2016 წლის 22 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გ. ალექსიძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკად. ე. შაფაქიძე, პრეზიდენტის მოადგილე, დოქტ. ა. გიორგაძე და პრეზიდენტის თანაშემწე თ. ეპიტაშვილი იმყოფებოდნენ ქ. ქუთაისში, ა.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შეხვედრის მიზანი იყო აკადემიასა და უნივერსიტეტს შორის 2013 წელს გაფორმებული მემორანდუმის ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა და სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგების განვითარებაში მეცნიერული პოტენციალის გამოყენების არსებული მდგომარეობა.
უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს - რექტორმა, პროფ. გ. ღავთაძემ, აგრარულ მიმართულებაში რექტორის მოადგილემ, პროფ. რ. კოპალიანმა, უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის სტუდენტებმა, პედაგოგებმა და მეცნიერებმა.
შეხვედრა შესავალი სიტყვით გახსნა პროფ. გ. ღავთაძემ, რომელმაც აღნიშნა აკადემიისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ, მეცნიერების აქტიური მონაწილეობა უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში და თავის მხრივ აგრარული ფაკულტეტის მონაწილეობა აკადემიის საერთაშორისო თუ ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში, სემინარებში, მრგვალ მაგიდებში და ა.შ.
შეხვედრაზე ვრცელი მოხსენება გააკეთა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გ. ალექსიძემ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო აკადემიის სამეცნიერო საქმიანობა და მისი საერთაშორისო ურთიერთობები, ინფორმაციები გაფორმებული ხელშეკრულებების შესახებ პოლონეთის, ჩეხეთის, უკრაინის, ბელარუსიის, სამხრეთ კორეის, ჩინეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან, ქვეყნის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან და სხვა. მომხსენებელმა აგრეთვე აღნიშნა აკადემიის საგამომცემლო საქმიანობა და ფერმერების დახმარების პროგრამები. გაკეთდა ინფორმაცია უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის პუნქტების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს პროფ. რ. კოპალიანმა, აგრარული ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. ქ. კინწურაშვილმა, აგრარული მეცნიერების დეპარტამენტის უფროსმა, პროფ. რ. ლორთქიფანიძემ და სხვა.
გამომსვლელებმა ერთხმად აღნიშნეს ამ ტიპის შეხვედრების დიდი მნიშვნელობა და მიიღეს ცნობად, რომ მომდევნო შეხვედრაზე, აპრილის თვეში, რექტორის მოადგილე, პროფ. რ. კოპალიანი წარდგება აკადემიის აკადემიური საბჭოს წინაშე აგრარული ფაკულტეტის სამეცნიერო საქმიანობის ანგარიშით.