22 აპრილი - დედამიწის საერთაშორისო დღე
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში, 2023 წლის 20 აპრილს, გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი თემატური სხდომა.
სხდომას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების სწავლული მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის სტიპენდიატები: სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე და სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის წამყვანი სპეციალისტები: ქეთევან ჭიპაშვილი, ლარისა ჩაიკა და მარიკა მოსაშვილი, ასევე მოწვეული სტუმრები: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ნანა გოგინაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს წევრები: ილიას უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, მეტყევე, ეკოლოგი ვასილ მეტრეველი და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მთავარი სპეციალისტი, ეკონომისტი ბაგრატ რაზმაძე.
სხდომა გახსნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ. მოკლე მისალმების შემდეგ, მან ისაუბრა დედამიწის საერთაშორისო დღის დაარსების ისტორიაზე, მის მნიშვნელობაზე, იმაზე, რომ ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები და რომ იგი ყოველწლიური ღონისძიებაა და 22 აპრილს აღინიშნება. დღესდღეობით დედამიწის საერთაშორისო დღეს 193 მეტ ქვეყანაში ზეიმობენ. შემდეგ სიტყვა მოხსენებისათვის „ჭალის ტყის ცვლილებების ანალიზი სატელიტური სურათების გამოყენებით ჭაჭუნას მაგალითზე“ გადასცა მეტყევე-ეკოლოგ ვასილ მეტრეველს.
ვასილ მეტრეველმა აღნიშნა, რომ ზოგადად ჭალის ტყეები, ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ეკოსისტემაა მთელს მსოფლიოში, ვინაიდან ისინი ძირითადად დაბლობებზე და ადვილად მისადგომ ადგილებზე მდებარეობს. გარდა ხე-ტყის მოხმარებისა, ტუგაის ტიპის ჭალის ტყეებს უდიდეს ზიანს აყენებს საქონლის ძოვება, რადგან ის ესაზღვრება ნახევარ უდაბნოებსა და სტეპებს, რომლებიც ძირითად რესურსს წარმოადგენს, საძოვრების თვალსაზრისით. შემდეგ ისაუბრა ძირითადი თემის ირგვლივ, კერძოდ, ჩატარებული კვლევის მიზნებზე, რომელშიც შედიოდა: მდინარე ივრის ჭალის ტყეების აღწერა და მდგომარეობის შეფასება, მათი ბუნებრივი საზღვრების განსაზღვრა, შედარება დღევანდელ საზღვრებთან და ცვლილებების მიზეზების დადგენა. ასევე, იმის გარკვევა, შეამცირა თუ არა, კონკრეტულად დალის წყალსაცავმა ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიაზე არსებულ ჭალის ტყეების ფართობი. იქონია თუ არა გავლენა, იქ არსებული ფლორისტული შემადგენლობის ცვლილებებზე. აღნიშნულის დასადგენად მოხდა დალის წყალსაცავის ზედა და ქვედა ნაწილში არსებული ტყეების მდგომარეობის შეფასება-შედარება, დროის 40 წლიან მონაკვეთში ტყის ფართობების დათვლა 10 წლიანი ინტერვალებით, ცვლილებების გამოვლენა და სხვ. კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ 40 წლიან მონაკვეთში ჭალის ტყის ფართობები ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიაზე საგრძნობლად შემცირდა, შეიცვალა ფლორისტული შემადგენლობაც, შესაბამისად დალის წყალსაცავმა მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია, რაც ნათლად აისახა არსებულ ეკოსისტემაზე.
მოხსენების დასრულების შემდეგ წარმოდგენილი თემის ირგვლივ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დოქტორებმა: გ. ქავთარაძემ, ნ. გოგინაშვილმა, ზ. ტიგინაშვილმა. დამსწრე საზოგადოების მხრიდან დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელზეც ვ. მეტრეველმა ამომწურავი პასუხები გასცა.
სხდომა შეაჯამა აკადემიკოსმა ლ. დოლიძემ. მან მადლობა გადაუხადა მომხსენებელს საინტერესო პრეზენტაციისათვის, ხოლო დამსწრე საზოგადოებას, მობრძანებისა და სხდომის მუშაობაში აქტიური მონაწილეობის მიღებისათვის. აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს საქართველოს ჭალის ტყეებთან დაკავშირებული გამოწვევების განხილვა-გადაწყვეტას.