საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი
გურამ ალექსიძე (2013 წლის მარტი -2023 მაისი)
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გურამ ალექსიძე დაიბადა 1939 წელს ქ. თელავში, ცნობილი მეცნიერის, ვაზის დაცვის ერთ - ერთი ფუძემდებლის, პროფესორ ნიკო ალექსიძის ოჯახში, რომელიც იმხანად მუშაობდა საკავშირო მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტში მცენარეთა დაცვის განყოფილების გამგედ.
1957 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 31-ე საშუალო სკოლა და სწავლა გააგრძელა საქართველოს სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტში აგრონომიულ ფაკულტეტზე მცენარეთა დაცვის განხრით, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1962 წელს. ამავე წელს ჩაირიცხა მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში, აგროტოქსიკოლოგიის ხაზით. 1966 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ფოსფორორგანული პესტიციდების მოქმედების შესწავლა ხეხილის მენაღმე ჩრჩილზე აღმოსავლეთ საქართველოს პირობებში“ და მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1975 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ხეხილის მავნე ფაუნის გამრავლების ბიოლოგიური ფაქტორების შესწავლა ქართლის ხეხილის ბაღებში და პესტიციდების გამოყენების ზოგიერთი რაციონალური მეთოდის დამუშავება“ და მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1989 წელს საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ მიანიჭა პროფესორის წოდება. 1991 წელს აირჩიეს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ - კორესპონდენტად, ხოლო 1995 წელს - ნამდვილ წევრად.
13 წლის განმავლობაში მუშაობდა მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის კვლევით ინსტიტუტში, უმცროსი, ხოლო შემდეგ უფროსი მეცნიერ მუშაკის თანამდებობაზე. 1973 წლიდან გადაიყვანეს მცენარეთა დაცვის ინსტიტუტში, სადაც მუშაობდა ჯერ მცენარეთა დაცვაში ახალი მეთოდების ლაბორატორიის ხელმძღვანელად, ხოლო შემდეგ 1974 წლიდან, დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე - სამეცნიერო დარგში. 1995 წლიდან 2004 წლამდე იყო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მთავარი აკადემიკოს - მდივანი, 2004 წლიდან ვიცე - პრეზიდენტი, ხოლო 2013 წლიდან არჩეულია ამავე აკადემიის პრეზიდენტად.
1983-1987 წლებში მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქ. ვაშინგტონში, საბჭოთა კავშირის საელჩოში, როგორც საკავშირო სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი. ამ პერიოდში მიღებული აქვს საბჭოთა კავშირის ელჩის სამი ოფიციალური მადლობა.
გამოქვეყნებული აქვს 210-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 70-მდე საერთაშორისო გამოცემაში. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 20-მდე საკანდიდატო დისერტაცია, მცენარეთა დაცვის საკითხებზე.
დაჯილდოებულია „ღირსების“ ორდენით, საერთაშორისო ორგანიზაციების „სიჯიარისა“ და „იკარდას“ მიერ „ვერცხლის დიდი მედლით“ (2005 და 2008 წლებში) საერთაშორისო კვლევებში შეტანილი წვლილისათვის.
აგრარულ მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის აკადემიკოსი გურამ ალექსიძე 2013 წელს დაჯილდოებულია აკადემიკოს ნიკოლოზ ივანეს-ძე ვავილოვის სახელობის მედლით.
არის დაოჯახებული. ყავს მეუღლე, ერთი შვილი და ორი შვილიშვილი.