მიმდინარე წლის 13 ნოემბერს შედგა აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „საგანმანათლებლო სექტორი და აგრო ექსტენცია იმერეთის რეგიონის მაგალითზე“ გამოვიდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიულ მეცნიერებათა დეპარატამენტის ასოცირებული პროფესორი, სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის რეგიონული კოორდინატორი, დოქტორი ნინო კელენჯერიძე. თავის გამოსვლაში მან ისაუბრა აგრო-საექსტენციო სერვისების მიზნებზე, ყურადღება შეაჩერა ფერმერთა შორის სამეცნიერო კვლევების შედეგების გავრცელების მნიშვნელობაზე, ამ პროცესებში სტუდენტების ჩართულობის, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების დამუშავებისა და განხორციელების პროცესის პრობლემებზე. მოხსენებაში წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შესახებ. მათში ასახული იყო აგრარული მიმართულების ცოდნის გავრცელების ინოვაციური მეთოდების განხორციელებას იმერეთის რეგიონისთვის. წარმოდგენილი პროექტები მოიცავდა შემდეგ აქტივობებს:
- საგანმანათლებლო ონლაინ პლატფორმის შექმნა, სადაც განთავსებულია აგრარული მიმართულების სასწავლო კურსები, მოცემულია როგორც საკითხავი ტექსტები, ასევე ტესტირება თვითშეფასებისთვის. კურსის გავლის შემდეგ მსმენელს ეძლევა შესაბამისი სერტიფიკატი;
- პროფესიულ კოლეჯ „იბერია“-ში მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამის: „მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა“ და პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტ“-ში პროგრამის: „ვენახის გაშენება-მოვლა“ შემუშავება, ხოლო კოლეჯ „იბერია“-სთვის არაფორმალური განათლების აღიარების მოპოვება;
- გზამკვლევის, სასწავლო რესურსების და ტრენინგ-მოდულის შექმნა - „დემო ფერმის მოწყობა“; ასევე ამ ტრენინგ-მოდულის თეორიული და პრაქტიკული სწავლების ჩატარება ფერმერების, პროფესიული სასწავლებლის მასწავლებლების და სტუდენტებისთვის იმერეთის და გურიის რეგიონებში;
- ციფრული საგანმანათლებლო რესურსების განვითარების ხელშეწყობა პროფესიულ განათლებაში, კერძოდ კი პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ შექმნილ ციფრულ საგანმანათლებლო პლატფორმაზე სასწავლო კურსის -„მცენარის კვება“ განთავსება.
შემდეგ პრეზენტაციით: „ციფრული ექსტენცია“ მსმენეთა წინაშე წარსდგა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლაშა შალამბერიძე. მან აღნიშნა, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს 9 რეგიონული სამსახური და 45 საინფორმაციო ცენტრი საექსტენციო მომსახურების სერვისს სთავაზობს ფერმერებს. ისინი ასევე მზად არიან დაინტერესებულ პირს მიაწოდონ ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი მხარდამჭერი ღონისძიებებისა და პროექტების შესახებ. მომსახურება მოიცავს, როგორც საოფისე და დისტანციურ, ასევე საველე კონსულტაციას, მიმდინარეობს ექსტენციონისტების მიერ ტრენინგების ჩატარება. გარდა ამისა, სააგენტოს ელექტრონული ბიბლიოთეკა (elibrary.mepa.gov.ge) ფერმერებს აძლევს საშუალებას უფასოდ გაეცნონ უახლეს სამეცნიერო ლიტერატურასა და სარეკომენდაციო ხასიათის მასალებს. პლატფორმაზე აგრეთვე განთავსებულია ღონისძიებების კალენდარი და ფერმერს აქვს საშუალება მასში მიიღოს მონაწილეობა. სააგენტო, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ფერმერებს ახალ, თანამედროვე საექსტენციო პაკეტს სთავაზობს, რაც გულისხმობს კლიმატური პირობების გათვალისწინებით შემუშავებული რეკომენდაციების მიწოდებას ფერმერებისთვის. საპილოტედ, კახეთსა და შიდა ქართლში გავრცელებული კულტურების მწარმოებლებისათვის ხელმისაწვდომი იქნება თანამედროვე საექსტენციო პაკეტი, რაც გულისხმობს ამინდის გათვალისწინებით შემუშავებულ რეკომენდაციებს დაავადებების პრევენციისა და ხარისხიანი მოსავლის უზრუნველყოფისათვის. აგრო-მეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის აღჭურვილობისა და შესაძლებლობების გაუმჯობესებისათვის დაინერგება GECSA-ს სისტემა, რომელიც ვებ-აპლიკაციაზე დაფუძნებული ციფრული პლატფორმაა აგრო-მეტეოროლოგიური სერვისებისთვის. მას ოპერირებას გაუწევს სააგენტო, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან და სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან კოორდინაციაში, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) და შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების ხელშეწყობით.
მოხსენებების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსებმა: გ.ჯაფარიძემ, გ.ალექსიძემ, რ.კოპალიანმა, რ.ასათიანმა, ა.დიდებულიძემ, პროფესორებმა: ე.ხარაიშვილმა, ო.თედორაძემ, დოქტორებმა: ი.ახალბედაშვილმა, გ.ცოფურაშვილმა, ე.კაციტაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სამმართველოს უფროსმა მ.ოკუჯავამ, „აგროჰაბის“ ტექნოლოგმა ც.ნაცვლიშვილმა. მიღებული იქნა დადგანილება, რომელშიც აღნიშნულია ჩატარებული სამუშაოების აქტუალობა და შემდგომი მუშაობის გააქტიურების მიზანშეწონილება.