საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში 2017 წლის 19 მაისს დანიელმა მეცნიერმა, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პროფესორმა, კლინიკური ბიოქიმიის დეპარტამენტის ლაბორატორიის უფროსმა, დანიური ნუტრიციის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა სტინ სტენდერმა ჩაატარა ლექცია-სემინარი თემაზე: “ინდუსტრიალურად წარმებული ტრანსცხიმის საზიანო ზემოქმედება კარდიოვასკულარულ სისტემაზე და ტრანსცხიმები პოპულარულ სურსათში. დროა დავიცვათ მოსახლეობა.”
სხდომას უძღვებოდა აკადემიის სურსათის უვნებლობის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი. ლექციას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამსახურის თანამშრომლები, ცნობილი მეცნიერები, ტექნიკური და აგრარული უნივერსიტეტების პროფესორები, ბაკალავრები, მაგისტრები, დოქტორანტები და საკითხით დაინტერესებული პირები.
ლექცია-სემინარი ჩაიწერა ტელევიზიებმა: TV-1, საფერავი TV და “პულსმა”.
როგორც ცნობილია, ბევრ ქვეყანაში დღეს არსებული საკანონმდებლო რეგულაციებით მაქსიმალურად იზღუდება ტრანსცხიმების გამოყენება კვების ინდუსტრიაში, რაც განპირობებულია მათი მიღების დროს გამოწვეული დაავადებების სიმძიმით - ტრანსცხიმები არღვევენ უჯრედის მემბრანის განვლადობას და მოქნილობის რეგულირების მექანიზმს, სრულფასოვნად არ მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში, გამოირჩევიან ორგანიზმში კუმულაციის უნარით, იწვევენ ე.წ. “ცუდი ქოლესტერინის “ რაოდენობის მატებას და “კარგი ქოლესტერინის” შემცირებას, რაც წარმოადგენს გულსისხლძარღვთა იშემიური დაავადების ათეროსკლეროზის განვითარების მაღალ რისკს, ასევე არსებობს საფრთხე ალცჰეიმერის და ონკოლოგიური დაავადების განვითარების და სხვა.
ტრანსცხიმები გვხვდება მარგარინში, სპრედის ცხიმში, ტკბილეულში, ნამცხვრებსა და დონატებში, შემწვარ საკვებში, სწრაფი კვების პროდუქტებში.
მომხსენებელმა ფართოდ ისაუბრა ტრანსცხიმების მავნე ზემოქმედების შესახებ, სხვადასხვა ქვეყანაში საკვებ პროდუქტებში მისი შემცველობის შემცირების ღონისძიებების გატარებაზე. აღსანიშნავია, რომ სტინ სტენდერი სათავეში ჩაუდგა ევროკავშირის მასშტაბით ტრანსიზომერული ცხიმის, როგორც პოტენციური საფრთხის და ადამიანის ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი ქიმიური ნივთიერების გამოკვლევას და მისი უარყოფითი ზეგავლენის ალბათობის მინიმიზაციის ღონისძიებები შეიმუშავა. დანია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც გაამკაცრა საკანონმდებლო სისტემა ტრანსცხიმების შემცველი სურსათის რეგულირების მიზნით, რომელიც ეფექტურად კრძალავს ნახევრად ჰიდროგენიზებულ ტრანსცხიმებს. დანიაში მოხმარებისთვის დადგენილია ცხიმსა და ზეთებში ტრანსცხიმების შემცველობის 2%-იანი ზღვარი.
საქართველოში ტრანსიზომერებთან დაკავშირებით პირველი მწვავე განცხადება გააკეთა აკდემიკოსმა ზურაბ ცქიტიშვილმა. მისი თაოსნობით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის რისკის შეფასების სამსახურში განხორციელდა პროექტი “ინდუსტრიული ტრანსიზომერული ცხიმების ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების გავლენის ალბათობისა და სიმძიმის შეფასება.” აკადემიკოს ზ. ცქიტიშვილის ინიციატივით აკადემიამ მოამზადა სამთავრობო წერილი, სადაც მოცემულია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემუშავებული სამეცნიერო დასკვნა და რეკომენდაციები. ამ წერილის საფუძველზე შემუშავებული იქნა მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის #262 დადგენილება, სადაც განისაზღვრა სურსათში ინდუსტრიული ტრანსიზომერული ცხიმების შემცველობის ნორმა:
- სურსათში ტრანსცხიმების შემცველობა 100 გრ მცენარეულ ცხიმში არ უნდა აღემატებოდეს 2 გრ-ს;
- ჩვილ ბავშვთა და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი სურსათი არ უნდა შეიცავდეს ტრანსცხიმს.
აღნიშნული დადგენილება ძალაში შევა 2017 წლის 01 აგვისტოდან.