება. თითოეული მსმენელის მიერ დასმულ შეკითხვაზე მიმდინარეობდა მსჯელობა, რომელიც ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებით მთავრდებოდა.
შეხვედრის დასასრულს დამსწრე საზოგადოებამ მადლობა გადაუხადა შეხვედრის ორგანიზატორებს მსოფლიო ბანკის მიერ ბიუჯეტის კლიმატის ცვლილებასთან კავშირის დადგენასთან მიმართებაში მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებისათვის.