საერთაშორისო დღეების იდეა მდგომარეობს ფართო საზოგადოების საგანმანათლებლო საკითხების, პოლიტიკური ნებისა და რესურსების მობილიზებაში გლობალური პრობლემების გადასაჭრელად. გარდა ამისა იგი ემსახურება კაცობრიობის მიღწევების აღნიშვნასა და განმტკიცებას. გაერომ საერთაშორისო დღეების აღნიშვნა აღიქვა, როგორც მძლავრი ინსტრუმენტი ხალხის ცნობიერების და ინფორმირებულობის ასამაღლებად.
ოზონი წარმოადგენს ჩვენი ატმოსფეროს ძალიან მცირე ნაწილს, მაგრამ მისი არსებობა უაღრესად მნიშვნელოვანია ადამიანის კეთილდღეობისთვის. ოზონის უმეტესი ნაწილი განთავსებულია ატმოსფეროს მაღალ სფეროში, დედამიწის ზედაპირიდან 10-დან 40 კმ-მდე. ამ ტერიტორიას სტრატოსფეროს უწოდებენ და შეიცავს მთელი ატმოსფერული ოზონის დაახლოებით 90%-ს.
1985 წელს მსოფლიოს მთავრობებმა მიიღეს ვენის კონვენცია ოზონის შრის დაცვის შესახებ. აღნიშნული კონვენციის მონრეალის პროტოკოლის თანახმად, მთავრობებმა, მეცნიერებმა და მრეწველებმა ერთობლივად შეზღუდეს ოზონის დამშლელი ნივთიერებების 99 პროცენტის გამოყენება. შემდეგ მონრეალში შემუშავდა პროტოკოლი, რომლის მიზანია აღადგინოს ოზონის შრე და საუკუნის შუა პერიოდისთვის მიაღწიოს 1980-იანი წლების მდგომარეობას. კიგალის შესწორების მხარდასაჭერად, რომელიც ძალაში შევიდა 2019 წელს, ჩატარდება სამუშაოები ჰიდროფტორნახშირბადის (HFC) და სათბურის გაზების გამომფრქვევის შესამცირებლად, რომლებიც ხელს უწყობენ დათბობას და ზიანს აყენებენ გარემოს.
წელს კაცობრიობა ზეიმობს ვენის კონვენციის და ოზონის შრის დაცვის 36-ე წლისთავს. დედამიწაზე ცხოვრება წარმოუდგენელია მზის სხივების გარეშე. მაგრამ მზის მიერ გამოყოფილი ენერგია ძალზე მომაკვდინებელი იქნებოდა დედამიწაზე მაცხოვრებლებისათვის, რომ არა ოზონის შრე. სტრატოსფეროს ეს ფენა დედამიწას იცავს მზის მავნე ულტრაიისფერი გამოსხივების უმეტესი ნაწილისგან. მზის ენერგია იძლევა სიცოცხლეს, მაგრამ ოზონის შრე გვინარჩუნებს ცხოვრების საშუალებას. როდესაც 1970-იანი წლების ბოლოს მომუშავე მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კაცობრიობა ამ დამცავ ფარს „ჯიჯგნიდა“ მათ განგაში ატეხეს. „ხვრელები“ გაჩნდა ოზონის დამშლელი გაზებით (ODS), რომლებიც გამოიყენება აეროზოლებში და სამაცივრე სისტემებში, კონდიციონერებში. ეს ნივთიერებები საფრთხეს უქმნის არამარტო ოზონის ფენას, არამედ უარყოფითად მოქმედებს ცოცხალ ორგანიზმებზე. ისინი იწვევენ კანის კიბოს და კატარაქტას, ამავდროულად ზიანს აყენებენ მთელ ეკოსისტემას.
პანდემიის პერიოდმა ცხადყო, რომ კოლექტიური გადაწყვეტილებების დანერგვა და მეცნიერულ ცოდნაზე დაფუძნებული მოქმედება გლობალური კრიზისების გადაჭრის ერთადერთი გზაა. გზავნილი ოზონის შრის დაცვის შესახებ ამ ეტაპზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ოდესმე. რეალობა გვკარნახობს, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ ჰარმონიულად - ყველასთვის სასიკეთოდ. დღის დევიზი გვახსენებს, რომ ოზონს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისათვის და რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ოზონის შრის დაცვა, რათა შევუნარჩუნოთ ის მომავალ თაობებს.
ოზონის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გთავაზობთ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნის, დოქტორ რევაზ ლოლიშვილის სტატიას -
„შეინარჩუნე ცა - დაიცავი თავი, დაიცავი ოზონის შრე“ (სტატია იხილეთ ბმულზე).