25 იანვარს შედგა კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „სუპერმარკეტ „აგროჰაბ“-ის გადამამუშავებელი საწარმოს როლი ინოვაციური პროდუქტების შექმნაში“ გამოვიდა „აგროჰაბ“-ის ხილ-ბოსტნეულის გადამუშავების ინჟინერ-ტექნოლოგი, ექსპერტი ცინული ნაცვლიშვილი.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კომპანია „აგროჰაბი“-ს 2016 წლის დეკემბერში დაარსების მიზანი იყო მოსახლეობისთვის მაღალხარისხიანი, ნატურალური სურსათის, მ.შ. ადგილობრივი ფერმერებისგან შეძენილი ნედლეულის გადამუშავების შედეგად მიღებული კონსერვებისა და ნახევარფაბრიკატების მიწოდება. „აგროჰაბ“-ში“ მიმზიდველი გარემოა ინოვაციური ფორმულების შესამუშავებლად და ახალი პროდუქტების შესაქმნელად. ამჟამად სხვადასხვა დასახელების საწებლები, მურაბები, ჯემები, კომპოტები და სხვ. წარმოებისას გამოიყენება როგორც კლასიკური, ასევე უახლესი ტექნოლოგიები, რაც უზრუნველყოფს მზა პროდუქტის კვებითი და ბიოლოგიური ღირებულებების შენარჩუნებას.
„აგროჰაბი“-ს გადამამუშავებელ საწარმოში მზადდება ხელოვნური დანამატებისგან თავისუფალი პროდუქცია, ნედლეულის შერჩევა ხდება კეთილსინდისიერი ფერმერებისგან, რომლებიც იცავენ ძირითად აგროწესებს და ნორმებს, დაწყებული ნიადაგიდან დამთავრებული მოსავლის მიღებამდე. ნედლეულის მაღალი ხარისხი სტიმულს გვაძლევს ვაწარმოოთ მისგან ჯანსაღი და სასარგებლო პროდუქცია. ტექნოლოგიაში არ გამოიყენება კონსერვანტები და საღებავები.
განვითარებულ ქვეყნებში კარგად იციან ჯანმრთელობის ფასი და ბიოპროდუქტების მნიშვნელობაც; მიმდინარეობს კვების პროდუქტების ეკოლოგიზაციის პროცესი. საქართველოს ბევრ რეგიონში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბუნებრივი პირობების შენარჩუნებას - ტრადიციულად იწარმოება ნატურალური პროდუქტები. ჩვენც ამ გზას ვირჩევთ; უარს ვაცხადებთ გენომოდიფიცირებული ნედლეულის გამოყენებაზე. „აგროჰაბ“-ში შეიქმნა რამდენიმე ინოვაციური პროდუქტი იმ პირობის გათვალისწინებით, რომ მომხმარებელს მიეწოდოს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, ამასთან, მიმზიდველი ორგანოლეპტიკური თვისებების სასურსათო პროდუქტი.
უნდა აღინიშნოს, რომ საწარმოს სიმძლავრე თანდათან იზრდება. უახლოეს მომავალში ექსპლუატაციაში შევა თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი გადამამუშავებელი საწარმო, რაც საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო გავაფართოვოთ მზა პროდუქციის ასორტიმენტი. ვგეგმავთ გამოვუშვათ დიაბეტური, საბავშვო, სასაუზმე კონსერვების სხვადასხვა სახეობა - დაკვეთა თვით მომხმარებლიდან მოდის, ამიტომ ყველა მოწოდებული ვართ ამ მიზნის მისაღწევად!
მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ: აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, დოქტორი გოჩა ცოფურაშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე, დოქტორი ეკატერინა კაციტაძე, დოქტორი ერნა კალანდია, დოქტორი მერაბ ჟღენტი, პროფესორი ანზორ მესხიშვილი, „აგროჰაბ“-ის საოპერაციო დირექტორი ნინი ნანაძე, დოქტორანტი ბიძინა იმნაძე, აკადემიის სტიპენდიატი გიორგი ქუთელია, აკადემიკოსები: ნოდარ ჭითანავა, ალექსანდრე დიდებულიძე, რომლებმაც აღნიშნეს სუპერმარკეტის ბაზარზე ინოვაციური პროდუქციის გავრცელების მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატებები.
სხდომის შემდეგ ჩატარდა „აგროჰაბი“-ს ინოვაციური საკონსერვო პროდუქციის გამოფენის დათვალიერება და დეგუსტაცია; დიდი მოწონება მოიპოვეს კაკლის მურაბამ, კივის საწებელმა და სხვა პროდუქტებმა.