2017 წლის 24 სექტემბერს ქ. თბილისის რიყის პარკში საზეიმოდ გაიხსნა “მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი - 2017”. ფესტივალის მონაწილეებს მიესალმა ვიცე-პრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - ალექსანდრე ჯეჯელავა; თბილისის მერი დავით ნარმანია; საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილი; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე.
ფესტივალის სტუმრებმა დაათვალიერეს რიყის პარკში სხვადასხვა სამეცნიერო და საგანამანათლებლო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საგამოფენო სტენდები და ექსპონატები; სტუმრები ეწვიენ აგრეთვე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ მოწყობილ გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იყო აკადემიის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შექმნილი ინტელექტუალური პროდუქცია. მინისტრის გარდა აკადემიის საგამოფენო სტენდები დაათვალიერეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეებმა ქ. ნატრიაშვილმა, ლ. გიგაურმა და თ. მარსაგიშვილმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა აკად. ა. ფრანგიშვილმა, ქუთაისის ა. წერეთლის უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. გ. ღავთაძემ, ფესტივალის სხვა სტუმრებმა - მეცნიერებმა, სტუდენტებმა, სკოლის მოსწავლეებმა და სხვა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ ფესტივალზე წარმოადგინა აკადემიის ნამდვილი წევრების და წევრ-კორესპონდენტების მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები და აგრარული მიმართულებების პრაქტიკული ხასიათის ოთხმოცამდე რეკომენდაცია, რომელიც შექმნილია 2013 წლიდან დღემდე. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აგრეთვე აკადემიის 2012-2016 წლების ანგარიშები, აკადემიაში 2013-2016 წლებში ჩატარებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომათა კრებულები, მარცვლეული კულტურების, მევენახეობა-მეღვინეობის, მეაბრეშუმეობის და მეცხოველეობის დარგის ექსპონატები, ფესტივალის და აკადემიის ბანერები.
სტუმრებს მასპინძლობას უწევდნენ და აკადემიის შესახებ ახსნა-განმარტებას აძლევდნენ აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკად. ე. შაფაქიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტ. ა. გიორგაძე, აკადემიის პრეზიდენტის თანაშემწე საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში თ. ეპიტაშვილი, სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნები, დოქტორები მ. ბარვენაშვილი და რ. ლოლიშვილი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საგამოფენო სტენდთან. მარცხნიდან მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, აკად. ელგუჯა შაფაქიძე, მინისტრის მოადგილე ლია გიგაური.
ფესტივალის პროგრამა იხილეთ ბმულზე