ვასილ გულისაშვილის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი
მიძღვნილი კონფერენცია
2023 წლის 5 მაისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა დიდი ქართველე მეცნიერის, სამთო მეტყევეობის ფუძემდებლის, აკადემიკოს ვასილ გულისაშვილის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია. კონფერენციას ესწრებოდნენ, აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის სტიპენდიატები: ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე და მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის დირექტორი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი, ასევე მოწვეული სტუმრები: წმიდა ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, სოფლის მეურნეობის დოქტორი რეზო ვასაძე, აგრარული უნივერსიტეტის პროფესორები, სოფლის მეურნეობის დოქტორები ნატო კობახიძე და ალექსანდრე აფციაური, ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები, ბიოლოგიის დოქტორები: მედეა ბურჯანაძე და არჩილ სუპატაშვილი, მ. საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, სოფლის მეურნეობის დოქტორი გიული წერეთელი, დოქტორანტები: ნატალია ხარაბაძე და გიორგი ჯინჭარაძე და აგრარული უნივერსიტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის სატყეო საქმის მიმართულების სტუდენტები.
კონფერენცია გახსნა აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. მისასალმებელი სიტყვის შემდეგ მან ისაუბრა ვ. გულისაშვილის მიერ საქართველოში სატყეო მეცნიერების განვითარებისათვის გაწეულ უდიდეს ღვაწლზე, მის მიერ დაარსებული სატყეო ინსტიტუტის მნიშვნელობასა და საქმიანობაზე. აკადემიკოსი გ. ჯაფარიძე ასევე შეეხო საქართველოს ტყეების არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებულ პრობლემატურ საკითხებს, ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდა თაობის ჩართულობის აუცილებლობაზე სატყეო მეურნეობის დარგის შემდგომი განვითარების მიმართულებით.
კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგნენ: ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის დირექტორი, სატყეო საქმის დოქტორი გ. ქავთარაძე; წმიდა ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, სოფლის მეურნეობის დოქტორი რეზო ვასაძე; მარიმაჯვრის დაცული ტერიტორიის დირექტორი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი და ვ. გულისაშვილი სატყეო ინსტიტუტის ტყის დაცვის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ბიოლოგიის დოქტორი, პროფესორი მედეა ბურჯანაძე. დოქტორმა გ. ქავთარაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო აკადემიკოს ვ. გულისაშვილის ბიოგრაფიული მონაცემები, ისაუბრა მის კვლევებზე, სატყეო დარგის მიმართულებით გამოცემულ სახელმძღვანელოებსა და ფუნდამენტურ ნაშრომებზე. აღინიშნა, რომ ვ. გულისაშვილის სახელმძღვანელოებზე, რომელთა შორისა: მცენარეთა ეკოლოგია, ზოგადი მეტყევეობა, ბუნების დაცვის საფუძვლები და სხვა, არაერთი მეტყევე-სპეციალისტი აღიზარდა და მათ დღესაც არ დაუკარგავთ თავისი მნიშვნელობა და აქტუალობა. ვ. გულისაშვილი იყო ფართო დიაპაზონის მეცნიერი, როგორც მისი თანამედროვენი აღწერდნენ „ბუნების დაუღალავი მკვლევარ-მოგზაური, ვისაც ფეხით ჰქონდა შემოვლილი ამიერ და იმიერ კავკასიის ტყეები.“
სოფლის მეურნეობის დოქტორის რეზო ვასაძის მოხსენების თემა გახლდათ: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და თურქეთის რესპუბლიკის სასაზღვრო ზოლში ტყის შემქმნელი მერქნიანი მცენარეების ფიტოსანიტარული მდგომარეობა“. თავის მოხსენებაში იგი შეეხო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და თურქეთის რესპუბლიკის სასაზღვრო ტყის ზოლში გავრცელებულ მავნებელ-დაავადებებს, აღწერა მათი ზემოქმედებით ტყის შემქმნელი მერქნიანი მცენარეების ფიტოსანიტარული მდგომარეობა. საუბარი წარიმართა აჭარასა და ართვინის პროვინციებში გავრცელებული ტყეების არსებულ მდგომარეობაზე. ყურადღება გამახვილდა ისეთ მავნებლებზე, როგორებიცაა ნაძვის მბეჭდავი და კენწეროს ქერქიჭამიები, პათოგენური სოკო ე. წ. ბზის სიდამწვრე, ბზის ალურა და სხვა, მათ მიერ გამოწვეულ ზარალზე და ამ მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებზე. დოქტორმა რ. ვასაძემ ასევე ისაუბრა საჭმელი წაბლის მავნებლებზე, რომელთა შორის გამოყო მეტად საშიში მავნებელი აზიური წაბლის ბუზი. აღნიშნა, რომ ჩვენდა სასიხარულოდ, ეს მწერი აჭარაში არ არის დაფიქსირებული.
მარიმაჯვრის დაცული ტერიტორიის დირექტორმა, სოფლის მეურნეობის დოქტორმა ზვიად ტიგინაშვილმა ისაუბრა მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალზე, აკადემიკოს ვ. გულისაშვილის როლზე მის დაარსებაში. ხაზი გაუსვა მარიამჯვრის ნაკრძალის ბიომრავალფეროვნებას და მისი დაცვის აუცილებლობას. მცენარეებიდან გამოყო ისეთი სახეობები, როგორებიცაა: სოსნოვსკის ფიჭვი, ჭალის მუხა, უთხოვარი, საღსაღაჯი, რცხილა, ჯაგრცხილა და სხვ. რაც შეეხება ფაუნის წარმომადგენლებს, აღნიშნა, რომ აქ გვხვდება: ევროპული შველი, მგელი, ტყის კატა, ტყის კვერნა, ჩვეულებრივი მელა, მაჩვი, გარეული ღორი, მურა დათვი, ტურა, კოლხური ხოხობი, დურაჯი, კაკაბი, ბექობის არწივი და სხვ. დოქტორმა ზ. ტიგინაშვილმა მსმენელებს მოუთხრო ასევე ნაკრძალის ტერიტორიაზე დაფიქსირებული სამართალდარღვევების სახეებზე და მათი აღკვეთის ღონისძიებებზე, ტყეების სანიტარულ მდგომარეობაზე, მართვაზე და სხვ.
ბიოლოგიის დოქტორი, პროფესორი მედეა ბურჯანაძე აუდიტორიის წინაშე წარსდგა პრეზენტაციით: „წაბლის ქერქის კიბო Cryphonectria parasitica და მის წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის დანერგვა საქართველოში“. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს წაბლნარებში ხმობა მრავალი ათეული წელია მიმდინარეობს, რასაც თავის მხრივ ხელი შეუწყო ისეთმა დაავადებამ, როგორიცაა წაბლის ქერქის კიბო. დაავადების გამომწვევი სოკო აზიანებს ქერქს, რომელზედაც ზოგჯერ წარმოიქმნება კიბოს ნეკროზები. სოკო იწვევს ტოტების მასობრივი ხმობას, წვერხმელობას და ფოთლების ჭკნობას. სოკოს გავრცელება ხდება მწერების, ფრინველების, ქარისა და წვიმის საშუალებით. შვეიცარიელ, მაკედონელ და ხორვატ კოლეგებთან თანამშრომლობით, საქართველოში ჩატარდა წაბლნარების პათოლოგიების გამოკვლევები, რომლის მიზანი იყო, როგორც დაავადების გავრცელების დადგენა, ასევე ამ დაავადების წინააღმდეგ ბიოკონტროლისათვის სოკოს ჰიპოვირულენტური შტამების გამოვლენა. გამოკვლევები ჩატარდა ქვეყნის 14 რაიონში. საქართველოსა და შვეიცარიაში ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევებმა გამოავლინა C. Parasitica - ს პოპულაციური მრავალფეროვნება, ხოლო შვეიცარიაში ჩატარებულმა გენეტიკურმა ანალიზმა კი - გენეტიკური მრავალფეროვნება და ჰიპოვირულენტური შტამების არსებობა საქართველოში. გამოვლენილი იქნა ქართული ყველაზე აქტიური ჰიპოვირულენტური შტამები CHV-1, რომელიც ინახება შვეიცარიაში ტყის თოვლისა და ლანდშაფტის ფედერალურ ინსტიტუტში (WSL). საქართველოდან გაგზავნილი 664 C. parasitica იზოლატიდან, 62 იზოლატი დადებითად დადასტურდა CHV-1-ზე. საყურადღებოა, რომ CHV-1 შტამებიდან შესაძლებელია დამზადდეს ბიოლოგიური პრეპარატი, რომელიც გამოყენებული იქნება წაბლის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისათვის. მოხსენების ბოლოს პროფესორმა მ. ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს წაბლნარების გაჯანსაღების მიზნით, საჭიროა სამუშაოების გაგრძელება, რაც საჭიროებს დამატებით ფინანსური რესურსების მოძიებას და ახალგაზრდა კადრების მოზიდვას.
კონფერენციის მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩაბმული, როგორც სატყეო დარგის მეცნიერები, ასევე სტუდენტები. წარმოდგენილი მოხსენებების ირგვლივ დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელზედაც მომხსენებლებმა ამომწურავი პასუხები გასცეს.
კონფერენციაზე აღინიშნა, ისიც რომ ვ. გულისაშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სატყეო დარგის მეცნიერებმა ყვავილების გვირგვინით შეამკეს აკადემიკოს ვ. გულისაშვილის საფლავი.
კონფერენციის მუშაობა შეაჯამა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, სოფლის მეურნეობის დოქტორმა მარინე ბარვენაშვილმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მობრძანებისა და კონფერენციაში მონაწილეობის მიღებისათვის.