საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სემინარი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში თემაზე: „დეგრადირებული მიწების გარდაქმნა ჯანსაღ სავარგულებად“.

 

საქართველოს  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში 2021 წლის 17 ივნისს, აგრონომიის სამეცნიერო განყოფილებამ ჩაატარა სემინარი, რომელიც მიეძღვნა გაუდაბნოებასთან და გვალვასთან ბრძოლის მსოფლიო დღეს. სემინარი ჩატარდა დევიზით: „დეგრადირებული მიწების გარდაქმნა ჯანსაღ სავარგულებად“.

            სემინარს ესწრებოდნენ: აგრონომიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს- მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი, აკადემიკოსები: ნუგზარ ბაღათურია, იუზა ვასაძე, ზაურ ჩანქსელიანი, ნოდარ ჩხარტიშვილი, სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნები, სოფლის მეურნეობის დოქტორები მარინე ბარვენაშვილი და რევაზ ლოლიშვილი.

            სემინარი გახსნა აკადემიკოს-მდივანმა გოგოლა მარგველაშვილმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო გაეროს ასამბლეის გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვით საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მასში შემავალმა ქვეყნებმა უნდა დაიცვან გარემო ამ ნეგატიური მოვლენისაგან და დააფინანსონ საჭირო პრევენციული პროგრამები.

            ამის შემდგომ სემინარზე მოხსენებით გამოვიდნენ: აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი - „გვალვასთან და გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე - 17 ივნისი“ და სოფლის მეურნეობის დოქტორი რევაზ ლოლიშვილი 1. „დეგრადირებული მიწების გარდაქმნა ჯანსაღ სავარგულებად“ და 2. “კლიმატის ცვლილების გავლენა აღმოსავლეთ საქართველოს დამლაშებული ნიადაგების ფართობის ზრდაზე, ფიზიკურ-ქიმიური თვისებების და ბიოლოგიური აქტივობის გაუარესებაზე“.

            აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ დედამიწის ხმელეთის ტერიტორიის მეოთხედი უდაბნოდ გადაქცევის საფრთხის ქვეშ დგას. არსებობს წარმოდგენა - თითქოს უდაბნო ეს სრულიად უდაბური ადგილია, მაგრამ სინამდვილეში ის არის მკაცრ პირობებთან ადაპტირებული უამრავი ცხოველისა და მცნარის საარსებო გარემო. დედამიწის მოსახლეობის 1/6 ნაწილი უდაბნოს პირობებში ცხოვრობს. ადამიანებმა ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იციან უდაბნოს შესახებ და აუცილებელია გაიმიჯნოს უდაბნო გაუდაბნოებისაგან. არავინ არ იცის რამდენი ცივილიზაციაა დამარხული ქვიშის ქვეშ, ან რამდენი საიდუმლოა კიდევ აღმოუჩენელი. ადამიანების ნაწილს მიაჩნია, რომ უდაბნო არაფრითაა საინტერესო და გამორჩეული, თუმცა თავისი უნიკალური თვისებების გამო მრავალ მოგზაურსა თუ თავგადასავლის მოყვარულს იზიდავ.

            მომხსენებელმა - დოქტორმა რევაზ ლოლიშვილმა თავის მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზე, თუ როგორ პირობებში მიმდინარეობს გაუდაბნოება. მან აღნიშნა, რომ გაუდაბნოება არის მიწის დეგრადაცია სუბჰუმიდურ და არიდულ ადგილებში გამოწვეული სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედებით, მათ შორის კლიმატის ცვლილებით და ადამიანის საქმიანობით. აღნიშნული პროცესის შედეგია ნიადაგი, რომელზეც ფაქტიურად არაფერი არ იზრდება. ამ პრობლემის წინაშე იმიტომ აღმოვჩნდით, რომ ზედმეტად გულგრილი ვიყავით მიწის მიმართ. ჩვენ ვაწარმოებდით მიწის გადაჭარბებულ ექსპლუატაციას. არარაციონალურად ვიყენებდით და უპასუხისმგებლოდ ვცდილობდით მისგან უკანასკნელი რესურსის ამოღებას. გაუტყურებამ (ტყისგაჩეხვა), ცხოველების გადამატებულმა ძოვებამ, არასწორმა რწყვამ - დააქვეითა და კვლავ მიმდინარეობს ნიადაგის ნაყოფიერების დაცემა. ამ მხრივცეცხლზე ნავთს ასხამსკლიმატის ცვლილებაც. გაუდაბნოებას დაქვემდებარებული ეკოსისტემები ძალზე მგრძნობიარეა. მათ უზარმაზარი ტერიტორიები უკავიათ, მათ შორის მშრალ მიწებს - ხმელეთის ერთი მესამედი.

            გამოსავალს არსებული სიტუაციიდან წარმოადგენს კლიმატის ცვლილების შერბილება სათბურის გაზების ემისიის შემცირებით. ეს შესაძლებელია ფოტოზინთეზის გაძლიერებით. კერძოდ, ცარიელი ფართობების მცენარეებით ათვისებით, ტყის ფართობების გაზრდით, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებით და ჯანსაღი ეკოსისტემების აღდგენით.

            წარმოდგენილ საკითხების აქტუალობასა და სემინარის თემის მნიშვნელობაზე თავის აზრი გამოთქვეს აკადემიკოსებმა ნოდარ ჩხარტიშვილმა, იუზა ვასაძემ და ნუგზარ ბაღათურიამ. გამომსვლელებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ დეგრადირებული მიწების აღდგენა უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოსახლეობის შემოსავლების გაზრდას, სურსატის უსაფრთხოებასა და უვნებლობას. ეს კი თავის მხრივ ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების აღდგენას.

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com