საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის შეხვედრა აკადემიის აპარატთან
მიმდინარე წლის 22 ნოემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში მოეწყო აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის შეხვედრა აპარატთან. საუბარი წარიმართა აკადემიის მიერ 2023 წელს შესრულებული სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების ირგვლივ. ბატონმა გ. ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ მიდინარე წელი აკადემიის მიერ შესრულებული სამუშაოების მხრივ მეტად დატვირთული იყო. შედგა არაერთი შეხვედრა, მრგვალი მაგიდა, ჩატარდა ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები, გაფორმდა მემორანდუმები ადგილობრივ თუ უცხოელ სამეცნიერო და სამთავრობო უწყებებთან. აკადემიის პრეზიდიუმი, პრეზიდიუმთან არსებული სამეცნიერო საბჭო, აგრარული ინოვაციების კომისია, ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭო, ასევე აკადემიის ექვსივე სამეცნიერო განყოფილება ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა მუშაობას. მათ საქმიანობაში აქტიურად იყო ჩართული აკადემიის თითოეული თანამშრომელი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს 4-6 ოქტომბერს ჩატარებული საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია: „სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა და ცხოველთა ბიომრავალფეროვნება, კონსერვაცია და გამოყენების პერსპექტივები“, რომლის წარმატებით ჩატარებაშიც დიდი წვლილი მიუძღვით აკადემიის აპარატის მუშაკებს. თუმცა გასაკეთებელი ბევრია, საჭიროა კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა და მონდომება თითოეული თანამშრომლის მხრიდან, რათა აკადემიის საქმიანობა კიდევ უფრო მეტად ეფექტური გახდეს. „ყველასათვის ცნობილია, რომ აკადემია არის მთავრობის მრჩეველი აგრარულ საკითხებში, რაც განსაკუთრებით ზრდის თითოეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლობას. აქედან გამოდინარე საჭიროა, რომ ჩვენი საქმიანობა იყო ეფექტური, ხარისხიანი და დღევანდელ მოთხოვნებთან შესაბამისი“ - განაცხადა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აკადემიაში შექმნილ მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკზე. აღინიშნა, რომ ბანკი უახლოეს მომავალში აღიჭურვება მცენარეთა საშრობი დანადგარით და შეივსება ახალი მასალით.