საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

2020 წლის 24 ივნისს ჩატარდა აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დეკლარაცია - გლეხთა და სოფლად დასაქმებულ სხვა პირთა უფლებების შესახებ და მისი იმპლემენტაციის შესაძლებლობები საქართველოში“ - გამოვიდა ელენე შატბერაშვილი - ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“-ს პროექტების განყოფილების ხელმძღვანელი. აღინიშნა, რომ 2018 წლის 17 ნოემბერს მცირე ფერმერთა მსოფლიო მოძრაობის ძალისხმევით, გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ მიიღო დეკლარაცია (დეკლარაციის ინგლისური ტექსტი იხ: https://undocs.org/en/A/C.3/73/L.30). 2020 წლისათვის საქართველო არ წარმოადგენს დეკლარაციის მხარეს, თუმცა დეკლარაციის მიღებასთან ერთად, მნიშვნელოვანია დაიწყოს მსჯელობა, შეიძლება თუ არა დეკლარაცია იყოს საინტერესო / სასარგებლო ინსტრუმენტი საქართველოში სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებასთან დაკავშირებული პოლიტიკის გაუმჯობესებისათვის. ხაზგასმული იყო, რომ მცირე, საოჯახო მეურნეობები სასურსათო უსაფრთხოების, კლიმატისა და გარემოს დამზოგავი წარმოებისა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გასაღებია. თუმცა, გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის შეზღუდვის გამო, მცირე მეურნეთა უფლებები მსოფლიოში სისტემატურად ირღვევა - იმ პირთა 80%, ვინც შიმშილობს და უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, სოფლის მოსახლეა. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სოფლის დაცლა გლეხებისაგან ყოველდღიურობის ნაწილია - მათი ნაწილი ქალაქში გადადის საცხოვრებლად, სხვები ცხოვრების წესს იცვლიან იმის გამო, რომ შრომის სათანადო ანაზღაურება არა აქვთ ან ხელი არ მიუწვდებათ პროდუქტიულ რესურსებზე. „გლეხთა და სოფლად დასაქმებულ სხვა პირთა უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების დეკლარაციის მიზანია ხელი შეუწყოს გლეხთა და სოფლად დასაქმებულ სხვა პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას.

 

პრეზენტაცია მიზნად ისახავდა ზოგადად გააცნოს მსმენელებს „გლეხთა და სოფლად დასაქმებულ სხვა პირთა უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების დეკლარაცია და ხელი შეუწყოს დიალოგის დაწყებას საქართველოში ამ დეკლარაციის იმპლემენტაციის საკითხებზე.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com