ფუტკრების საერთაშორისო დღე
მიმდინარე წლის 20 მაისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა ფუტკრების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სემინარი თემაზე: „თანამედროვე მეფუტკრეობის ტენდენციები საქართველოში“
სემინარს ესწრებოდნენ მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების წევრები: განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი, აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნები: სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი და აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის წამყვანი სპეციალისტები: ლარისა ჩაიკა და ქეთევან ჭიპაშვილი, ასევე მოწვეული სტუმრები: მეფუტკრეთა კავშირის პრეზიდენტი რამაზ თავართქილაძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გოგი მაძღარაშვილი, აკადემიის ეროვნული კოორდინატორი, სოფლის მეურნეობის დოქტორი მაია ფეიქრიშვილი, სოფლის მეურნეობის დოქტორები: თენგიზ ფირცხალაიშვილი და ჯემალ სადაღიშვილი, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მაია კერესელიძე, ვეტერინარი ექიმები: ნინო ყიფიანი, ირაკლი თათრიშვილი და ალექსანდრე ყურაშვილი, დ. აღმაშენებლის უნივერსიტეტის პროფესორი ალექსი ნონიაძე, პრაქტიკოსი-მეფუტკრე გიორგი იონათამიშვილი.
სემინარი გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა. მისალმების შემდეგ აკადემიკოსმა ჯ. გუგუშვილმა ისაუბრა ფუტკრის მნიშვნელობაზე ადამიანის ცხოვრებაში, მის მიერ მოცემული პროდუქტების სიკეთეზე და ზოგადად მასზე, როგორც სასარგებლო მწერზე, რომლის როლიც მცენარეთა მოსავლიანობის გაზრდაში შეუფასებელია. შემდგომ სიტყვა გადაეცა მეფუტკრეთა კავშირის პრეზიდენტს, ბატონ რამაზ თავართქილაძეს, რომელმაც მსმენელებს მიულოცა ფუტკრების საერთაშორისო დღე, გააცნო ქართული მეფუტკრეობის ამჟამინდელი მდგომარეობა და სამომავლო გეგმები. აღინიშნა, რომ დღეს აპიმონდიის (მეფუტკრეთა ასოციაციების მსოფლიო ფედერაცია) მსოფლიო წევრ ქვეყნებს შორის საქართველოც მოიხსენიება, რაც დარგისათვის წინ გადადგმული ნაბიჯია.
სემინარზე მოხსენებებით წარსდგნენ: სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გოგი მაძღარაშვილი, რომელმაც მოხსენება გააკეთა თემაზე: „ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნისა და მეფუტკრეობის პრაქტიკაში მათი გამოყენების მდგომარეობა“; ვეტერინარი ექიმის ნინო ყიფიანის მოხსენება ეხებოდა თემას: „თანამედროვე მიდგომები მეფუტკრეობაში - მკურნალობა და დეზინფექცია“; მეფუტკრე-პრაქტიკოსმა გიორგი იონათამიშვილმა მსმენელებს მოუთხრო საკუთარი საფუტკრის („იონას საფუტკრე“) და საქმიანობის შესახებ. თითოეული მოხსენება ეხებოდა თანამედროვე მიდგომებს მეფუტკრეობაში, პრობლემების გადაჭრის ახლებურ ხედვებს. ყოველივე აღნიშნულმა მსმენელების განსაკუთრებული ყურადღება და მოწონება დაიმსახურა. სამივე თემის ირგვლივ დაისვა უამრავი შეკითხვა და გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო სემინარის ყოველმა მონაწილემ.
სემინარის მუშაობა შეაჯამა მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა. მან მადლობა გადაუხადა მომხსენებლებსა და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისა და სემინარის მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის. აღნიშნა, რომ განყოფილების ორგანიზებით ფუტკრების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სემინარი სხვა დროსაც ჩატარებულა, თუმცა წლევანდელი სემინარი განსაკუთრებული იყო, რადგან სემინარის მონაწილეებს საშუალება მიეცათ ერთდროულად მოესმინათ, როგორც მეფუტკრე - მეცნიერებისათვის, ასევე პრაქტიკოს-მეფუტკრისათვის, რაც საუკეთესოდ წარმოაჩენს ამ ორი სეგმენტის თანამშრომლობის მნიშვნელობას დარგის შემდგომი განვითარებისათვის.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
2022 წლის 20 მაისს ჩატარდა სამეცნიერო განყოფილების სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1. მეფუტკრეობაში თანამედროვე ტენდენციების, როგორც ქართული მთის სოფლის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორის შესახებ;
მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი მაია ფეიქრიშვილი
(დოქტ. მ. ფეიქრიშვილის მოხსენება იხილეთ ბმულზე).
2. მიმდინარე საკითხები.