საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივით და მისი კონსულტაციებით აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და პირადად მინისტრის ავთანდილ მესხიძის დიდი ძალისხმევით სამინისტროს აგროსერვის ცენტრის გვარას ექსპერიმენტულ მეურნეობაში 2018 წელს ჩატარდება თუთის აბრეშუმხვევიას საცდელ - საჩვენებელი გამოკვება მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. აღნიშნული მიზეზის გამო აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეწვია და მინისტრთან საქმიანი შეხვედრა გამართა აკადემიის წარმომადგენელმა, აკადემიკოსმა ელგუჯა შაფაქიძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე, დირექტორის მოადგილე იოსებ აბულაძე, სამინისტროს და აგროსერვის ცენტრის თანამშრომელები.
მეაბრეშუმეობა აჭარაში და მთლიანად მთელ საქართველოში მძიმე მდგომარეობაშია - იგი თითქმის მთლიანად მივიწყებულია და აღდგენა-განვითარებას მოითხოვს.
ამ მიმართულებით აკადემიას ძალზე დიდი სამუშაო აქვს ჩატარებული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის გიორგი ნიკოლეიშვილის და აკადემიკოს ელგუჯა შაფაქიძის ხელმძღვანელობით. აკადემიაში მომზადებულია საქართველოში მეაბრეშუმეობის განვითარების კონცეფცია 2012-2025 წლებისათვის, მეაბრეშუმეობის აღორძინების საინვესტიციო პროექტები ხონისა და ვანის რაიონში, გამოცემულია აღნიშნულ საკითხებზე 3 მონოგრაფია, მათ შორის ერთი აჭარის მეაბრეშუმეობაზე, მრავალი რეკომენდაცია და საცნობარო მასალა.
მიმდინარე წელს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრის გვარას ექსპერიმენტულ მეურნეობაში ჩატარდება 0,8 კოლოფი თუთის აბრეშუმხვევიას ექსპერიმენტული გამოკვება, რითაც საფუძველი უნდა ჩაეყაროს დარგის აღორძინების პირველ ნაბიჯებს აჭარაში. ამ მიზნით აგროსერვის ცენტრმა ოზურგეთის მექანიკურ ქარხანას შეუკვეთა აკადემიის მიერ რეკომენდებული გამოსაკვები დანადგარი 60 კვ.მეტრი გამოსაკვები ფართობით, თუთის ტოტებიდან ფოთლის გამცლელი და ფოთოლსაჭრელი მოწყობილობები. ექსპერიმენტის დროს განხორციელდება ნედლი აბრეშუმის პარკიდან ძაფის ამოხვევის პროცესი მარტივი ტიპის ძაფის ამოსახვევ მოწყობილობაზე, რომელიც ბიზნესმენმა ჯიმშერ ჩხაიძემ უსასყიდლოდ გადასცა აჭარის აგროსერვის ცენტრს.
უახლოეს დღეებში დაიწყება თუთის აბრეშუმხვევიას გამოკვების პროცესი მეაბრეშუმე მეცნიერის, დოქტორ ნარგიზ ბარამიძის ხელმძღვანელობით და ცენტრის მეაბრეშუმეობის სპეციალისტების მონაწილეობით.
მასპინძლებმა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აკად. ე. შაფაქიძეს დაათვალიერებინეს თუთის აბრეშუმხვევიას გამოსაკვები სათავსო, სადაც დამონტაჟდება ზემოთ აღნიშნული მოწყობილობები, გააცნეს მას სათავსოში მიკროკლიმატის დასამყარებელი ტექნოლოგიები და ა. შ.
უნდა აღინიშნოს, რომ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ძალზე დიდ პრაქტიკულ და კვლევით საქმიანობას ეწევა. აკად. ე. შაფაქიძემ დაათვალიერა ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ვაზის სანერგე მეურნეობის სათბური სადაც 6 ჯიშის 30 000-მდე ვაზის ნამყენია განთავსებული. აღნიშნული ნერგები შეღავათიან ფასად მაისის თვიდან მიწოდებული იქნება ფერმერებზე. მოინახულა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში ,,სასათბურე მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის’’ პროექტის მიმდინარეობა, რომელიც 2.5 ჰა-ზეა განხორციელებული და მოიცავს 50 ერთეული 500 მ2 ფართობის სათბურების მოწყობას. ასევე დაესწრნენ ,,მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის’’ ფარგლებში ფერმერებზე ტექნიკის განაწილების პროცესს, რომელიც თანადაფინანსების პრინციპით გაიცემა ფერმერბზე და აგრომეწარმეებზე.
აგროსერვის ცენტრში ჩამოყალიბებულია აგრომარკეტი, სადაც ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ სათესი მასალა, სხვადასხვა სახის სასუქები, კარტოფილის მოვლა-მოყვანის ტექნიკური საშუალებები.