ღვაწლმოსილი მეცნიერი - ოთარ ლიპარტელიანის ხსოვნა
გარდაიცვალა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, ღვაწლმოსილი მეცნიერი ოთარ ლიპარტელიანი.
ბატონი ოთარი დაიბადა 1932 წლის 5 დეკემბერს ლენტეხის რაიონის სოფელ კახურაში. ლენტეხის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1949 წელს სწავლა განაგრძო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიულ ფაკულტეტზე და მისი დამთავრების შემდეგ მიენიჭა სწავლული აგრონომის კვალიფიკაცია.
ბატონმა ოთარმა შრომითი საქმიანობა დაიწყო 1955 წელს საქართველოს სახელმწიფო სასელექციო სადგურში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. 1961 წლიდან 2006 წლამდე მან გაიარა დიდი და ნაყოფიერი გზა მცხეთის სასელექციო სადგურში ჯერ უფროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდგომ განყოფილების გამგედ და დირექტორის თანამდებობაზე. 2006 წელს იგი არჩეულია ი. ლომოურის სახელობის მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე და ამავე ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრად. 2014 წლიდან ბატონი ოთარ ლიპარტელიანი დაინიშნა და მუშაობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად.
მან პირველმა დაიწყო მცენარეთა კერძო გენეტიკის კურსის კითხვა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენეტიკის კათედრაზე (1976-1979 წ. წ. ) და შემდეგ კითხულობდა სელექცია-გენეტიკის კურსს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის გენეტიკა-სელექციისა და მეთესლეობის კათედრაზე.
ბატონი ოთარი ითვლება საქართველოში სიმინდის სელექციაში პირველ ხაზთაშორისი ჰიბრიდების ავტორად. მან პირველმა შეაგროვა სიმინდის ადგილობრივი ჯიშების გენოფონდი ( 244 ნიმუში) , შეისწავლა ისინი ბოტანიკურად, გენეტიკურად და დასახა მათი სელექციური გამოყენების სწორი გზები. მან პირველმა შეისწავლა ისინი კომბინაციური უნარიანობის მიხედვით, სტერილურობის მიმართ რეაქციის თვალსაზრისით და ამ მხრივ პირველმა მოგვცა მათი ბოტანიკური და გენეტიკური კლასიფიკაცია.
ბატონი ოთარ ლიპარტელიანი ბრძანდება 200-მდე სამეცნიერო შრომის ავტორი, რომელიც გამოქვეყნებულია როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე უცხოურ გამოცემებში, მათ შორის 7 მონოგრაფიის, ერთი სახელმძღვანელოს, 13 რეკომენდაციის. მისი ავტორობითა და თანაავტორობით გამოყვანილი და წარმოებაში დანერგილია 25 ჯიში, მათ შორის ხორბლის 2 ჯიში, სიმინდის 15 ჰიბრიდი და 1 ჯიში, ქერის 4 ჯიში, ლობიოს მუხუდოს და ოსპის თითო ჯიში. აქედან სიმინდის 1 ჯიში და 2 ჰიბრიდი დარაიონებულია უცხოეთშიც.
ბატონი ოთარის სამეცნიერო პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა სათანადოდ არის დაფასებული. იგი დაჯილდოვებულია საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის პირველი ხარისხის დიპლომით (1983 წ.); საქართველოს სახელმწიფო პრემიით მეცნიერებაში (1986 წ.); „ღირსების“ ორდენით (1999 წ); საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელით (2002, 2016 წ. წ.) და მინიჭებული აქვს საუკეთესო მეცნიერის წოდება აგრონომიულ დარგში (2013 წ.)
წავიდა კიდევ ერთი ღვაწლმოსილი ადამიანი ჩვენი რიგებიდან. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ღირსეული მეცნიერის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს. აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ოთარ ლიპარტელიანის სახელი დიდხანს დარჩება მისი კოლეგების, მეგობრებისა და ახლობლების გულებში.
საქართველოს სოფლის მეურნეობის
მეცნიერებათა აკადემია