2019 წლის 14 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომა, რომელიც მიეძღვნა ახლად არჩეულ აკადემიის სტიპენდიატებთან შეხვედრას.
შეხვედრას აკადემიის პრეზიდიუმის წევრების გარდა ესწრებოდნენ აკადემიის წევრები, აკადემიის სტიპენდიატების კონკურსში მონაწილე ახალგაზრდა მეცნიერები, აკადემიის აპარატის თანამშრომელები, მოწვეული სტუმრები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტები.
შეხვედრა გახსნა და ახალგაზრდა მეცნიერებს აკადემიის სტიპენდიატების ასარჩევ კონკურსში გამარჯვება მიულოცა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკად. გივი ჯაფარიძემ. მან ფართოდ ისაუბრა აკადემიის სტიპენდიატების სამომავლო პერსპექტივებზე, გამოკვეთა მათი როლი აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების საქმიანობაში და ის ძირითადი მიმართულებები, რომლებზედაც მოუწევთ საქმიანობა ახლად არჩეულ სტიპენდიატებს. აკად. გ. ჯაფარიძემ შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას გააცნო აკადემიის პრეზიდიუმის გადაწყვეტილება, რომ ის კანდიდატები, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს აკადემიის სტიპენდიატების ასარჩევ კონკურსი, არჩეული იქნებიან აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოში და ჩაერთვებიან აკადემიის სამეცნიერო საქმიანობაში.
აკად. გ. ჯაფარიძემ აკადემიის სტიპენდიატებს - დოქტორებს გიორგი ქვარცხავას, ანატოლი გიორგაძეს, გიორგი ქუთელიას, ეკატერინე კაციტაძეს, დარეჯან დუღაშვილს და ნატო ჯაბნიძეს გადასცა აკადემიის სტიპენდიატის დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები. აკადემიის სტიპენდიატს გიორგი ქაავთარაძეს, რომელიც მივლინებით იმყოფება ჩეხეთის რესპუბლიკაში და ვერ ესწრებოდა შეხვედრას, აკადემიის სტიპენდიატის დიპლომი გადაეცემა მოგვიანებით.
აკად. გივი ჯაფარიძემ ამავე სხდომაზე აკადემიის ნამდვილ წევრად არჩევა მიულოცა და გადასცა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის დიპლომი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს გიორგი გაგოშიძეს.
შეხვედრაზე აკადემიის სტიპენდიატებს მიესალმენ და კონკურსში წარმატებები მიულოცეს აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველმა, აკად. ნ. ჭითანავამ, სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს მდივნებმა ო. ქეშელაშვილმა და გ. მარგველაშვილმა, აკად. ნ. ბაღათურიამ და აკად. ზ. ცქიტიშვილმა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატები:
მარცხნიდან - სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი ანატოლი გიორგაძე, ტექნიკის აკადემიური დოქტორი ეკატერინე კაციტაძე, ქიმიის აკადემიური დოქტორი დარეჯან დუღაშვილი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი ნატო ჯაბნიძე, ქიმიის აკადემიური დოქტორი გიორგი ქვარცხავა, ინჟინერიის აკადემიური დოქტორი გიორგი ქუთელია.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრების შეხვედრა აკადემიის სტიპენდიატებთან
(2019 წლის 14 ივნისი).