მიმდინარე წლის 29 ნოემბერს სასტუმრო Holiday Inn-ში გაიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და სურსათისა და სოფლის მეურნეობის
ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისსამინისტროს უწყებების /სტრუქტურული ერთეულების და სხვა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ჩართულობით მომზადებული საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიისა და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმების განხილვისათვის შემაჯამებელი შეხვედრა.
ზემოთაღნიშნული დოკუმენტების შემაჯამებელ განხილვას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან ესწრებოდნენ აკადემიკოსები ნოდარ ჭითანავა და ზურაბ ცქიტიშვილი, რომელთაც გარკვეული წინადადებები ჰქონდათ სტატეგიის მიმართ.
შეხვედრა გახსნა და მონაწილეებს მიესალმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი;
დამსწრე საზოგადოებას საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა წარუდგინა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის
ხელმძღვანელმა ეკატერინე ზვიადაძემ.
საკითხის განხილვაში აქტიურად მონაწილეობდნენ აკადემიკოსები ნ. ჭითანავა და ზ. ცქიტიშვილი.
ბატონმა ნოდარ ჭითანავამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ყველა ის წინადადება, რომელიც მომზადებული იყო აკადემიაში და რომლის განიხილვაც მოხდა აკადემიის პრეზიდიუმზე.
აღინიშნა, რომ ამჟამადაც ქვეყნის განვითარების უალტერნატივო პრიორიტეტია მიწის რესურსების რაციონალური გამოყენება. მიწის რესურსებს - ეროვნული სიმდიდრის უმნიშვნელოვანეს ნაწილს - ქვეყანაში სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს და იგი პროექტშიც გაანალიზებული უნდა იქნეს მიწის რესურსების გამოყენების თანამედროვე მდგომარეობის შესაბამისად.
პოზიტიურია ამას წინათ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომელიც ქმნის ხელსაყრელ გარემოს მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისათვის. აუცილებელია დადგინდეს მიწის რესურსების არა მხოლოდ რაოდენობრივი მახასიათებლები, არამედ ნიადაგის თვისებრივი მონაცემებიც. ამრიგად, მიწის რესურსების გამოყენების არსებული მდგომარეობა უნდა იყოს ამოსავალი სოფლის მეურნეობის განვითარების ახალი სტრატეგიის განსაზღვრისათვის.
მიწის რესურსების არსებული პოტენციალის გათვალისწინებით საჭიროა მიახლოებით მაინც დადგინდეს სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი და სტრუქტურა, უნდა დაისახოს სასურსათო უსაფრთხოების (უზრუნველყოფის) სტრატეგიული მიზანი.
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მომავალი სტრატეგიის განსაზღვრაში მიზანშეწონილია ქვეყნის ყველა დაინტერესებულმა სახელმწიფო, სამეცნიერო, არასამთავრობო და საერთაშორისო სტრუქტურებმა მიიღოს მონაწილეობა და ეროვნული ეკონომიკის განვითარების სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით მომზადებული პროექტი განსახილველად წარედგინოს მთავრობას.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომელთაც გამოთქვეს საქმიანი წინადადებები 2021-2023 წლების სამოქმედო გემის წარმატებით განხორციელებისათვის.