საქართველოს პარლამენტში
პუბლიკაციის - საქართველოს სოფლის
მეურნეობა: ტრანსფორმაცია და ბოლო ათწლეულის განვითარების
ტენდენციები - პრეზენტაცია გაიმართა
მიმდინარე წლის 13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში პუბლიკაციის - „საქართველოს სოფლის მეურნეობა: ტრანსფორმაცია და ბოლო ათწლეულის განვითარების ტენდენციები“ პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან პრეზენტაციას ესწრებოდნენ აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ ასათიანი, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.
ღონისძიება გახსნა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.
მან აღნიშნა, რომ პუბლიკაციაში ნაბიჯ-ნაბიჯ ნაჩვენებია, ბოლო ათწლეულში თუ როგორ ვითარდება და აღმასვლას იწყებს განადგურებული სოფლის მეურნეობა, როგორც ინსტიტუციურად, ასევე, საკანონმდებლო დონეზე. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ უკვე მიაღწია წინსვლას სურსათის უვნებლობის, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული პოლიტიკის კუთხით, რაც ევროკავშირსა და საქართვლოს შორის ვაჭრობის გაზრდის და დივერსიფიკაციის საშუალებას იძლევა. საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს თევზჭერის მართვის რეგიონულ ორგანიზაციებთან. სახვადასხვა დარგობრივი ასოციაციების მეშვეობით, პროგრამული დახმარების კომპონენტით ხდება ფერმერების გაძლიერება. საკანონმდებლო ჰარმონიზაციის პროცესში არ შეიძლება არ აღინიშნოს პარლამენტის როლი, რომელმაც ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმებიდან 2022 წლამდე 58 ახალი კანონი მიიღო, ცვლილება შეიტანა 570-ზე მეტ კანონში, მხარი დაუჭირა 12 დადგენილებას და 26 საერთაშორისო შეთანხმებას. განახორციელა 73 ევროდირექტივის, 3 გადაწყვეტილების, 14 რეგულაციისა და 7 რეკომენდაციის საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტს თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. მან აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვანი როლი აქვს ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში და ასევე, სოციალური კეთილდღეობის გაზრდაში. საქართველოს მოსახლეობის 40% დღესაც სოფლად ცხოვრობს და ამიტომ სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. პარლამენტმა არაერთი ნაბიჯი გადადგა, რომ შეექმნა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა სოფლის მეურნეობის და ზოგადად სოფლის განვითარებისათვის, მათ შორის ევროკავშირთან დაახლოების მხრივ. ევროკავშირის 180-ზე მეტი სამართლებრივი აქტია გადმოღებული ქართულ კანონმდებლობაში, რაც ასახულია შეფასებებში.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სოფლის მეურნეობას და სოფლის განვითარებას იმ მხრივაც აქვს დატვირთვა, რომ კეთილდღეობის ზრდასთან ერთად საქართველო მიიყვანოს იმ ეკონომიკურ ნიშნულამდე, რომელიც აუცილებელია, რომ სერიოზულად იქნას აღქმული საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში.
ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ყურადღება სექტორში იმ მიღწევებზე გაამახვილა, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა. მისი თქმით, სამინისტრო რეფორმებს აგრძელებს და ეს რეფორმები ემსახურება იმ მიზანს, რომ ყველა პროგრამა და პროექტი, ცვლილება განხორციელდეს, რომ ფერმერებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისთვის ყველა მხარდამჭერი ღონისძიება უფრო ეფექტიანი და ხელმისაწვდომი იყოს.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ თავის გამოსვლაში ევროკავშირსა და საქართველოს შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე - „საქართველოს სოფლის მეურნეობა: ტრანსფორმაცია და ბოლო ათწლეულის განვითარების ტენდენციები“, რომლის მოდერატორი აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი იყო.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ხატია წილოსანმა, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, აკადემიკოსმა რევაზ ასათიანმა, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, აკადემიკოსმა ლევან უჯმაჯურიძემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საგანგებო სიტუაციების მართვის, სამოქალაქო დაცვის, სოფლის განვითარებისა და ინტელექტუალური საკუთრების პროგრამის მენეჯერმა ქეთევან ხუციშვილმა და ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, სამეცნიერო წრეებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.