საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სსმ მეცნიერებათა აკადემიის საქმიანობის სრულყოფის პროგრამა

აკადემიკოსი გურამ ალექსიძე

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საქმიანობის სრულყოფის პროგრამა

2018-2022 წ.წ.

(თეზისები)

          ქვეყნის განვითარების დღევანდელ ეტაპზე, როცა პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ძირითადი ფუნქცია აგრარულ სფეროში არსებული სამეცნიერო - კვლევითი ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაციის სწორი ორგანიზება, საგრანტო თემების შესწავლა და მათი ექსპერტიზაა, აკადემიის, როგორც აგრარულ საკითხებში მთავრობის მრჩევლის როლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

          აკადემიის მუშაობის ძირითადი მიმართულება არის და მომავალშიც იქნება მემცენარეობაში, მეცხოველეობაში და სასოფლო სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელ მრეწველობაში  ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიების დამუშავება და მათი წარმოებაში გამოყენების ხელშეწყობა. სწორედ აქეთკენ უნდა იყოს მიმართული აკადემიის ყველა წევრის ძალისხმევაც.

      წარსული ხუთი წლის განმავლობაში აკადემიაში მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა: გაძლიერდა კოორდინაცია კვლევით ორგანიზაციებს შორის; დამყარდა საინტერესო ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა უცხოეთის კვლევით ორგანიზაციებთან; ჩატარდა თანამედროვე აქტუალურ პრობლემებზე საერთაშორისო კონფერენციები; დამუშავდა და გამოქვეყნდა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია და მისი განხორციელების გზები; დაიბეჭდა და გავრცელდა რეკომენდაციები ფერმერთა დასახმარებლად სოფლის მეურნეობის განვითარების აქტუალურ საკითხებზე; ყოველწლიურად ტარდება კონკურსები აგრარულ დარგში საუკეთესო მეცნიერის, ასევე საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომის გამოსავლენად. ყოველივე ეს გვაძლევს საფუძველს  დავასკვნათ, რომ აკადემია თანდათან იკავებს იმ ნიშას, რაც მისი ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის მეტად საჭირო და მნიშვნელოვანია.

          მიუხედავად საქმიანობის ერთგვარი გაუმჯობესებისა, ჯერ კიდევ ბევრი აქტუალური საკითხია გადასაწყვეტი.  

          პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ორგანიზაციული საკითხები:

1. აკადემია უნდა გახდეს ქვეყანაში აგრარული კვლევის ძლიერი სამეცნიერო - კვლევითი ცენტრი. მის სისტემაში უნდა ფუნქციონირებდეს კვლევითი ორგანიზაციები. მიუხედავად იმისა, რომ შექმნილია სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითი ცენტრი, ასევე აგრარულ და ტექნიკურ უნივერსიტეტებში მიმდინარეობს მუშაობა თანამედროვე აგროტექნოლოგიური ღონისძიებების დამუშავებაზე, მათ აქვთ შესაბამისი მაღალი დაფინანსებაც, ჩვენი აზრით აკადემიის სისტემაში უნდა ჩამოყალიბდეს: აგროტექნოლოგიის, აგროსაინჟინრო, მეცხოველეობის, ვეტერინარიის და საკვებწარმოების, პროდუქტთა გადამუშავების და შენახვის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრები. ასეთი სისტემა წარმატებით მუშაობს ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, რუმინეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, უნგრეთში, რუსეთში და სხვაგან. დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი ორგანიზაციული ფორმის შექმნა აუცილებელია, შესაბამისი დასაბუთებული მოსაზრებები წარედგინება საქართველოს მთავრობას. ცხადია, რომ ფუნდამენტური კვლევების გარეშე არ განვითარდება, ისეთი სამეცნიერო მიმართულებები, როგორიცაა: აგრობიოტექნოლოგია, მცენარეთა და ცხოველთა სელექცია, მავნებელ - დაავადებათა გავრცელების პროგნოზირება, ბიოსისტემების მოდელირება, აგრობიომრავალფეროვნება და სხვა, მათ გარეშე რამდენიმე წელიწადში აღარ გვექნება იმის საშუალება, რომ ვაწარმოოთ კვლევები თანამედროვე დონეზე, და, რაც მთავარია, აღარ გვეყოლება შესაბამისად მომზადებული ახალგაზრდა მეცნიერები. აქ რასაკვირველია საჭიროა მთავრობის ჩარევა და მათ მიერ მიზანმიმართული დაფინანსება. ჩვენ ამ საკითხებს დავაყენებთ.

2.  აკადემიაში აუცილებელია შეიქმნას „ახალი ტექნოლოგიების დანერგვის“ განყოფილება, რომელიც ხელს შეუწყობს აკადემიის წევრების მიერ დამუშავებული ღონისძიებების, რეკომენდაციების  ფერმერულ მეურნეობებში გამოყენებას. სქემა, ჩვენის აზრით, ასეთი იქნება: განყოფილების თანამშრომლები, აკადემიის პრეზიდიუმის მიერ შერჩეულ პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხებს ათანხმებენ ფერმერებთან, სადაც მათივე ხელმძღვანელობით ხდება ამ ახალი ღონისძიებების გამოცდა. წლის ბოლოს შეჯამდება მიღებული შედეგები, შესაბამისად, შემუშავდება დანერგვის ღონისძიებანი.  ასეთი მიდგომებით მივაღწევთ მეცნიერებისა და წარმოების (ფერმერების) დაახლოებას, რითაც შემდგომში ახალი ღონისძიებების გავრცელებას ანუ რეალურ დანერგვას განვახორციელებთ.

ჯერ კიდევ სრულად არაა გამოყენებული ახალ ტექნოლოგიებზე ინფორმაციის გავრცელების ისეთი მნიშვნელოვანი ფორმა, როგორიცაა ტელევიზია - „საფერავი ტვ“. ახლებურად უნდა  შევხედოთ ამ საკითხს და სოფლის მოსახლეობას დროულად (პერიოდების მიხედვით) მივაწოდოთ ის პროგრესული ღონისძიებები, რაც აკადემიაში ან სხვა მომიჯნავე ორგანიზაციებშია დამუშავებული. ამის კარგი მაგალითი უნდა გახდეს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების გადაცემათა ციკლი, რომლის პერიოდულობა რეალური სიტუაციების შესაბამისად უნდა განისაზღვროს. ვფიქრობ ეს ფუნქცია ახლად შექმნილმა „ახალი ტექნოლოგიების დანერგვის“ განყოფილებამ უნდა შეასრულოს.

ასევე ამ განყოფილებამ უნდა ითავოს - „მავნებელ - დაავადებათა დიაგნოსტიკისა“ და „ნიადაგის ნაყოფიერების შესწავლის“ ფუნქციაც. ეს ორივე საკითხი ძალზედ აქტუალურია დღევანდელ პირობებში. ამისათვის განყოფილება უნდა აღიჭურვოს სპეციალური აპარატურით და შეივსოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით. სასოფლო - სამეურნეო წარმოებას სჭირდება ასეთი ინფორმაციები. ვფიქრობთ, განყოფილება შემდგომში უნდა მუშაობდეს თვითდაფინანსების პრინციპით.

3.  უნდა გავაძლიეროთ ახლად შექმნილი „ფერმერთა და სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრი“-ს საქმიანობა. რეალურად აკადემიაში უკვე შექმნილია სათანადო პირობები (ინფრასტრუქტურა). დამუშავებულია სასწავლო პროგრამა, შერჩეულია მაღალკვალიფიციური პედაგოგები. ეს კურსები მომავალში თვითდაფინანსებაზე იმუშავებს. პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ არ გვაქვს პედაგოგების ანაზღაურების თანხები. ეს საკითხი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად უნდა გადავწყვიტოთ.  

4.  აუცილებლად მიგვაჩნია აკადემიაში შეიქმნას სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭო, რომელიც სოფლის მეურნეობის ძირითადი მიმართულებების მიხედვით შეარჩევს სადისერტაციო საბჭოებს აგრონომიაში, ეკონომიკაში, აგროინჟინერიაში, მეცხოველეობაში და კვების მრეწველობაში. ვფიქრობთ, რომ ასეთი საბჭოების მუშაობა აკადემიაში კიდევ უფრო გაზრდის აკადემიის ავტორიტეტს და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალგაზრდა კადრების მომზადების საქმეს. რაშიც ამ ბოლო ხანს საკმაოდ დიდი ჩამორჩენა გვაქვს.

თუ მეცნიერების შესახებ ახალი კანონი ჩვენც გვეხებოდა, რატომ არ უნდა დავსვათ საკითხი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე, რათა აკადემიას მიეცეს დაფინანსება სტიპენდიანტების მოსაზიდად, რაც ახალგაზრდა კადრებით აკადემიის შემდგომი შევსების წყარო გახდება.

5.  თანამედროვე ინფორმაციის მიღების და მისი შემდგომი გამოყენების ერთ - ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა, აქაც გვაქვს გარკვეული წარმატებები, თუნდაც შ. რუსთაველის ფონდით დაფინანსებული უკანასკნელი 5 საერთაშორისო კონფერენციაა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ბოლო კონფერენცია - „მევენახეობა და მეღვინეობა ევროპის ქვეყნებში-ისტორიული ასპექტები და პერსპექტივები“, სადაც კარგად გამოჩნდა ქართველი და უცხოელი მეცნიერების ერთობლივი კვლევების მნიშვნელობა, რამაც ერთხელ კიდევ დაადასტურა ქართული ვაზის ისტორიული მნიშვნელობა. ახლო მომავალში ვფიქრობთ კონფერენციის ჩატარებას თემაზე: „საქართველო, როგორც კულტურული ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი კერა“ (მაისის ბოლო) და „აზიური ფაროსანა სასოფლო - სამეურნეო კულტურების და ტყის ჯიშების მნიშვნელოვანი პრობლემა“ (ოქტომბერი),  მოწვეული იქნებიან სპეციალისტები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.  

განსაზღვრული გვაქვს ჩავატაროთ სემინარი მევენახეობისა და მეღვინეობის საკითხებზე ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად. ამ საკითხზე მუშაობა დაწყებულია და ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე წელს ჩავატაროთ.

მნიშვნელოვანია ის, რომ აკადემია ჩართულია საერთაშორისო პროექტებში, კერძოდ, აჭარის მთიანეთის (ხულო, ქედა) განვითარების მიმართულებით. უკვე დაწყებულია მუშაობა ევროკავშირის პროექტებში მონაწილეობისათვის, რაშიც აკადემიის წევრები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ შესაბამისი ანაზღაურებით. პროექტი მრავალწლიანია და აგრარული სფეროს მრავალ დარგს მოიცავს.

6. ცალკე მინდა გამოვყო აგრარული კვლევის სფეროში კოორდინაციის სრულყოფის საკითხი. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული აკადემიაში. გაფორმებული გვაქვს ხელშეკრულებები საქართველოს თითქმის ყველა უნივერსიტეტთან და სოფლის მეურნეობის ხაზით მომუშავე სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. თუმცა, ჩვენი აზრით, საჭიროა მისი შემდგომი სრულყოფა. კერძოდ, ვფიქრობთ ჩავატაროთ პარტნიორთა ასამბლეა, სადაც ზემოთ აღნიშნული ყველა ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას და წარმოადგენს  თავის კვლევებს და ხედვებს ამ მიმართულებით. მოკლე ანოტაციები გამოქვეყნდება ბროშურის სახით. ასეთი შეხვედრები შეიძლება ჩატარდეს ყოველ 2 წელიწადში ერთხელ. შესაძლებელია თითოეული ორგანიზაციის წარმომადგენლების მონაწილეობით შეიქმნას პარტნიორთა საბჭოც, რომელიც უხელმძღვანელებს ასეთი ღონისძიებების ჩატარებას. ყოველივე ეს საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ თუ რა მიმართულებით მუშაობს ესა თუ ის დაწესებულება და მოვახდინოთ საკითხების რეალური კოორდინაცია.

7. უნდა დავიწყოთ აქტიური მუშაობა რეგიონების სოფლის მეურნეობის კომპლექსური განვითარების საკითხებზე. ამ მიმართულებით აკადემიას გარკვეული გამოცდილება აქვს. ამის თაობაზე ჩვენ გვქონდა კონსულტაციები აკად. ნოდარ ჭითანავასთან და აკად. ომარ ქეშელაშვილთან, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ ამ საკითხებში. დღეს ჩვენ უკეთესი სიტუაცია გვაქვს. აკადემიაში გვყავს რეგიონების წარმომადგენლები და მათი მონაწილეობით უნდა გადაწყდეს ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხი. თითოეულმა რეგიონმა უნდა იცოდეს თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობა, რა კულტურებს უნდა მიექცეს ყურადღება, სად და როგორ უნდა განვითარდეს  გადამამუშავებელი საწარმოები. ამ საკითხებზე არის გარკვეული დაინტერესებაც პარლამენტის წევრების მხრივაც. საჭირო იქნება ჩვენი კონტაქტები რეგიონების ხელმძღვანელებთან და მათთან ურთიერთსასარგებლო ხელშეკრულებების გაფორმება.

8.  უნდა გავაგრძელოთ ფუნდამენტური და გამოყენებითი მნიშვნელობის ლიტერატურის მომზადება და გამოქვეყნება.  გასულ წლებში გამოვეცით ორი წიგნი მევენახეობასა და მეხილეობაში. ვფიქრობთ გავაგრძელოთ ეს სამუშაოები და გამოვცეთ წიგნები: მებოსტნეობაში, სუბტროპიკულ კულტურებში, მარცვლეულ კულტურებში და სხვა. ასევე, მისაღებია აკად. ა. დიდებულიძის წინადადება რათა აკადემიამ დაიწყოს მუშაობა და გამოსცეს წიგნი „სასოფლო - სამეურნეო ტერმინოლოგია“. მითუმეტეს, რომ ჩვენ უკვე შევიძინეთ საბეჭდი და გამავრცელებელი ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც დაიბეჭდა და გამოქვეყნდა 2017 წლის ჩვენი აკადემიის ანგარიში.

9.  კარგად ვიცით, რომ ჩვენი აკადემიკოსების ანაზღაურება კვლავაც არადამაკმაყოფილებელია. მაშინ, როდესაც სხვადასხვა უწყებებში მიმდინარეობს ხელფასის მატება (სხვადასხვა ფორმით), მეცნიერების მდგომარეობის რეალურ გაუმჯობესებაზე არავინ ფიქრობს. ჩვენთვის ეს საკითხი აქტუალურია და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ აკადემიკოსების ჰონორარი გაიზარდოს, დაპირება ამის თაობაზე მუდმივად გვქონდა მთავრობის მხრივ, მაგრამ უშედეგოდ. ერთხელ კიდევ დავაყენებთ ამ საკითხს და ვეცდებით მივაღწიოთ სასურველ შედეგს. მხედველობაში გვაქვს აკადემიკოს-მდივნების ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტაც.

          ვფიქრობთ, რომ ზემოთ აღნიშნული ღონისძიებების (და სხვა მრავალი საკითხის, რომელიც წარმოიშვება მუშაობის პერიოდში),  განხორციელება ხელს შეუწყობს აკადემიის საქმიანობის შემდგომ სრულყოფას, რაც საერთოდ ქვეყნის სოფლის მეურნეობის კომპლექსური განვითარების მეცნიერული უზრუნველყოფის ხელშემწყობ პირობებს შექმნის და დააჩქარებს სასოფლო - სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის ამაღლების პროცესს.         

23.03.2018  

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com