2022 წლის 17 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა შეხვედრა
აკადემიის პრეზიდენტ, აკად გურამ ალექსიძესა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტ „ტექინფორმის“ დირექტორ, ქალბატონ ნელი მახვილაძეს შორის. შეხვედრას ესწრებოდა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკად. ელგუჯა შაფაქიძე.
შეხვედრაზე იმსჯელეს ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის ფორმებზე და სამომავლო პერსპექტივებზე. აღინიშნა, რომ ტექინფორმა განათავსა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO AGRIS-ის (მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისი საინფორმაციო სისტემა) მონაცემთა ბაზაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პერიოდული გამოცემა „მოამბე“ (გამოცემები 2015 წლიდან) და აკადემიაში ჩატარებული სააერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომათა კრებულები (გამოცემები 2017 წლიდან). ეს ჩანაწერები ხილულია ინტერნეტში www.agris.fao.org და Google Scholar-ში. ამასთან ამ ჟურნალების ბიბლიოგრაფიულ-რეფერატული მონაცემები ასახულია ტექინფორმის სამეცნიერო პერიოდულ გამოცემაში - ქართული რეფერატული ჟურნალი და ტექინფორმის მონაცემთა ბაზაში „საქართველოს სამეცნიერო პუბლიკაციები“ ქართულ და ინგლისურ ენაზე (www.techinformi.ge).
ქალბატონმა ნელი მახვილაძემ აკადემიის წარმომადგენლებს გააცნო “ტექინფორმის” სამომავლო გეგმები და ის ღონისძიებები, რომლის განხორციელებას აპირებს ინსტიტუტი. შეხვედრაზე აკად. გურამ ალექსიძემ გამოთქვა სურვილი, რომ აკადემია მიიღებს აქტიურ მონაწილეობას ინსტიტუტ “ტექინფორმის” ეგიდით ჩატარებულ სემინარებში, ტრეინინგებში და ყველა სხვა ღონისძიებებში.
შეხვედრის დასასრულს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ გადასცა აკადემიის საპატიო სიგელი ინსტიტუტ „ტექინფორმის“ დირექტორს ქალბატონ ნელი მახვილაძეს აკადემიასთან ნაყოფიერი და კვალიფიციური თანამშრომლობისათვის. (საპატიო სიგელი იხილეთ ბმულზე).