2018 წლის 23 ივლისს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობის გაცნობის მიზნით, სამეგრელოს რეგიონში მეცნიერებისთვის ტური მოეწყო. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა (აკადემიკოსები გ. ალექსიძე, ი. ვასაძე, გ. მარგველაშვილი, ნ. ჩხარტიშვილი, , ვ. ცანავა, თ. რევიშვილი, რ. კოპალიანი, ზ. ჩაქსელიანი, ზ. ცქიტიშვილი, თ.ურუშაძე) და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებმა დაათვალიერეს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი, მობილიზებული ტექნიკა და საშუალებები, მოისმინეს დეტალური ინფორმაცია შტაბის ფუნქციონირების, მონიტორინგის შედეგების, გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ; გაეცნენ აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული საყანე ფართობების ქიმიური დამუშავების პროცესს.
მეცნიერებმა მაღალი შეფასება მისცეს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ შარშანდელთან შედარებით, მავნებლის პოპულაციის შემცირება სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული და სისტემური მიდგომის შედეგია.
მეცნიერებთან შეხვედრას ესწრებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, რომელმაც ხაზი გაუსვა სამეცნიერო წრეებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა - “ძალიან მნიშვნელოვანი და სტიმულის მომცემია საკოორდინაციო შტაბში ასეთი რანგის მეცნიერების სტუმრობა. ფაროსანასთან ბრძოლა პირდაპირ კავშირშია მეცნიერებასთან, სამეცნიერო კვლევებთან. შესაბამისად, ჩვენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. სტუმრებს შტაბის მუშაობა დეტალურად გავაცანით, სრული დემონსტრაცია მოვახდინეთ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობისა, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს, ფაროსანასთან ბრძოლაში საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. პოპულაცია მნიშვნელოვნად შემცირებულია. მინიმუმამდეა დაყვანილი გავრცელების რისკები სხვადასხვა რეგიონში. ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი“.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გურამ ალექსიძე: - "ის, რაც ქართველმა მეცნიერებმა და სპეციალისტემა გააკეთეს, უდავოდ გასაკვირია. დღეს შესანიშნავად წარმოგვიდგინეს ყველაფერი, ყველა ის ქიმიური და სხვა ღონისძიება, რომელიც ფაროსანასთან ბრძოლისა და მათი რიცხობრიობის შესამცირებლად აუცილებელია. მათი სტრატეგია საკმაოდ კარგია და შედეგიც ცალსახაა. შედარებაც კი არაა იმასთან, რაც შარშან ამ დროს აქ ხდებოდა.“
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი პირები, სამეგრელო- ზემო სვანეთის რწმუნებული ლევან შონია და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს( USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) წარმომადგენლები.