საქართველოს
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
პრეზიდენტის ხუთი წლის საქმიანობის
ანგარიში
აკად. გურამ ალექსიძის საანგარიშო მოხსენება აკადემიის საერთო კრებაზე,
28 თებერვალი, 2018 წელი.
2018 წლის 28 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა აკადემიის საერთო კრება, სადაც განიხილეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის აკადემიკოს გურამ ალექსიძის ანგარიში აკადემიის მიერ 2013_2017 წლებში გაწეული მუშაობისა და აკადემიის პრეზიდენტის საპრეზიდენტო ხუთწლიანი პროგრამის შესრულების მდგომარეობის შესახებ.
მომხსენებელმა, აკად. გურამ ალექსიძემ კრების მონაწილეებს შეახსენა აკადემიის ის სამუშაო პროგრამები, რომელიც მან პრეზიდენტად არჩევის დროს თავის საპროგრამო მოხსენებაში გააშუქა. იგი შეეხო აკადემიის სტრუქტურას, აკადემიური საბჭოს მიერ ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას და განხილულ საკითხებს, აკად. გ. ალექსიძემ მიმოიხილა აკადემიის თანამშრომლობა საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო ორგანიზაციებთან, ისაუბრა მათთან გაფორმებულ თანამშრომლობის მემორანდუმებზე, განიხილა აკადემიის მიერ ჩატარებული ღონისძიებები - საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციები, სემინარები და მრგვალი მაგიდები. ისაუბრა აკადემიაში მოქმედ დარგობრივ ეროვნული კოორდინატორების ინსტიტუტის, აკადემიაში ჩამოყალიბებული ფერმერთა და სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსების, აკადემიაში აგრობიომრავალფეროვნების სამეცნიერო ცენტრის ფუნქციონირების შესახებ;
აკად. გ. ალექსიძემ კრებას მოახსენა სტატისტიკური მასალა, რომელიც ეხებოდა განვლილ ხუთ წელიწადში აკადემიის და მისი წევრების საგამომცემლო საქმიანობას - გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომებს, მონოგრაფიებს, სახელმძღვანელოებს, სტატიებს, პრაქტიკულ რეკომენდაციებს, გამოგონებებსა და პატენტებს.
მოხსენების ირგვლივ აზრი გამოთქვეს აკადემიკოსებმა ნ. ქარქაშაძემ, ო. ქეშელაშვილმა, ზ. ცქიტიშვილმა, გ. პაპუნიძემ, რ. ჩაგელიშვილმა, ჯ. გუგუშვილმა, ვ. ცანავამ, ნ. ჭითანავამ, ე. შაფაქიძემ, ნ. ჩხარტიშვილმა, თ. ყურაშვილმა, რ. მახარობლიძემ, ი. ვასაძემ, ჯ. კაციტაძემ და რ. კოპალიანმა, რომლებმაც წარმატებულად და დადებითად შეაფასეს აკად. გ. ალექსიძის პრეზიდენტობის პერიოდში აკადემიის და მისი პრეზიდენტის მიერ გაწეული საქმიანობა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.
ამავე კრებაზე მოსმენილი იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების მიერ 2017 წელს ჩატარებული მუშაობისა და 2018 წლის ამოცანების შესახებ. მომხსენებლები - აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს_მდივნები აკადემიკოსები გ. მარგველაშვილი, ჯ. გუგუშვილი, რ. მახარობლიძე, ნ. ბაღათურია, ზ. ცქიტიშვილი, რ. ჩაგელიშვილი და ო. ქეშელაშვილი. აკადემიის საერთო კრებამ მათ მიერ გაწეული საქმიანობა შეაფასა დადებითად.