2017 წლის 06 სექტემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი ვუ კონგმინგი, ამავე აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, პროფესორი ქალბატონი ჩანგ ჰუიჯი და ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, FAO-ს კოორდინატორი ჩინეთში, ბატონი ლიუ შონგვეი. ვიზიტის მიზანი იყო თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის. აკადემიიდან შეხვედრას ესწრებოდნენ სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნები, აკადემიკოსები გ.მარგველაშვილი, რ. მახარობლიძე, ჯ. გუგუშვილი და ნ. ბაღათურია, აკადემიკოსები ე. შაფაქიძე, ნ. ჩხარტიშვილი, თ. ყურაშვილი, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტ. ა. გიორგაძე, სწავლული მდივნები დოქტორები მ. ბარვენაშვილი და რ. ლოლიშვილი, პრეზიდენტის თანაშემწე საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში თ. ეპიტაშვილი, აკადემიის წამყვანი სპეციალისტები გ. მოსაშვილი, ც. თეგეთაშვილი და მ. მოსაშვილი.
შეხვედრა შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გ. ალექსიძემ. აღინიშნა, რომ ჩინეთის სმმ აკადემიასთან საქართველოს სმმ აკადემიას ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ ხელმოწერილი აქვს 2009 წლიდან, მაგრამ სოფლის მეურნეობის მართვის თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების გაუმჯობესებამ და მსოფლიოში რესურსდამზოგი ტექნოლოგიების ფართოდ გამოყენებამ, აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის თანამედროვე რელსებზე გადაყვანის გამო მიწანშეწონილია ახალი ხელშეკრულების გაფორმება. ახალი მემორანდუმით გათვალისწინებულია ერთობლივი ლაბორატორიების ჩამოყალიბება დარგების მიხედვით, სადაც ძირითადად წარიმართება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა მხარეებისათვის საინტერესო მიმართულებებში, როგორიცაა: მარცვლეული და საკვები პროდუქტების წარმოება; ხილის და ბოსტნეულის პროდუქცია; მევენახეობა და მეღვინეობა; მეცხოველეობა, მეაბრეშუმეობა, ვეტერინარია; მცენარეთა მრავალფეროვნება და მათი გაუმჯობესება; სურსათის ხარისხის სტანდარტი და მისი ტესტირება/გამოცდა.
ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი ვუ კონგ მინგი მიესალმა ორ აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას და აღნიშნა, რომ მემორანდუმი იქნება საფუძველი, რათა საქართველო გაერთიანდეს გაეროს მიერ განხორციელებულ “სამხრეთის სარტყელის” პროგრამებში, რომელსაც ამჟამად ჩინეთი ხელმძღვანელობს. აღინიშნა აგრეთვე, რომ “სამხრეთის სარტყელის” პროგრამების განხორციელებაში საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება აგრარული მიმართულებების სამეცნიერო პოტენციალის მდიდარი გამოცდილების გამო.
შეხვედრის დასასრულს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ და ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა ვუ კონგ მინგმა, ხელი მოაწერეს ორ აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ძალაში დარჩება 5 წლის განმავლობაში.
თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელს აწერენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გ. ალექსიძე და ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი ვუ კონგმინგი
(თბილისი, 2017 წლის 06 სექტემბერი)
ჩინელი სტუმრები სსმმ აკადემიის თანამშრომლებთან ერთად