მიმდინარე წლის 20 მაისს შედგა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეცმოხსენებით თემაზე: ,,ქარსაფარ ზოლებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები საქართველოში’’ გამოვიდა სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე.
მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა ქარსაფარ ზოლების მართვის პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია სისტემური პროცესია, რომლის მიზანია ქვეყნის მასშტაბით არსებული ქარსაფარი ზოლების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის შეგროვება, რაც მათი ეფექტიანი მართვის, აღდგენისა და განვითარების საფუძველს ქმნის. ინვენტარიზაციის პროცესის ძირითადი გამოწვევებს ქარსაფარი ზოლების ტერიტორიაზე სხვადასხვა ნაგებობის და მრავალწლიანი ნარგავების და ინფრასტრუქტურული ობიექტების არსებობა, სახელმწიფო ტყის მიწებთან გადაკვეთა, კერძო საკუთრებაში ქარსაფარი ზოლის მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის ფაქტები და სხვა წარმოადგენს.
ბატონმა გიორგიმ ხაზი გაუსვა ქარსაფარ ზოლებში ხე-მცენარეების გაჩეხვის, ამოძირკვის, ტერიტორიის დაზიანების ფაქტებს და აღნიშნა, რომ 2023-2026 წწ მონაცემებით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 19 საკადასტრო კოდზე მიწათსარგებლობის მონიტორინგის ფარგლებში, გამოვლენილია 67 ერთეული ხე-მცენარის განადგურების და 1 ჰა-ზე მეტი ფართობი მიწის დაზიანების ფაქტები.
მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ქარსაფარი ზოლების აღდგენა-გაშენებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რომლებიც მოიცავენ როგორც ფინანსურ საკითხებს, ასევე პირუტყვისა და ხანძრისმიერი დაზიანებების მაღალ რისკებს, სარწყავი წყლის რესურსებისა და ადგილობრივი წარმოების სანერგე მასალის სიმწირეს და სხვა. ისაუბრა იმაზეც, რომ მიმდინარეობს აღდგენა-გაშენების პროგრამის მოდერნიზება, რაც არსებულ გამოწვევებს უპასუხებს.
იმის გამო, რომ ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მიკროკლიმატს, ამცირებს ნიადაგში ტენის დანაკარგებს და შესაბამისად მორწყვის საჭიროებას, ნიადაგის ნაყოფიერება და ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის სამეურნეო და ეკონომიკური მაჩვენებლები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მათ არსებობაზე. ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესაძლებლობა შეინარჩუნონ ნიადაგის ტენიანობა შეიძლება ასევე გამოყენებული იქნეს, როგორც კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის მექანიზმი.
ბატონმა გიორგიმ დამსწრე საზოგადოებას მოახსენა, რომ 2021 წლიდან უწყვეტად მიმდინარეობს ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ეს კი მათ სამართლებრივ დაცვასა და ეფექტიან მართვას უზრუნველყოფს.
მოხსენების შემდგე გაიმართა დისკუსია, მომხსენებელს შეკითხვები დაუსვეს:
აკადემიკოსებმა: ნოდარ ჭითანავამ, ალექსანდრე დიდებულიძემ, ლაშა დოლიძემ, რევაზ ასათიანმა, ზურაბ ცქიტიშვილმა; პროფესორებმა: ანზორ მესხიშვილმა, ნუგზარ ებანოიძემ, ოთარ ქარჩავამ, მამუკა ბენაშვილმა, ლალი ელანიძემ. დოქტორებმა: გოჩა ცოფურაშვილმა, ვლადიმერ მირუაშვილმა, ოთარ ნადირაშვილმა, გიორგი ქუთელიამ; კომისიის მდივანმა ქეთევან ჭიპაშვილმა. მათი მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ ვინაიდან ნიადაგის ნაყოფიერება და ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის სამეურნეო და ეკონომიკური მაჩვენებლები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქარსაფარი ზოლების არსებობაზე, მათ მოვლა-დაცვასა და აღდგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
