2019 წლის 05 ივნისს აკადემიაში ჩატარდა აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით “საქართველოს მეაბრეშუმეობის პრობლემები და პერსპექტივები“ წარსდგა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე. მომხსენებელმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მეაბრეშუმეობა ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განმტკიცებისა და ზრუნვის საგანი, სავალუტო შემოსავლების წყარო, ქართული აბრეშუმი კონკურენტუნარიანი იყო მსოფლიო ბაზარზე. საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრების შემდეგ განხორციელებული აგრარული რეფორმები მეაბრეშუმეობისათვის წარუმატებელი აღმოჩნდა. მართალია, დღევანდელ ხელისუფლებას გააჩნია დარგის აღორძინების კეთილი ნება და შესაძლებლობაც, მაგრამ ჯერჯერობით ხელშესახები არაფერი გაკეთებულა. აღინიშნა, რომ დარგის აღორძინება კოოპერირებისა და მეურნეობრიობის სხვა ფორმების განმტკიცებით უნდა მოხდეს. ამასთან, აუცილებელია დარგის საწარმოო პოტენციალის სრული ამოქმედება, თავისუფალი მუშახელის დასაქმება, მექანიზაციის დონის ამაღლება და ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლების ყველა შესაძლებლობის გამოყენება. მეაბრეშუმეობის განვითარების შემზღუდავ ფაქტორთა შორის დასახელდა სუსტი საკვები ბაზა, ადგილობრივი გრენის წარმოების აუცილებლობა, დარგთა რაციონალური შეთანაწყობის გაღრმავება; უნდა განხორციელდეს სარგავი მასალის წარმოების ეფექტური ღონისძიებები, ხარისხის თანმიმდევრული გაუმჯობესება და შავი, კასპიის ზღვებისა და ცენტრალური აზიის მეაბრეშუმეობის ასოციაციასთან (BASCA), მჭიდრო ინტეგრაცია, გაძლიერდეს მეაბრეშუმეობაში სასელექციო საქმიანობა, რომელშიც გამოსაყოფია თუთის სელექციის სფეროში დაავადება ფოთლის სიხუჭუჭისა და ე.წ. „ალურას” წინააღმდეგ მედეგი მაღალპროდუქტიული ჯიშების გამოყვანა, გამძლე საძირეების შერჩევა, ჰიბრიდული მეთესლეობის სრულყოფა, შემორჩენილი საკოლექციო ჯიშების თავმოყრა და სასელექციო მიზნით გამოყენება, ხოლო თუთის აბრეშუმხვევიას სელექციის ძირითად მიმართულებად აღიარებულია კონკურენტუნარიანი მაღალი აბრეშუმიანობის და ხარისხის აბრეშუმის ძაფის მომცემი ჯიშების (რომელთა კვების ხანგრძლიობა სასურველია 25-26 დღის ფარგლებში მერყეობდეს) გაუმჯობესება.
სხდომას დაესწრნენ საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მისი სააგენტოების, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მეცნიერები-აგრარიკოსები, ფერმერები; სხდომის დადგენილება გადაეცემა აკადემიის პრეზიდიუმს განსახილველად და ხელისუფლების ორგანოებში წინადადებების წარსადგენად.
ინოვაციების კომისიის სხდომის გადაწყვეტილებით ჩამოყალიბებულია სამუშაო ჯგუფი, რომელიც გააგრძელებს მუშაობას აღნიშნულ საკითხებზე, იმსჯელებს მეაბრეშუმეობის დარგის აღდგენასა და განვითარებაზე, შეიმუშავებს სათანადო რეკომენდაციებს.