საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

326727167 680263873841326 1707333486176053987 n  15 თებერვალს შედგა კომისიის სხდომა, რომელზეც განხილული იქნა სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სამმართველოში მომზადებული მოხსენება: საქართველოს ვენახების კადასტრის აგების გზები და შედეგები“ (ავტორები: სოფლის მეურნეობის დოქტორი, მთავარი სპეციალისტი ირმა მდინარაძე და სამმართველოს უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი დავით მაღრაძე).

სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა კომისიის თავმჯდომარემ აკადემიკოსმა ალექსანდრე დიდებულიძემ, რომელმაც მოკლედ დაახასიათა საქართველოს მეღვინეობის სექტორში არსებული მდგომარეობა და გადასაწყვეტი პრობლემები, ხაზი გაუსვა ვენახების კადასტრის შექმნის უდიდეს როლს ამ პრობლემების გადაჭრაში.

მომხსენებელმა დავით მაღრაძემ აღნიშნა, რომ ვენახების კადასტრი გააჩნია ევროკავშირის წევრ ყველა იმ ქვეყანას, სადაც განვითა­რებუ­ლია მევენახეობა-მეღვინეობ. არსებული   რეალობიდან გამომდინარე, საქართველოს ვენახე­ბის კადასტრის დაგეგმვა და განხორციელება შეიძლება დახასიათდეს, როგორც ევროპული გამოცდი­ლე­ბისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი. ზემოთ მოყვანილის გათვალისწინებით, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს საქართველოს ვენახების კადასტრის პროექტს, რომელიც წარმოადგენს ვენახების ფართობებისა და ყურძნის წარმოების მონიტორინგის საშუალებას; იგი იქმნება ვენახის ნაკვეთების შესახებ დეტალური აგრონომიული ინფორმაციის შეკრებით, მევენახეებისა და მეღვინეების რეესტრის შექმნითა და მისი მუდმივი განახლებით აერო ფოტო სურათებზე დაფუძნებული საანკეტო ინფორმაციის შეკრებით.

ვენახების კადასტრის მიზანს წარმოადგენს:

ვაზისა და ღვინის სექტორში არსებული ყველა ერთეულის (საწარმოს) შესახებ ინფორმაციის რეგისტრაცია და შენახვა;

ინფორმაციის შეგროვება, რეგისტრაცია და შენახვა საქართველოს ვენახების ადგილმდებარეობის, მათი ფართობის, ჯიშური შემადგენლობის, დარგვის წლისა და მევენახეობის პრაქტიკასთან დაკავშირებული სხვა მაჩვენებლების ჩათვლით GIS ტექნოლოგიებზე დაყრდნობით;

ვენახების საანკეტო (.. “ალფანუმერული”) და გრაფიკული ისტორიული მონაცემების წარმოება-შენახვა;  326573835 1229757697631962 5246289562161124097 n

მევენახეობის ზონების გათვალისწინება ვენახების საწარმოო პოტენიცალის ანალიზისათვის, ახალი ზონების შექმნის ხელშეწყობა და არსებული ზონების საზღვრების დაზუსტება;

ყურძნის მოსავლისა და ღვინის პროდუქციის პროგნოზირება, სტატისტიკური ანგარიშების შემუშავება მევენახეობის რეესტრში შეკრებილი ინფორმაციის საფუძველზე და სხვა.

2014-2021 წლებში ვენახების კადასტრის პროექტის ფარგლებში სრულად აღიწერა კახეთის, რაჭისა და ლეჩხუმის მევენახეობის ზონების ვენახები, ჯამში 42089 ჰა ფართობზე. რთველი აღნიშნულ ზონებში ჩატარდა ვენახების კადასტრის ამონაწერების საფუძველზე, ხოლო 2022 წელს კადასტრის აგების სამუშაოები გაგრძელდა ქართლის (შიდა ქართლი, ქვემო ქართლი) მევენახეობის ზონაში - რეგიონის რუკები ატვირთული იქნა ვენახების კადასტრის ერთიან მონაცემთა ბაზაში, რომლებზედაც განხორციელდა ვენახების პოლიგონების მოხაზვა და ამჟამად მიმდინარეობს საკადასტრო ინფორმაციის შეკრება. 2023 წელს დაგეგმილია კადასტრის აგების სამუშაოების გაგრძელება მესხეთის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს და აჭარის მევენახეობის ზონებში.

მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიკოსები ნოდარ ჭითანავა და ალექსანდრე დიდებულიძე, პროფესორები ცოტნე სამადაშვილი, გელა ჯავახიშვილი, ნოდარ ხატიაშვილი, ოთარ ქარჩავა, ანზორ მესხიშვილი, აკადემიის სტიპენდიატი დოქტორი ეკატერინა კაციტაძე, დოქტორი ზურაბ ლოლაძე, რომლებმაც ხაზი გაუსვეს საქართველოს ვენახის კადასტრის შექმნის მიმართულებით მნიშვნელოვან მიღწევებს და ახალი წარმატებები უსურვეს კადასტრის სამმართველოს წევრებს მათ შემდგომ მუშაობაში.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com