მიმდინარე წლის 12-13 სექტემბერს თბილისში ჩატარდა საერთაშორისო სიმპოზიუმი ნუტრიციოლოგიაში. სიმპოზიუმი ტარდებოდა შემდეგი დევიზით: “ნუტრიციოლოგიისა და ჯანმრთელობის ურთიერთკავშირი – თანამედროვე ტენდენციები.” პირველ დღეს სიმპოზიუმში მონაწილე წევრებს უმასპინძლა საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, ხოლო მეორე დღეს – 13 სექტემბერს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ. სხდომა გახსნა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ. მან აღნიშნა, რომ იგი მიესალმება საქართველოში ნუტრიცილოგთა საზოგადოების ჩამოყალიბებას და ნუტრიციული სტატუსის ზედამხედველობის სისტემის ფორმირებას. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აკადემიაში ფუნქციონირებს 6 სამეცნიერო განყოფილება, რომელთაგან ერთ-ერთი – “სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიების” სწორედ სურსათთან დაკავშირებულ პრობლემატურ საკითხებს იხილავს. სამეცნიერო განყოფილებას ხელმძღვანელობს აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი, რომელიც ყოველთვის სწრაფ რეაგირებას ახდენს ქვეყანაში წარმოქმნილ საკვებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საჭირბოროტო საკითხზე და მაქსიმალურად ცდილობს ქვეყნის მოსახლეობას თავიდან აარიდოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეები.
სიმპოზიუმს მრავლად ესწრებოდა სხვადასხვა ორგანიზაციებისა და სპეციალობის წარმომადგენელი, რომელთა შორის იყვნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები. უცხოელი სტუმრებიდან სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ბრიტანელმა და ირლანდიელმა ნუტრიციოლოგებმა. დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით თემაზე: “ნუტრიციოლოგთა საზოგადოების შექმნის მიზნები, ამოცანები და პერსპექტივები საქართველოში” წარსდგა ბატონი მარკ ჰოლინგსვორსი. მოხსენების დამთავრების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსმა ზ. ცქიტიშვილმა, პროფესორებმა: რ. ღვამიჩავამ, ქ. დადიანმა, შალვა ზარნაძემ, ნათაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ნატა კაკაბაძემ და სხვებმა. კრებამ საქართველოს ნუტრიცილოგთა საზოგადოების თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია ბრიტანეთის ნუტრიციოლოგთა ასოციაციის წევრი, ქალბატონი მანანა გობეჯიშვილი. ქალბატონმა მანანამ დიდი მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას ნდობისათვის და პირობა დადო რომ ძალისხმევას არ დაიშურებს საქართველოში ნუტრიციოლოგიის მეცნიერების განვითარებისათვის.