2017 წლის 09 მარტს ჩატარდა აკადემიის ეკონომიკის (აკადემიკოს-მდივანი აკად. ო. ქეშელაშვილი) და სურსათის უვნებლობის (აკადემიკოს-მდივანი აკად. ზ. ცქიტიშვილი) სამეცნიერო განყოფილებების გაერთიანებული სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ სამეცნიერო განყოფილებების წევრები, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი აკად. გ. ჯაფარიძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი აკად. ე. შაფაქიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აკად. რ. ასათიანი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ნ. ხატიაშვილი და ცენტრის რისკის შეფასების სამსახურის თანამშრომელები, სურსათის სააგენტოს წარმომადგენლები, აგრარული და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები.
სხდომამ განიხილა ერთი საკითხი – “საქართველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციის თავისებურებები, ტენდენციები და პერსპექტივები”, მომხსენებელი აკად. ნოდარ ჭითანავა. მომხსენებელმა ძალზე საინტერესოდ და მაღალ მეცნიერულ დონეზე ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ, მიმოიხილა ძირითადად ის პროცესები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებს ეხება სასურსათო უზრუნველყოფის და რისკის ფაქტორების გათვალისწინებით; ისაუბრა ინვესტიციებზე სოფლის მეურნეობაში და სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებზე, ამ მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და ცხოვრებაში მათ განხორციელებაზე და ა.შ. მომხსენებელმა ფართოდ გააშუქა განხილულ საკითხების განხორციელებაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, როგორც მთავრობის მეცნიერული მრჩეველის და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის როლი და მომავალი საქმიანობა.
Dდღის წესრიგის ირგვლივ საკითხის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნ. ხატიაშვილმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა შ. ჩხეიძემ, აკად. პ. კოღუაშვილმა, სურსათის უვნებლობის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა აკად. ზ. ცქიტიშვილმა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, აკად. რ. ასათიანმა.
სამეცნიერო განყოფილებების გაერთიანებული სხდომის მუშაობა შეაჯამა და შეაფასა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა აკად. გივი ჯაფარიძემ.
* * *