2001 წლიდან ყოველწლიურად 10 ნოემბერს, UNESCO აღნიშნავს მეცნიერების საერთაშორისო დღეს მშვიდობისა და განვითარებისთვის. აღნიშნული დღე ხაზს უსვამს მეცნიერების მნიშვნელოვან როლს საზოგადოებაში და ახალი სამეცნიერო საკითხების განხილვაში საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობას. იგი ასევე ამახვილებს ყურადღებას ყოველდღიურ ცხოვრებაში მეცნიერების მნიშვნელობასა და აქტუალურობაზე.
მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის მიზნად ისახავს მეცნიერების უახლესი განვითარების შესახებ მოქალაქეების ინფორმირებას, საზოგადოებისა და მეცნიერების დაახლოების გზით.
მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა შეხვედრა აგრარულ დარგში მოღვაწე მეცნიერებთან. შეხვედრა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მეცნიერების მსოფლიო დღე მიულოცა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა აკად. გივი ჯაფარიძემ.
აკად. გ. ჯაფარიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ 2001 წელს „იუნესკოს“ მიერ დაფუძნებული მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის, ყოველწლიურად აღინიშნება ნოემბრის თვეში მსოფლიო მასშტაბით. ეს დღე დაარსდა მეცნიერების მსოფლიო კონფერენციაზე, რომელიც ასევე „იუნესკოს“ ეგიდით ჩატარდა ბუდაპეშტში (უნგრეთი) 1999 წელს მეცნიერების საერთაშორისო კავშირის მიერ. ყოველწლიურად ამ თარიღის აღნიშვნა ემსახურება იმ მიზანს, რომ გააცნოს საერთაშორისო საზოგადოებრიობას მეცნიერების როლის აუცილებლობა. ამგვარად, მეცნიერების მსოფლიო დღე ეხმარება მეცნიერებს, აჩვენოს ფართო საზოგადოებას, რა ადგილი უკავია მას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
აკად. გივი ჯაფარიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საქმიანობა და აკადემიის წევრების მიღწევები საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე, აკადემიის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით სტრუქტურებთან თანამშრომლობა, აკადემიის მეთოდური და პრაქტიკული საქმიანობა საქართველოს სამინისტროებთან და ფერმერებთან, აგრარული მიმართულების პრაქტიკოს-სპეციალისტებთან, აგრეთვე აკადემიის საგანმანათლებლო საქმიანობა ახალგაზრდა სპეციალისტების აღზრდის მიმართულებით, აკადემიის საგამომცემლო საქმიანობა და ა.შ.
შეხვედრაზე აკად. გივი ჯაფარიძემ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელები საინჟინრო და აგრარული მეცნიერების განვითარებაში და ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისათვის გადასცა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანს, აკადემიკოს რამაზ ხუროძეს, პროფესორ დავით მირცხულავას, პროფესორ გელა ჯავახიშვილს, პროფესორ ნანა გიორგბერიძეს, სოფლის მეურნეობის დოქტორს კარლო ბუაჩიძეს, აკადემიის სტიპენდიანტებს ნატო ჯაბნიძეს და გიორგი ქუთელიას, ასოც. პროფესორს ედიშერ მიდელაშვილს, ბატონებს გიორგი შერმადინს და თამაზ გუგეშაშვილს.