მიმდინარე წლის 3 მაისს დღის 12 საათზე საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლეში, თამარ მეფის დარბაზში, გაიმართა მემორანდუმის გაფორმების ცერემონია. მემორანდუმის გაფორმებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის აპარატმა და 11 სამეცნიერო და სასწავლო-საგანმანათლებლო ორგანიზაციებმა, რომელთა შორის იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაც. პარლამენტის აპარატის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა ბატონმა გივი მიქანაძემ, ხოლო საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მხრიდან, აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ. მემორანდუმის საგანს წარმოადგენს ურთიერთგაგებისა და პატივისცემის პრინციპზე დაფუძნებული თანამშრომლობა. მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, და მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადების ხელშეწყობას. მემორანდუმის ამოცანები ითვალისწინებს აქტუალურ საკითხებზე ერთობლივ სამუშაო შეხვედრებს, სემინარების, კონფერენციების ორგანიზებას, სახელმძღვანელოების და სხვა სახის პუბლიკაციების მომზადებას და გამოქვეყნებას, სასწავლო პროგრამების შემუშავებას და შემუშავების პროცესში კონსულტაციების გაწევას.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გარდა ამისა თავის მხრივ ვალდებულებას იღებს დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში, კვალიფიკაციის ამაღლებაში აგრარული დარგის სხვადასხვა სფეროში და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ჩართულობას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო საქმიანობაში.