საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ვალერიან მეტრეველი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

ვალერიან მეტრეველი (1990 – 2004 წ.წ.)


Metreveli Vვალერიან მეტრეველი დაიბადა 1917 წლის 17 აპრილს, ონის რაიონის სოფელ უწერაში. 1941 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი. სწავლის პარალელურად მუშაობდა თბილისის ელექტროგანათებათა ტრესტში.

1956 წლიდან ვალერიან მეტრეველი ხელმძღვანელობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ელექტრიფიკაციის მთავარ სამმართველოს. მისი უშუალო მონაწილეობით შემუშავდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ელექტრიფიკაციის განვითარების გენერალური გეგმა. 1961-1974 წლებში ვალერიან მეტრეველი საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტის დირექტორია. მისი ხელმძღვანელობით ინსტიტუტი წამყვან სამეცნიერო – კვლევით ცენტრად გადაიქცა; მისი ძალისხმევით ინსტიტუტთან შეიქმნა თელეთის მეცხოველეობის ექსპერიმენტული მეურნეობა.

1974 წელს, როგორც მდიდარი გამოცდილების და მაღალი ავტორიტეტის მქონე მეცნიერი და ამასთანავე, კარგი ორგანიზატორი, ვ. მეტრეველი დაინიშნა საქართველოს სასოფლო – სამეურნეო ინსტიტუტის რექტორად, სადაც მუშაობდა 1983 წლამდე.

აკადემიკოსი ვალერიან მეტრეველი სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციის დარგში მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების ერთ-ერთი ფუძემდებელია. 1956 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს სასოფლო – სამეურნეო ინსტიტუტში, 1979-1989 წლებში ხელმძღვანელობდა ელექტროტექნიკისა და ელექტროამძრავის კათედრას, იყო ელექტრიფიკაციისა და ავტომატიზაციის ფაკულტეტის შექმნის ინიციატორი.

1983 წლიდან 1990 წლამდე აკადემიკოსი ვალერიან მეტრეველი სრულიად საკავშირო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის რეგიონული განყოფილების თავმჯდომარე და მეცნიერული უზრუნველყოფის დარგში საქართველოს სასოფლო – სამეურნეო წარმოების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. ამ პერიოდში მან მოამზადა ნიადაგი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აღსადგენად, ხოლო 1990 წელს, აკადემიის აღდგენის შემდეგ, იგი აირჩიეს ამ აკადემიის პრეზიდენტად. აკად. ვ. მეტრეველის ხელმძღვანელობით წყდებოდა ყველა ის აქტუალური სამეცნიერო პრობლემა, რომელსაც დამოუკიდებელი საქართველოს ახალი ეკონომიკური პოლიტიკა აყენებდა სასოფლო – სამეურნეო წარმოების წინაშე. მისი ინიციატივით შეიქმნა სამეცნიერო უზრუნველყოფის ცენტრები რეგიონებში, მდგრადი განვითარების კონცეფციიდან გამომდინარე, ჩამოყალიბდა შესაბამისი სამეცნიერო დანაყოფები, მათ შორის, აგრარული რადიოლოგიისა და ეკოლოგიის ინსტიტუტი.

აკადემიკოს ვალერიან მეტრეველის უშუალო ხელმძღვანელობით მომზადდა და განხორციელდა “საქართველოს სოფლის ელექტრიფიკაციის გენერალური სქემა”. იგი 200-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორია, მათ შორისაა რამდენიმე მონოგრაფია და 4 სახელმძღვანელო. მის სახელზეა გაცემული 12 ქვეყნის 30-ზე მეტი საავტორო მოწმობა და პატენტი, რომელთა უმეტესობა გამოიყენება სასოფლო – სამეურნეო წარმოების პრაქტიკაში.

ვალერიან მეტრეველი იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს სამი მოწვევის დეპუტატი, აგრარულ საკითხებში საქართველოს პარლამენტის საკონსულტაციო საბჭოს წევრი, საქართველოს აგრარული პოლიტიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს კოლეგიის წევრი, საქართველოს ენციკლოპედიის, საქართველოსა და საზღვარგარეთის მრავალი სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი, 25 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სადისერტაციო საბჭოებს.

აკადემიკოს ვალერიან მეტრეველის დამსახურება ქვეყნისა და მეცნიერების წინაშე მრავალი ჯილდოთი, მათ შორის, ღირსების ორდენით აღინიშნა.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com