15 მარტს შედგა კომისიის სხდომა, რომელზეც განხილული იქნა, სოფლის მეურნეობის დოქტორის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი სპეციალისტის. დოქტორ ნოდარ სტეფანიშვილის მოხსენება თემაზე: “მეთუთეობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში”.
სხდომის დაწყებამდე დამსწრეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მეაბრეშუმეობის დიდი ქომაგის, ამა წლის თებერვალში გარდაცვლილი აკადემიის აკადემიკოს მდივნის ელგუჯა შაფაქიძის ხსოვნას. ნაჩვენები იყო ბატონ ელგუჯასადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი, მოეწყო მეაბრეშუმეობის დარგში მისი ავტორობით გამოცემული ნაშრომების დათვალიერება.
მომხსენებელმა ნ.სტეფანიშვილმა აღნიშნა. რომ საქართველოში დღეისათვის შემორჩენილი თუთის ხეთა უმრავლესობა უჯიშო, მობერებული, წყობილებიდან გამოსული, ინფიცირებული და დაბალმოსავლიანია. მცენარეთა დიდი ნაწილი ცალკე მდგომი და ერთეული ნარგაობის სახით გვხვდება. ვხვდებით აგრეთვე მცირე ფართობებზე თუთის პლანტაციებს. მათზე ფოთლის დამზადება ძალზე მიზერული რაოდენობით არის შესაძლებელი. მეაბრეშუმეობის დარგის აღორძინებისათვის აუცილებელია თუთის ფიტოპლაზმური დაავადების მიმართ რეზისტენტული და პროდუქტიული ფორმების მოძიება, გამოზრდა და გამრავლება.
თუთის რეზისტენტული ფორმების შერჩევა და ზონალობის მიხედვით გავრცელება უნდა განხორციელდეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე. თითეულ რეგიონში არანაკლები 4 რეზისტენტული ფორმის სახით.
თუთის რეზისტენტული ფორმების აღზრდა და გამრავლება უმდა მოხდეს სპეციალიზირებილ თუთის სანერგეში. გამოზრდილი ნერგების რაოდენობა და მასშტაბი დამოკიდებული იქნება სანერგის მიმართ წაყენებულ მოთხოვნილებაზე.
მეთუთეობის აგროწესების მოთხოვნილების შესაბამისად თუთის ნერგების აღზრდას ესაჭიროება 3 წელი. ნერგების მუდმივ ადგილზე დარგვის შემდეგ მცენარეზე ვარჯის ფორმირება კიდევ 3 წელი გრძელდება და მხოლოდ 7 წელს ტარდება ჩამოყალიბებულ ვარჯის მქონე მცენარეზე პირველი ექსპლოტაცია-ფოთლის დამზადება.
საწყის ეტაპზე, რეზისტენტულ ფორმებიდან კალმების დამზადება და სანერგეზე გადაცემა უნდა განხორციელდეს საგურამის სამეცნიერო-კვლევით ბაზაზე, სადაც ამ მიზნით 0.7 ჰა-ზე გაშენებულია რეზისტენტული ფორმებით თუთის სადედე-საკალმე პლანტაცია. ყოველწლიურად აღნიშნულ ნაკვეთში შეიძლება დამზადეს 8-10 ათასი კალამი (1კალამზე 10 კვირტის რაოდენობა).
თუთის სანერგე აღნიშნული რაოდენობის კალმების მიღების შემთხვევაში ყოველწლიურად გამოზრდის დაახლოვებით 50 ათას ნერგს.
მეთუთეობის საკვები ბაზის სწრაფად აღდგენა შესაძლებელია სარგავი მასალის დაჩქარებული წესით აღზრდის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის და გამოყენების შემთხვევაში. ამ მხრივ ძალზე ეფექტურია:
თუთის კალმების დაფესვიანება პერლიტში, მექანიზირებული წესით თუთის დარგვისწინა მყნობის ჩატარება ვაზის სამყნობ აპარან-OMEG-ზე, უჯიშო და მობერებული თუთის პლანტაციების გაახალგაზრდავება, დაჩქარებული წესით ჰიბრიდული ნერგის მიღება და სხვა.
თუ საქართველოში დაინერგება თუთის ბუჩქოვანი პლანტაციის გაშენების პრაქტიკა, მაშინ 2 წლით დაჩქარდება ფოთლის მიღების შესაძლებლობა და ფართობის ერთეულზე მიიღება 3-5 ჯერ მეტი ფოთლის მოსავალი.
საქართველოში ფერმერთა ძირითად რაოდენობას გააჩნია 1.0 ჰა მიწის ფართობი. მაღალშტამბოვანი ნარგაობის გაშენების შემთხვევაში დარგვის სიხშირით 3x3 მ, ფერმებს დასჭირდება 1100 ნერგი. მცენარეთა ექსპლოატაციაში შესვლის დროს 1 ძირზე შეიძლება მიღებული იქნას 5 კგ ფოთოლი, ანუ ჰექტარზე 5500კგ. ფოთოლი, საიდანაც შეიძლება დამზადდეს 275 კგ-მდე ცოცხალი პარკი. ბუჩქოვანი პლანტაციის გაშენების დროს მიიღება ჰექტარზე 20 ტონამდე ფოთოლი, საიდანაც დამზადდება 750-1000 კგ ცოცხალი პარკი. ამავე დროს ბუჩქოვანი პლანტაციის გაშენება შესაძლებელია ჰიბრიდული ნერგებით, ხოლო ფოთლის დამზადება შესაძლებელია მექანიზირებული წესით, რაც ამცირებს პარკის თვითღირებულებას.
მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ აკადემიკოსები: ნოდარ ჭითანავა, რევაზ ასათიანი და ალექსანდრე დიდებულიძე, მინისტრის მრჩეველი, დოქტორი ომარ კაჭარავა, აკადემიის ექსპერტი დოქტორი გოჩა ცოფურაშვილი, პროფესორები: ნოდარ ხატიაშვილი, ოთარ ქარჩავა, ანზორ მესხიშვილი, აკადემიის სტიპენდიატი დოქტორი გიორგი ქუთელია, კოოპერატივ ,,აბრეშუმხვევია“-ს წევრი (ახმეტა) მანანა ელიკაშვილი, ს/ო მერსი ქორფსის თემატური ჯგუფის კოორდინატორი მაია მოსიაშვილი.
დაადგინეს: მოწონებული იქნეს წარმოდგენილი მოხსენება და აღიძრას შუამდგომლობა აკადემიის პრეზიდიუმის წინაშე, რათა დოქტორ ნოდარ სტეფანიშვილის მოხსენება გატანილი იქნეს განსახილველად აკადემიის პრეზიდიუმის სხდომაზე.