2021 წლის 13 დეკემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ უმასპინძლა აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრს, ბატონ გიორგი სურმანიძეს. მინისტრთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლები ბატონები ომარ კაჭარავა და ჯემალ ფუტკარაძე. აკადემიიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკად. გივი ჯაფარიძემ, აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, აკად. ელგუჯა შაფაქიძემ და აკადემიის პრეზიდენტის მოადგილემ, აკად. ანატოლი გიორგაძემ.
სტუმრებმა აკადემიის წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ბატონები
გ. სურმანიძე და ჯ. ფუტკარაძე საქმიანი ვიზიტით მიემგზავრებიან შუა აზიაში, კერძოდ უზბეკეთში, ქალაქ ტაშკენტში, მეაბრეშუმეობის სახელმწიფო ორგანიზაციებში ორ ქვეყანას შორის მეაბრეშუმეობის, როგორც სოფლის მეურნეობის უძველესი დარგის, განვითარებისა და ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის შემდგომი თანამშრომლობის შესახებ.
აღინიშნა, რომ საქართველოს მეაბრეშუმეობა ძალზე მძიმე მდგომარეობაშია და როგორც დარგი იგი აღარ ფუნქციონირებს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ სოფლის მეურნეობის ისტორიულად ჩამოყალიბებული სტრუქტურიდან მეაბრეშუმეობის ჩამოშლით, დაირღვა როგორც ეკოლოგიური გარემო, ისე ოჯახური ბიუჯეტის შემოსავლები და დემოგრაფიული ვითარება, რისი აღდგენაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. დარგს აუცილებლად სჭირდება სახელმწიფო მხარდაჭერა. უნდა შეიქმნას ხელსაყრელი გარემო, ინვესტიციების დაბანდების მიზნობრივი გამოყენებისათვის.
შეხვედრის მონაწილეები, მარცხნიდან - აკად. ა. გიორგაძე, აკად. ე. შაფაქიძე, ჯ. ფუტკარაძე,
გ. სურმანიძე, აკად. გ. ალექსიძე, აკად. გ. ჯაფარიძე, ო. კაჭარავა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ძალიხმევითა და ხელმძღვანელობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს უდიდესი ხელშეწყობით აჭარის აგროსერვის ცენტრში (დირექტორი გ. ბერიძე) 2018-2019 წლებში ჩატარდა თუთის აბრეშუმხვევიას საცდელი ექსპერიმენტული გამოკვება თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, რომელმაც აჭარაში დიდი ინტერესი გამოიწვია. 2019 წელს აკადემიისა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობით ქ. ბათუმში ჩატარდა შავი, კასპიის ზღვებისა და შუა აზიის მეაბრეშუმეობის ასოციაციის (BACSA) მე-9 საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: “მეაბრეშუმეობის შენარჩუნება და განვითარება, პრობლემები და პერსპექტივები”. კონფერენციის თემა ზუსტად მიესადაგებოდა საქართველოს მეაბრეშუმეობის დღევანდელ მდგომარეობას. კონფერენციამ დიდი რეზონანსი გამოიწვია.
ამდენად ბოლო წლებში მეაბრეშუმეობის მიმართულებით დაინტერესებულმა ერთადერთმა რეგიონმა - აჭარამ, ახალი ინიციატივა გამოიჩინა და გადაწყვიტა მეაბრეშუმეობის საკითხების უკეთ შესწავლა შუა აზიის ერთ-ერთ ქვეყანაში, რომელსაც მეაბრეშუმეობაში დიდი წარმატებები აქვს, რაც ძალზე მისასალმებელი და სამაგალითოა.
მეაბრეშუმეობის დარგზე და მის მომავალზე სტუმრებს ესაუბრენ აკადემიის წევრები, რომლებმაც გაამახვილეს ყურადღება იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს საქართველოს დელეგაციამ უზბეკეთში ვიზიტის დროს.
საერთოდ აღსანიშნავია, რომ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობა ტრადიციულად კონსულტაციებს მართავს აკადემიასთან სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებებში, რაც ძალზე მისასალმებელი და სამაგალითოა.