საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ფუტკრის მსოფლიო დღე საზეიმოდ აღინიშნა
ფუტკარი ბუნების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და საზოგადოებისთვის განსაკუთრებული სარგებლობის მქონე ორგანიზმს წარმოადგენს. იგი არა მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობისათვის ძვირფას და ბიოლოგიურად აქტიურ პროდუქტებს — თაფლს, დინდგელს, ფუტკრის რძეს, ჭეოს, ცვილსა და სხვა პროდუქტებს — აწარმოებს, არამედ ასრულებს უმნიშვნელოვანეს ეკოლოგიურ ფუნქციას — მცენარეთა დამტვერვას, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის ზრდისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
ფუტკარი, ამავე დროს, შრომისმოყვარეობის, ორგანიზებულობისა და ბუნებასთან ჰარმონიული თანაარსებობის სიმბოლოდ მიიჩნევა. მისი არსებობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს როგორც სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების, ისე ეკოსისტემური წონასწორობის დაცვის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად იმართება ფუტკრის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რომელიც 20 მაისს აღინიშნება.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ეს თარიღი უკვე მრავალი წელია ტრადიციად დამკვიდრდა. მიმდინარე წელსაც, აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით, ჩატარდა თემატური სხდომა — „მეფუტკრეობის აქტუალური საკითხები, პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“, რომლის ფარგლებშიც დარგის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
თემატური სხდომა გახსნა აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა თენგიზ ყურაშვილი. მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას მან დამსწრე საზოგადოებას ფუტკრის მსოფლიო დღე მიულოცა და სხდომის დღის წესრიგი გააცნო, რომელიც შემდეგ საკითხებს მოიცავდა: 1. ქართული ფუტკრის გენეტიკური სიწმინდის შენარჩუნება, მისი ბიომრავალფეროვნების გადარჩენის აუცილებელი პირობა. მომხსენებელი: აკადემიის მეფუტკრეობის მიმართულების კოორდინატორი, სოფლის მეურნეობის დოქტორი მაია ფეიქრიშვილი; 2. ჰიპერთერმია, როგორც ტროპილელაფსოზთან და ვაროატოზთან ბრძოლის ალტერნატიული მეთოდი. მომხსენებელი: აკადემიის მეფუტკრეობის მიმართულების საკოორდინაციო ჯგუფის წევრი, ვეტერინარიის მაგისტრი ნინო ყიფიანი; 3. საქართველოს მეფუტკრეობაში არსებული გამოწვევების მიმოხილვა. მომხსენებელი: მეფუტკრეობის დარგის ექსპერტი როლანდ ზირაქიშვილი.
მეტად საინტერესო და ამავდროულად პრობლემურ საკითხზე გაამახვილა ყურადღება თავის მოხსენებაში დოქტორმა მ. ფეიქრიშვილი. მოხსენება შეეხებოდა ქართული ფუტკრის უნიკალურობასა და მისი გენეტიკური რესურსების დაცვის აუცილებლობას.
აღინიშნა, რომ მსოფლიოში გავრცელებულ ფუტკრის სხვა ჯიშებს შორის ქართული ფუტკარი გამოირჩევა როგორც ბიომრავალფეროვნებით, ისე მნიშვნელოვანი ბიოლოგიური და სამეურნეო თვისებებით. იგი ჯიშის შიგნით მრავალ პოპულაციას აერთიანებს, მათ შორის: მეგრულს, გურულს, აფხაზურს, ქართლურს, იმერულ-რაჭულს, ზემო სვანურსა და კახურს, რომელთაც როგორც საერთო, ისე განსხვავებული ნიშან-თვისებები ახასიათებთ. აღნიშნულ პოპულაციებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩევა მეგრული, გურული, აფხაზური და ქართლური პოპულაციები.
რუხი შეფერილობის ქართულ ფუტკარს ახასიათებს თვინიერი ბუნება, სუსტი და საშუალო ღალის ეფექტიანად ათვისების უნარი, ნაყრობისადმი ნაკლები მიდრეკილება და სამუშაო დღის მაქსიმალურად გამოყენების მაღალი უნარი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ხორთუმის სიგრძე — მეგრულ და გურულ პოპულაციებში იგი საშუალოდ 7,2 მმ-ს აღწევს, რაც ფუტკარს საშუალებას აძლევს ნექტარი მოიპოვოს ღრმა სანექტრეების მქონე მცენარეებიდან, მათ შორის წითელი სამყურიდან.
მოხსენებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ საფრთხეებს, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში ქართული ფუტკრის გენეტიკურ სიწმინდეს ემუქრება. აღინიშნა, რომ მეფუტკრეთა ნაწილის არასათანადო დამოკიდებულებისა და უცხოური ჯიშების უკონტროლო შემოყვანის შედეგად, ხშირია სხვადასხვა ჯიშისა და პოპულაციის აღრევა, რაც უარყოფითად აისახება ქართული ფუტკრის გენოფონდზე და, საბოლოოდ, შესაძლოა სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს.
ხაზი გაესვა ქმედითი ღონისძიებების გატარების აუცილებლობას ქართული ფუტკრის დაცვისა და შენარჩუნების მიზნით. კერძოდ, მიზანშეწონილად მიიჩნევა სპეციალური დაცული ტერიტორიებისა და აღკვეთილების შექმნა, სადაც თითოეული პოპულაცია დაცული იქნება სხვა პოპულაციებისა და უცხოური ჯიშების ზეგავლენისგან. მეგრული პოპულაციისათვის ასეთ ტერიტორიებად დასახელდა ხობისწყლისა და სქურის ხეობები; გურული პოპულაციისათვის — სოფელი ზემო სურები; ქართლური პოპულაციისათვის — ბარისახოს, შუაფხოსა და ჩარგალის ტერიტორიები; ხოლო აფხაზური პოპულაციისათვის — გუდაუთის რაიონში მდებარე სოფლების, ფსხუსა და ხაბიუს მიმდებარე არეალი, თუმცა, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე აღნიშნულ ტერიტორიებზე შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ვერ ხერხდება.
მომხსენებელმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური ჯიშის ფუტკრის უკანონო შემოყვანისა და გავრცელების აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო რეგულაციების ეფექტიანი ამოქმედების აუცილებლობაზე. დასკვნის სახით ითქვა, რომ აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს ქართული ფუტკრის ბიომრავალფეროვნებისა და გენეტიკური სიწმინდის შენარჩუნებას.
თანამედროვე მეფუტკრეობაში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ფუტკრის ისეთი პარაზიტული დაავადებები, როგორებიცაა ვაროატოზი (ტკიპა Varroa destructor.) და ტროპილელაფსოზი (გამომწვევია ტკიპა Tropilaelaps spp.) ეს უკანასკნელი განსაკუთრებით საშიშია იმითაც, რომ შეუიარღებელი თვალით ძბნელად შესამჩნევია, ვაროასთან შედარებით ახასიათებს სწრაფი გამრავლების ციკლი და კოლონიაში უფრო სწრაფი გავრცელების უნარი. გარდა ამისა დამატებით სირთულეს ქმნის ისიც, რომ ბევრ რეგიონში ჯერ კიდევ შეზღუდულია მისი მონიტორინგისა და ეფექტიანი კონტროლის გამოცდილება, არადა წლიდან წლამდე სულ უფრო ფართოვდება მისი გეოგრაფიული გავრცელების არეალი. სწორედ ამ საკითხებს მიეძღვნა ვეტერინარიის მაგისტრის, ნინო ყიფიანის მოხსენება. მომხსენებლმა დეტალურად განიხილა ვაროას და ტროპილელაფსის განვითარების და სასიცოცხლო ციკლები, მათი მავნეობა. აღინიშნა, ტროპილელაფსოზისთვის დამახასიათებელი თავისებურება, რომელიც უნდა გათვალისწინებული იქნეს მკურნალობის და პროფილაქტიკის დროს, კერძოდ ის რომ: ტროპილელაფსის ტკიპები ძირითადად იმყოფებიან გადაბეჭდილ ბარტყში და მის საწინააღმდეგოდ შერჩეული უნდა იყოს გახანგრძლივებული მოქმედების პრეპარატები; ფორეტიკული ფაზა ზრდასრულ ფუტკარზე 1-2 დღე აქვთ; ზრდასრულ ფუტკარზე სიცოცხლის ხანგრძლივობა 2 დღეა ტროპილელაფსოზის პოპულაცია მცირდება გარკვეული პერიოდით (თებერვალ-აპრილში). მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ ბრძოლის ქიმიურ მეთოდებს შეზღუდვები გააჩნიათ, როგორიცაა: ტკიპების რეზისტენტობა, ნარჩენების დაგროვება მეფუტკრეობის პროდუქტებში, ტოქსიკურობა ფუტკრებისთვის, ბარტყში შეღწევის შეუძლებლობა, სადაც პარაზიტების ძირითადი მასაა თავმოყრილი. ქალბატონი ნინო ასევე შეეხო ტროპილელაფსოზთან ბრძოლის ალტერნატიულ მეთოდსაც, როგორიცაა თერმული მეთოდის შემუშავება და გამოცდა, რომელიც შესაძლებელს გახდის პარაზიტის სრულ განადგურებას სიცოცხლისუნარიანი ჭუპრისა და ფიჭების შენარჩუნებით. მომხსენებელმა ისაუბრა იმ კვლევებზე, რომელიც მის მიერ იყო შემუშავებული. ცდა იდგმებოდა სპეციალური დანადგარის გამოყენებით, რომელიც ამ მავნე პარაზიტის თერმული საშუალებით განადგურების პრინციპზე იყო დაფუძნებული. აღმოჩნდა, რომ 42-440C-ზე 3 საათიანი უწყვეტი ექსპოზიციის პირობებში მავნებელი სრულად ნადგურდებოდა, ისე რომ ჯანმრთელ ჭუპრებსა და ფუტკარს ზიანი არ ადგებოდა. თუმცა აქვე აღინიშნა, რომ ექსპერიმენტი საჭიროებდა შემდგომ დახვეწას და ცდების სერიების გამეორებას. 
საქართველოს მეფუტკრეობაში არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა მეფუტკრე-ექსპერტმა როლანდ ზირაქიშვილი. მან ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში შეინიშნება ფუტკრის პოპულაციების შემცირების ტენდენცია. აღნიშნული პროცესის მიზეზები მრავალფაქტორულია და ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრული არ არის. გარკვეულწილად, ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ახალი დაავადებების გავრცელებასთან, კლიმატის ცვლილებასთან, ანთროპოგენურ ზემოქმედებასთან და სხვა ფაქტორებთან.
მომხსენებლის შეფასებით, საქართველოში არსებულ გამოწვევებს ხშირად ემატება მეფუტკრეობის სფეროში არასაკმარისი ცოდნა და პროფესიული გამოცდილების დეფიციტი. აღნიშნული პრობლემების შემცირების მიზნით აუცილებელია ახალბედა მეფუტკრეებისთვის ტრენინგების, სემინარებისა და ვორკშოფების ორგანიზება, რაც ხელს შეუწყობს ფუტკრის მოვლა-შენახვის თანამედროვე მეთოდების შესახებ ცოდნის ამაღლებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ თითოეულმა მოხსენებამ დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. მომხსენებლების მიმართ არაერთი შეკითხვა დაისვა, რომლებზეც ამომწურავი და არგუმენტირებული პასუხები იქნა გაცემული.
თემატური სხდომა წარმომადგენლობითი იყო. დამსწრე საზოგადოებას შორის იყვნენ: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი და დოქტორი ზურაბ მაკარაძე.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: საქართველოს მეფუტკრეთა კავშირის პრეზიდენტი რამაზ თავართქილაძე, ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება ეიჩ-ენდ ზეტი-ს თავმჯდომარე წოვინარ ნაზაროვა, ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტი-ის ტყის დაცვის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ბიოლოგიის დოქტორი მედეა ბურჯანაძე, ყოფილი მეფუტკრეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ნატალია გარდავა, კოოპერატივ „კოდის“ ხელმძღვანელი, გამოცდილი მეფუტკრე გიორგი მერაბიშვილი, მეფუტკრე ირმა ამირაჯიბი, ასევე აკადემიის აპარატის თანამშრომლები.
თემატური სხდომა შეაჯამა მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა თენგიზ ყურაშვილმა. მან კიდევ ერთხელ მიულოცა აუდიტორიას ფუტკრის მსოფლიო დღე და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება და წინსვლა უსურვა.

