მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი
საქართველო - 2018
მიმდინარე წლის 27 სექტემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა საჯარო ლექცია თემებზე: 1. “ფრინველი და ფიზიკა”, მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინა ბარვენაშვილი; 2. “საქართველოს გარემოს დაბინძურება”, მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი რევაზ ლოლიშვილი. აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს მიერ მოწყობილ “მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2018”-ის ფარგლებში.
ლექციას ესწრებოდნენ ქ. თბილისის 31-ე საჯარო სკოლის დირექტორი, ქალბატონი მარინა ნიჟარაძე და ამავე სკოლის უფროსკლასელები. მათ მისასალმებელი სიტყვით მიმართა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ, რომელმაც ფართოდ ისაუბრა აგრარული მეცნიერებისა და აგრაული დარგის მნიშვნელობაზე. მან მოსწავლეებს უსურვა წარმატება მათ ძირითად საქმიანობაში - სწავლაში და გამოთქვა დიდი იმედი იმისა, რომ ბევრი მათგანი თავის მომავალ პროფესიას აგრარულ დარგს დაუკავშირებდა. რაც შეეხება მოხსენებებს, პირველი თემის ირგვლივ საუბარი წარიმართა პლანეტაზე არსებულ ფრინველთა მრავალფეროვნებაზე, იმაზე, თუ როგორ დააცილა ისინი ერთმანეთს საარსებო გარემოს განსხვავებულმა პირობებმა და ნაირგვარი საკვების გამოყენებამ. ლექციის მსვლელობისას მოსწავლეები გაეცნენ ფრინველის ანატომიურ აგებულებასა და ფიზიოლოგიურ თავისებურებებს, ასევე მათ ქცევებს. შემდეგ მათ პასუხი გასცეს კითხვებს, რომელიც ეხებოდა ფრინველის ფიზიკას. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული მთელი ლექციის მსვლელობის პროცესში, კითხვებს სვამდნენ მათთვის საინტერესო საკითხების ირგვლივ, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს. მოსწავლეებმა დიდი ყურადღებით მოისმინეს მეორე თემაც. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ისეთმა დამაბინძურებლებმა, როგორიცაა ტოქსიკური მეტალები, რადიონუკლიდები, პესტიციდები, პოლიეთილენის ნაწარმი. მოსწავლეებმა გაიგეს თუ რაოდენ დიდი ზიანი მოაქვს ადამიანის ჯანმრთელობისათვის თეთრ დარიშხანს, მძიმე მეტალებს. რომ დამაბინძურებლების უმრავლესობა იწვევს ავთვისებიან სიმსივნეებს და სხვა მძიმე დაავადებებს. მოსწავლეებმა მსგავსი თემების დამუშავებაში ჩაბმის სურვილი გამოთქვეს.
ლექცია შეაჯამა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილემ, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორმა, დოქტორმა ანატოლი გიორგაძემ. მან გამოთქვა სურვილი, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მეცნიერებთან ერთად თემის დამუშავებაში აქტიურად ჩაერთვნენ მოსწავლეებიც და თემატიკაც მოიცავდეს მათი ინტერესების სფეროებს.
ბოლოს, სიტყვით გამოვიდა ქ. თბილისის 31-ე საჯარო სკოლის დირექტორი, ქალბატონი მარინა ნიჟარაძე, რომელმაც დიდი მადლობა გადაუხადა აკადემიის ხელმძღვანელობას, მომხსენებლებს და გამოთქვა მზაობა მომავალი თანამშრომლობისათვის.