მიმდინარე წლის 18 დეკემბერს შედგა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „საქართველოს კანონის: „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები“ გამოვიდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი.
თავის გამოსვლაში მომხსენებელმა ხაზი გაუსვა გარემოებას, რომ თანამედროვე სოფლის მეურნეობის განვითარება შეუძლებელია სწორი პოლიტიკისა და შესაბამისი დამხმარე ღონისძიებების განხორციელების გარეშე. ამიტომ, სახელმწიფოს როლი და მის მიერ მართებული ნაბიჯების გადადგმა უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. თავის მხრივ, სწორი პოლიტიკის შემუშავებისთვის სახელმწიფოს სჭირდება ინსტრუმენტები, რომელიც შესაძლებელს გახდის სწორი ინფორმაციის არსებობას და შესაბამისი ანალიზის განხორციელებას. ერთ-ერთ ასეთ ინსტრუმენტს წარმოადგენს საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული კანონშემოქმედებითი პრაქტიკის მსგავსად მოაწესრიგებს საქართველოში სოფლის მეურნეობის მოწყობას, პოლიტიკის მართვასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს.
„სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება ემსახურება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრისთვის ზოგადი პრინციპებისა და მოთხოვნების დადგენას. კერძოდ, ესაა:
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მართვის ძირითადი პრინციპებისა და უფლებამოსილი უწყებების კომპეტენციების განსაზღვრა;
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულებით არსებული სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება;
სოფლის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობაში;
სახელმწიფო მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრა და მათი განხორციელების ხელშეწყობა.
კანონის მიღების აუცილებლობა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ საქართველოში არ არსებობდა ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც დაარეგულირებდა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებას, წარმოაჩენდა ხედვასა და მიზნებს დარგში პოლიტიკის განსახორციელებლად. ამასთან, ქვეყანას გააჩნია სტრატეგიული ხედვის დოკუმენტი, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია (2021–2027 წწ.), რომელიც აყალიბებს ამ მიმართულებით ძირითად ვექტორებს ეროვნულ დონეზე, თუმცა მასში გაცხადებული მიზნების სრულად რეალიზება რთულია შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არსებობის გარეშე, რომელიც ფუნდამენტურად განსაზღვრავს დარგში არსებული სუბიექტების როლსა და მოქმედების არეალს.
კანონის მიღების შედეგად საკანონმდებლო დონეზე განიმარტა ისეთი მნიშნველოვანი ტერმინები, როგორებიცაა: სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, სოფლის განვითარება, ფერმერი, ფერმერული მეურნეობა, ფერმერული მეურნეობების რეესტრი და სხვ., განისაზღვრა მხარდამჭერი ღონისძიებების გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოები/უწყებები, შეიქმნა სამართლებრივი საფუძველი გადამხდელი სააგენტოს (ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს ევროკავშირის აკრედიტაციის შემდგომი სამართალმემკვიდრე) მიერ მხარდამჭერი ღონისძიებების დაწესებისთვის. სოფლის მეურნეობის სწორი ანალიზის და დაგეგმვის პირობებში გაიზრდება სასოფლო-სამეურნეო წარმოება, გაუმჯობესდება ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა სოფლად მაცხოვრებლებისთვის. ფერმერული მეურნეობების რეესტრი ფუნქციურად იქნება დატვირთული, ფერმერთა უმრავლესობა - რეგისტრირებული, ხოლო რეესტრის სტატისტიკური მონაცემები გამოყენებულ იქნება პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვისათვის.
კანონის ამოქმედება გათვალისწინებულია 2025 წლის 1 იანვრიდან, გარდა კანონის მე-10 (გადამხდელი სააგენტო), მე-13 (ინტეგრირებული ადმინისტრირებისა და კონტროლის ერთიანი ელექტრონული სისტემა), მე-14 (ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრი) და მე-15 (მონაცემთა გაცვლა) მუხლებისა, რომლებიც აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე შესასრულებელ ვალდებულებებს უკავშირდება და 2026 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში.
მოხსენების შემდეგ გამართულ განხილვაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ, აკადემიკოსებმა: ნოდარ ჭითანავამ და ალექსანდრე დიდებულიძემ, აკადემიის სტიპენდიატმა მამუკა ბენაშვილმა, სამინისტროს წარმომადგენლებმა - მინისტრის მრჩეველმა დოქტორმა ომარ კაჭარავამ, სამსახურის უფროსმა პროფესორმა ომარ თედორაძემ და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა დოქტორმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, პროფესორებმა: მედეა ბურჯანაძემ და ანზორ მესხიშვილმა, დოქტორებმა: გოჩა ცოფურაშვილმა და ეკატერინე კაციტაძემ. დასმულ კითხვებზე მომხსენებელმა გასცა ამომწურავი და კომპეტენტური პასუხები. კომისიის წევრებმა იმსჯელეს კანონის მოსალოდნელ შედეგებზე.
კომისიამ მოიწონა მოხსენება და სრული მხარდაჭერა გამოუთქვა კანონით გათვალისწინებულ ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს გადამხდელ სააგენტოდ გარდაქმნის ღონისძიებებს.