საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრებთან ერთად 2020 წლის 25 სექტემბერს ონლაინ რეჟიმში ჩაატარა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: “კლიმატის ცვლილება და აგრობიომრავალფეროვნება”, რომლის მუშაობაში მანაწილეობა მიიღო 60-მდე წამყვანმა და ახალგაზრდა მეცნიერ-აგრარიკოსმა, სამინისტროების, სხვადსხვა უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. კონფერენციაზე განხილული იქნა კლიმატის ცვლილებისა და აგრობიომრავალფეროვნების მნიშვნელოვანი საკითხები. გაკეთებული იქნა მეცნიერული დასკვნები და მიღწეული იქნა მნიშვნელოვანი შეთანხმებები.
კონფერენციის ძირითადი მიზანი იყო კიდევ ერთხელ დასმულიყო და განხილულიყო საკითხები კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების გავლენაზე სოფლის მეურნეობაში. ყურადღება გამახვილებულ იქნა აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და დაცვის მნიშვნელოვან ღონისძიებებზე. კონფერენციის მიზანი იყო ასევე ქვეყნის ხელმძღვანელებისათვის შეეხსენებინათ, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველოს სოფლის მეურნეობა კლიმატის ცვლილებისა და აგრობიომრავალფეროვნების შემცირების პირობებში. სამეცნიერო ფორუმის ფარგლებში მოხდა მეცნიერებს შორის გამოცდილების გაზიარება, შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები და წინადადებები, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვნად შეარბილებს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს და აგრობიომრავალფეროვნების შემცირების საშიშროებას, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების ქვაკუთხედია.
კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი. მოსმენილი იქნა სამეცნიერო მოხსენებები. გაიმართა დისკუსია. კონფერენციის მუშაობა შეაჯამა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. მიღებული იქნა დეკლარაცია.