2016 წლის 14 ივლისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე ინვესტორების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა აზერბაიჯანის ქალაქ შეკში მეაბრეშუმეობის საკითხებთან დაკავშირებით. მას თან ახლდა საქართველოს სამხარეო განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ასოციაციის წევრები გიორგი ჟღენტი_აღმასრულებელი დირექტორი და გიორგი მენთეშაშვილი _ ასოციაციის წევრი.
ზემოთ აღნიშნულ ასოციაციას ბატონიშვილ იოანე ბაგრატიონის ხელმძღვანელობით სურვილი აქვს განახორციელოს ინვესტიციები საქართველოს მეაბრეშუმეობის აღდგენისა და განვითარების საქმეში, რისთვისაც მათ მიიღეს სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია II კურთხევა.
აზერბაიჯანში საქართველოს დელეგაციის წევრები შეხვდნენ მეაბრეშუმეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის (გენერალური დირექტორი, დოქტორი იუსუფ შუქურლუ) მეცნიერებსა და სპეციალისტებს, გაეცნენ სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის თუთის აბრეშუმხვევიას სელექციის ლაბორატორიის მუშაობას, იქ მიღებულ ჯიშებსა და ჰიბრიდებს, ქ. შეკის მეაბრეშუმეობის მრეწველობის სათაო ქარხნის ტექნოლოგიურ კომპლექსს და მათ მუშაობას, ქარხნის მიერ აბრეშუმის ძაფიდან მიღებულ მეტად საინტერესო პროდუქციას.
აღნიშნული შეხვედრები საინტერესო იყო იმითაც, რომ ინვესტორები გაეცნენ აბრეშუმის ძაფისა და აბრეშუმის ქსოვილის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიებს და ავტომატურ ტექნოლოგიურ ხაზებს, აგრეთვე აბრეშუმის ძაფიდან მიღებული ქსოვილის დამუშავების თანამედროვე მეთოდებს, ხოლო აკადემიკოსი ე. შაფაქიძე, როგორც BASCA-ს კოორდინატორი საქართველოში, ადგილზე გაეცნო მეაბრეშუმეობის მიმართულებით აზერბაიჯანში არსებულ მდგომარეობას, რათა საქართველო მომზადებული შეხვდეს BASCA-ს VIII საერთაშორისო კონგრესს 2017 წლის აპრილში, რომელიც სწორედ აზერბაიჯანის ქალაქ შეკში გაიმართება.
გამოითქვა მოსაზრება, რომ მიზანშეწონილია გაფორმდეს მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ აზერბაიჯანის შეკის მეაბრეშუმეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში მეაბრეშუმეობის აღდგენის, რეაბილიტაციისა და განვითარების საქმეს.