22 - მაისი ბიოლოგიური მრავალფეროვნების საერთაშორისო დღე
25 მაისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა ბიოლოგიური მრავალფეროვნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი თემატური სხდომა: „აგრომეტყევეობის განვითარება საქართველოში“.
სხდომას ესწრებოდნენ: აკადემიის, გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის მთავარი აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი მარინე ბარვენაშვილი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი, აკადემიის აპარატის მუშაკები - ქეთევან ჭიპაშვილი, ლარისა ჩაიკა; მოწვეული სტუმრები: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ნანა გოგინაშვილი, სსიპ აჭრის სატყეო სააგენტოს ტყის მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი რეზო ვასაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის სპეციალობა „სატყეო საქმის“ მე - 3 კურსის სტუდენტები.
სხდომა გახსნა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა ბიოლოგიური მრავალფეროვნების საერთაშორისო დღის მნიშვნელობას და მოქალაქეების ჩაბმას გარემოს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად მიმართულ ქმედებებში. აღინიშნა, რომ ეს დღე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ დედამიწაზე არსებული მცენარეთა, ცხოველთა და მიკროორგანიზმთა მრავალფეროვნება წარმოადგენს სიცოცხლის საფუძველს და ადამიანის კეთილდღეობის აუცილებელ წინაპირობას. თანამედროვე მსოფლიოში ბიომრავალფეროვნებას სერიოზული საფრთხეები ემუქრება — კლიმატის ცვლილება, ეკოსისტემების დეგრადაცია, ტყეების განადგურება, გარემოს დაბინძურება და ბუნებრივი რესურსების არარაციონალური გამოყენება. ამიტომ, ამ დღის აღნიშვნა არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ პრაქტიკული მნიშვნელობის მატარებელია, რადგან იგი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, სახელმწიფოებსა და მეცნიერებს, ერთობლივად იმოქმედონ ბუნებრივი რესურსების დაცვისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.
შემდგომ აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ სიტყვა გადაცა ს/კ ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის უფროსს, სოფლის მეურნეობის დოქტორ ნანა გოგინაშვილს, რომელმაც გააკეთა მოხსენება თემაზე: „აგრომეტყევეობის განვითარება საქართველოში“. მომხსენებელმა ისაუბრა აგრომეტყევეობის, მისი მნიშვნელობის და შემდგომი განვითარების შესახებ. აღინიშნა, რომ აგრომეტყევეობა არის მიწის რესურსების მართვის სისტემა, სადაც ტყის მერქნიანი მცენარეების გაშენება ხდება სხვადასხვა მიზნით. იგი აერთიანებს სასოფლო-სამეურნეო, ზოო- და სატყეო ტექნოლოგიებს და საბოლოოდ უზრუნველყოფს მდგრადი, მწარმოებლური და სტაბილური მიწათსარგებლობის სისტემის ჩამოყალიბებას, ანუ აგრომეტყევეობა ნიშნავს სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე ტყის ხე მცენარეების გაშენებას სხვადასხვა მიზნით. აგრომეტყევეობის ძირითადი კომპონენტებია: ხე მცენარეები, სასოფლო-სამეურნეო კულტურები და მეცხოველეობა. აგრომეტყევეობა - როგორც ჩამოყალიბებული სისტემა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 1970-1980-იანი წლებიდან იწყება, თუმცა მისი ცალკეული მიმართულებები (ქარსაფარი ზოლების მოწყობა, ნაპირსამაგრი მცენარეულობის გაშენება და სხვ.) ბევრად ადრეული პერიოდებიდან იღებს სათავეს. შემდგომ მომხსენებელმა მოკლედ დაახასიათა აგრომეტყევეობის მახასიათებლები და ძირითადი მიმართულებები. მახასიათებლებს შორის გამოყო შემდეგი:
1) პროდუქტიულობა - აგრომეტყევეობა მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სექტორის პროდუქტიულობის და ასევე ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდას. აღნიშნული მოიცავს ხე-მცენარეებისგან მიღებული პროდუქციის ზრდას, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლის გაუმჯობესებასა და შრომის პროდუქტიულობის გაზრდას.
2) მდგრადობა - საბაზისო რესურსების პროდუქტიულობის პოტენციალის შენარჩუნება, რომელიც ძირითადად მიიღწევა მრავალწლოვანი მერქნიანი მცენარეების ჩართულობით. მდგარდობას ასევე განსაზღვრავს ახალი აგროსატყეო ტექნოლოგიების შესაბამისობა ადგილობრივი მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო ღონისძიებებთან და ტრადიციებთან.
3) მრავალფუნქციურობა - განახლებადი ბიომასის მიღება; ნახშირბადის ფიქსაცია მერქანში და ნიადაგში; ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლება; წყლის რესურსების დაცვა; ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება; დამატებითი შემოსავლები (მერქანი, ნაყოფი, ბოსტნეული კულტურები, მეცხოველეობის პროდუქტები); ახალი ცოდნა (ტრენინგები, ფერმერთა გადამზადება).
რაც შეეხებ აგრომეტყევეობის მიმართულებებს, ესენია: ქარსაფარი ზოლების მოწყობა, ნაპირსამაგრი ნარგაობების გაშენება, ხე-მცენარეების პლანტაციების გაშენება სასოფლო-სამეურნეო კულტურებთან ერთად, ენერგეტიკული მეტყევეობა ან მოკლე როტაციის მეტყევეობა (სწრაფმზარდი მერქნიანი მცენარეების პლანტაციები, აგროსილვაპასტორული სისტემები, სატრანსპორტო მაგისტრალების გასწვრივ გაშენებული დამცავი ნარგაობები და ბუფერული ზონები.

ზემოთ ჩამოთვლილ მიმართულებებში ხე - მცენარეები ირგვება შესაბამისი სქემებით, სახეობების შერჩევა ხდება ადგილობრივი კლიმატური და ნიადაგური თვისებების გათვალისწინებით.
საქართველოში ყველაზე აქტუალური ქარსაფარი ზოლების გაშენებაა, ინტენსიურად მიმდინარეობს ზოოსატყეო სამელიორაციო ღონისძიებები, ნაპირსამაგრი და გზის დამცავი ნარგაობების გამრავლება.
სხდომის ბოლოს გაიმართა დისკუსია. სხდომა შეაჯამა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა აკადემიკოს - მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა მომხსენებელს და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს საქართველოს ბიოლოგიური მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების განხილვა-გადაწყვეტას.
