საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ხორბლის კულტურა - რიტუალები და გამოყენების უწყვეტი ტრადიცია“

 

kk  მიმდინარე წლის 5-6 თებერვალს სასტუმრო „რესპუბლიკის“ – „ივენთ ჰოლში“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ხორბლის კულტურა - რიტუალები და გამოყენების უწყვეტი ტრადიცია“. კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი; FAO-გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

კონფერენციის საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტი წარმოდგენილი იყო 4 ქვეყნის (საქართველო, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, ბულგარეთი) მეცნიერთა შემადგენლობით, ხოლო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს 6 ქვეყნის (საქართველო, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, ბულგარეთი, აშშ, თურქეთი) მეცნიერ-მკვლევარებმა.

კონფერენცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა მოდერატორმა-სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, აკადემიკოსმა ლევან უჯმაჯურიძემ. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ ასევე: საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ქალბატონი ნინო წილოსანი; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ბატონი იური ნოზაძე; საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ბატონი ნოდარ პაპუკაშვილი; საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ბატონი ნიკოლოზ აზნაურაშვილი; მაღალყოვლადუსამღვდელოესობა დავითი; გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელი საქართველოში, ბატონი რაიმუნდ იელე; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ქალბატონი თინათინ სადუნიშვილი; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია; კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC) დირექტორი, ქალბატონი სოფიკო ახობაძე; საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი რატი კოჭლამაზაშვილი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან აუდიტორიის წინაშე წარსდგა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე. მომხსენებლებმა თავიანთ გამოსვლებში აღნიშნეს თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად ხორბალს მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებაში, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ქართულ ხორბალზე, რომელიც გამორჩეული ნიშან-თვისებებით ხასიათდება და რის გამოც მას ფართოდ იყენებენ სელექციურ საქმიანობაში. მსოფლიოში გავრცელებული ხორბლის 27 სახეობიდან საქართველოში 14 სახეობას ვხვდებით, რომელთაგან 5: ჩელტა ზანდური (Triticum timopheevii), კოლხური ასლი (Triticum palaeocolchicum), მახა (Triticum macha), ჰექსაპლოიდური ზანდური (Triticum zhukovskyi) და დიკა (Triticum carthlicum) – საქართველოს ენდემია, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში გავრცელებული ხორბლის სახეობების ნახევარზე მეტში ქართული გენი დევს. ქართული ხორბლის სახეობები უნიკალურია თავისი გენეტიკური და სელექციური თვალსაზრისითაც, რადგან ახასიათებთ ისეთი მნიშვნელოვანი თვისებები, როგორიცაა: დაავადებებისადმი კომპლექსური იმუნიტეტი, სტერილურობისადმი გამძლეობა, ცილის მაღალი შემცველობა, ადაპტაციის მაღალი უნარი, თავთავის ღერაკის მაღალი ელასტიკურობა, გამძლეობა თავთავის ტყდომისადმი და თავთავიდან მარცვლის ცვენადობისადმი, თავთუნებიდან მარცვლების ადვილად გამოლეწვის უნარი და სხვ. gurami

გარდა ამისა მომხსენებლებმა ისაუბრეს ქართველთა ყოფაში ხორბლის მნიშვნელობაზე და იმ ტრადიციებზე, რომელიც ხორბის მოყვანასა და მის ნამზადთან არის დაკავშირებული. კერძოდ, ხაზი გაუსვეს იმას, რომ პურის ცხობა საქართველოში ძველთაგანვე კეთილშობილურ საქმედ მიიჩნეოდა. ცხვებოდა მრგვალი, გრძელი, ოთხკუთხედი, ადამიანისა და ცხოველის გამოსახულებით, გულიანი ნამცხვრები და სხვ. დანიშნულების მიხედვით იყო რიტუალური, საოჯახო, სასტუმრო. რიტუალურს განეკუთვნებოდა მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული, ღვთაებათა თაყვანსაცემად, ბუნების ძალთა აღორძინებასთან დაკავშირებით და სხვა. პურის სახეობებს სხვადასხვა ფუნქციის შესრულება ჰქონდა დაკისრებული: ყოველდღიურად ჯალაბთ სანაყრი იყო, სტუმრის დაპურების ძირითადი საშუალება. სახატო, სათემო, საოჯახო, ლხინისა თუ მწუხარების სუფრის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი. ხაზგასმით აღინიშნა, რომ დღესაც ჩვენში პურის გარეშე არ არსებობს სუფრა, სალხინო იქნება ეს თუ მწუხრის.

მისალმების შემდეგ კონფერენციის მუშაობის პროგრამის შესაბამისად გაიმართა I სესიის მუშაობა, რომლის მოდერატორებიც გახლდნენ: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარცვლოვან კულტურათა სამსახურის უფროსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი ცოტნე სამადაშვილი და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ეთნოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი ქეთევან ხუციშვილი. I სესიაზე მოსმენილი იქნა როგორც ქართველი, ისე უცხოელი მეცნიერების მიერ გაკეთებული არაერთი საინტერესო მოხსენება, რომელთაგან აღსანიშნავია: ქართული ხორბლის ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები (ლ. უჯმაჯურიძე, ც. სამადაშვილი, გ. ჩხუტიაშვილი); ხორბალი ტრადიციულ ქართულ ყოფით და სარიტუალო პრაქტიკაში (ქ. ხუციშვილი); შენიშვნები ხორბლის 4.5 ენდემური სახეობის შესახებ და მათი ადგილი Triticum-ის ახალ კლასიფიკაციაში (მ. სლაგერენი); ქართული ხორბალი და მისი მოხმარების სოციალურ-კულტურული ასპექტები (ნ. შოშიტაიშვილი, გ. ჩხუტიაშვილი); უძველესი ხორბლის სახეობები ქვემო ქართლის ნეოლითური ნამოსახლარებიდან (ნ. რუსიშვილი); და სხვ.

me 6 თებერვალს II სესიამ მუშაობა დილის 10 საათიდან დაიწყო. მსმენელთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა მოხსენებებმა: სარიტუალო პურები და ქართულ-ევროპული პარალელები (რ. გუჯეჯიანი); ხორბლის მოყვანის ტრადიცია ართვინის რეგიონში (თურქეთის რესპუბლიკა) (გ. უზთურქი); პურის ცხობის ტრადიციები კახეთის ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით (თ. გვიმრაძე); ქართული გენეტიკური ხაზის როლი რბილი ხორბლის წინაპრის - Aegilops tauschii Coss.-ის ევოლუციაში (ი. მაცუოკა); ხორბლის მოყვანასთან დაკავშირებული ეთნომუსიკალური ტრადიციები აღმოსავლეთ საქართველოში (ნ. ვალიშვილი) და სხვ.

II სესიის დასრულების შემდეგ კონფერენციის მუშაობა შეაჯამეს მოდერატორებმა: ქალბატონმა ქ. ხუციშვილმა და ბატონმა ც. სამადაშვილმა. უცხოელმა სტუმრებმა, ბატონებმა: მ. სლაგერენმა, ი. მაცუოკამ; ქალბატონებმა: მ. მარკოვამ, გ. უზურთურქმა, ასევე ქართველმა მეცნიერება მადლობა გადაუხადეს კონფერენციის ორგანიზატორებს მეტად მნიშვნელოვანი კონფერენციის ორგანიზებისათვის და იმედი გამოთქვეს, რომ იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში ქართული ხორბლის ნამზადის რიტუალიც დაემატება.

კონფერენცია დახურა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, აკადემიკოსმა ლ. უჯმაჯურიძემ, რომელმაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილესთან აკადემიკოს ა. გიორგაძესთან ერთად სამახსოვრო სერტიფიკატები გადასცა კონფერენციის უცხოელ და ქართველ მონაწილეებს. აღნიშნულის შემდეგ აკადემიკოსმა ლ. უჯმაჯურიძემ დიდი მადლობა გადაუხადა კონფერენციის მუშაობაში ჩართულ თითოეულ მონაწილეს და წარმატება უსურვა შემდგომ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.

კონფერენციის მონაწილეებმა, კონფერენციის ორგანიზატორებთან ერთად გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები, რის შემდეგ მოწვეული უცხოელი სტუმრებისათვის მოეწყო ექსკურსია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 60-ზე მეტმა მეცნიერ-მკვლევარმა, დაიბეჭდა სამეცნიერო შრომათა თეზისები, რომელშიც გაშუქდა 31 სამეცნიერო ნაშრომი. მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო ჩანთები, საწერ-კალმები, ბლოკნოტები. კონფერენციის ორივე დღე გაშუქებული იყო საფერავი ტვ-სა და სხვა ტელევიზიების მიერ.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com